უცვლელი, მაგრამ მკაცრი: ეროვნულმა ბანკმა მონეტარულ პოლიტიკაზე გადაწყვეტილება მიიღო

© photo: Sputnik / Stringerეროვნული ბანკის და იუსტიციის სახლის შენობა
ეროვნული ბანკის და იუსტიციის სახლის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2022
გამოწერა
რეგულატორის მონაცემებით, საქართველოში ინფლაციამ ზრდის პიკი გაიარა, თუმცა მაღალ დონეზე რჩება.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ 11%-ს შეადგენს.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამჟამად ინფლაციური წნეხი კვლავ საკმაოდ მაღალია როგორც საქართველოში, ასევე დანარჩენ მსოფლიოში.
რეგულატორის მონაცემებით, საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი გაიარა, თუმცა ჯერ კიდევ მაღალ დონეზეა. ინფლაციამ სექტემბერში წლიური 11,5 პროცენტი შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელი 3%).
ამავე დროს, ეროვნული ბანკი იმედოვნებს, რომ ლარის გაცვლითი კურსის გამყარების ფონზე მსოფლიო ტენდენცია სურსათზე ფასების შემცირების ასპექტში ქართულ ბაზარზეც აისახება.

„თუმცა, მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, გაურკვევლობა კვლავ მაღალია. ამავე დროს, ინფლაციის შემცირების რისკებს მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივი პერიოდით გადახრაც აძლიერებს“, – განმარტეს ეროვნულ ბანკში.

რეგულატორი აღნიშნავს, რომ მიგრაციული ნაკადების გაზრდამ სტიმული მისცა ეკონომიკურ ზრდას და მიმდინარე წლის პირველი რვა თვის საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 10,3 პროცენტი შეადგინა
„შედეგად, მოთხოვნიდან მომავალი ინფლაციური რისკები გამწვავდა, მიუხედავად იმისა, რომ ამას საგარეო შემოდინებების შედეგად გამყარებული ლარის გაცვლითი კურსი ნაწილობრივ აბალანსებს“, – აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.
რეგულატორი ასევე აღნიშნავს, რომ საკრედიტო აქტივობის ზრდამ შენელება დაიწყო. მოსალოდნელია, რომ ეს ეფექტი მომავალში გაძლიერდება.
ეროვნული ბანკის პროგნოზით, წლის ბოლომდე ინფლაცია კვლავ მაღალი იქნება, თუმცა ეტაპობრივ შემცირებას გააგრძელებს და 2023 წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება.
ეროვნული ბანკი არ გამორიცხავს, რომ რეფინანსირების განაკვეთი მომავალში გამკაცრდეს.
მარეგულირებელმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება 2020 წლის აპრილიდან დაიწყო. ამას წინ უძღოდა გრძელვადიანი გამკაცრების პერიოდი, რომელიც მარეგულირებელმა 2019 წლის სექტემბრიდან ლარის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციური ზეწოლის გასანეიტრალებლად დაიწყო.
2019 წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში მან 8%-მდე დაიწია. თუმცა 2021 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე განაკვეთი ისევ გაიზარდა – 8%-დან 10,5%-მდე.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა მიმდინარე წლის 21 დეკემბერს ჩატარდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0