მეუღლეზე მოძალადე მამაკაცს ბრალდება წარედგინა

© photo: Sputnik
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2022
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ პირს, რომელიც სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ოჯახური ძალადობის, მუქარისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მეუღლეს ხშირად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ ამყოფებდა, რის გამოც დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა.
25 ოქტომბერს დაკავებულ პირს ბრალდება სსკ-ის 11 პრიმა, 126-ე (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ განხორციელებული სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), 11 პრიმა 151-ე (სისტემატური სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) და 11 პრიმა 115-ე (ოჯახის წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით, ჩადენილი გენდერის ნიშნით) მუხლებით წარედგინა.
პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0