სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე „ქართული ოცნების" წევრი გახდა

© photo: Sputnik / Stringer"ქართული ოცნება"
ქართული ოცნება - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2022
გამოწერა
სენაკის საკრებულოში უმრავლესობა მმართველმა გუნდმა 2022 წლის 1 ოქტომბერს გამართული შუალედური არჩევნების შემდეგ მოიპოვა.
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი საბა ოდიშარია გახდა.
დღეს გამართულ სხდომაზე ოდიშარიას კანდიდატურას „ქართული ოცნების“ 17-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
საკრებულოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა და, შესაბამისად, კენჭისყრაშიც არ მიიღო მონაწილეობა ოპოზიციამ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 12-მა და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის 4-მა წევრმა. ოპოზიციონერების განმარტებით, მათ არ სურთ მონაწილეობის მიღება სხდომაში, რომლის მიზანიც მხოლოდ თანამდებობების გადანაწილებაა და არა მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა.
თანაგუნდელებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ.

„დასრულდა თითქმის ერთწლიანი კრიზისი სენაკის საკრებულოში. დღეიდან საკრებულო სრულფასოვნად იმუშავებს“, – განაცხადა ოდიშარიამ.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობა მმართველმა გუნდმა 2022 წლის 1 ოქტომბერს გამართული შუალედური არჩევნების შემდეგ მოიპოვა. დეპუტატის სავარძელი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს ვახტანგ წურწუმიას უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. არჩევნებში გაიმარჯვა მმართველი პარტიის კანდიდატმა ზაზა ყურაშვილმა. შესაბამისად, ახლა „ქართულ ოცნებას“ სათათბირო ორგანოში 17 წევრი ჰყავს.
სენაკის საკრებულო ამ დრომდე თავმჯდომარის გარეშე იყო დარჩენილი. მუნიციპალიტეტის რაიონულმა სასამართლომ აგვისტოს შუა რიცხვებში უკანონოდ ცნო ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრის ირაკლი კაჭარავას საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე არჩევა.
ახალი თავმჯდომარის არჩევა ამ დრომდე შეუძლებელი იყო, რადგან საკრებულოში არც მმართველ პარტიას და არც ოპოზიციას უმრავლესობა არ ჰყავდა. ვახტანგ წურწუმიას წასვლის შემდეგ სენაკის საკრებულოში მმართველ პარტიასაც და ოპოზიციასაც 16–16 მანდატი ჰქონდათ.
ყველა ახალი ამბავი
0