ნამდვილი ამბავი: საბანკო შეცდომამ 22 წლის უმუშევარი ბიჭი მილიონერად აქცია

CC BY 2.0 / Tax Credits / Cash Machineდოლარის კუპიურები ბანკომატიდან
დოლარის კუპიურები ბანკომატიდან - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2022
გამოწერა
ერთ უსიამოვნო დღეს ახალგაზრდა კაცმა ცუდი ამბავი გაიგო — სამსახური დაკარგა. მაგრამ ხეირიანად ნერვიულობა ვერ მოასწრო, რადგან ბანკმა შეცდომით ულიმიტო კრედიტი გაუხსნა!
რა მოხდა შემდეგ, როგორი თავაწყვეტითა და რაში ხარჯა ავსტრალიელმა ლუკ მურმა „ნაჩუქარი“ კრედიტი, ის თავად გიამბობთ.
© Luke Brett Mooreლუკ მური
ლუკ მური - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2022
ლუკ მური
„არ დაიჯერებთ, მაგრამ ფულის მითვისებას არ ვაპირებდი. ველოდებოდი, რომ ბანკიდან ვინმე დამირეკავდა და მეტყოდა, ფული დააბრუნეო.
2010 წელს ბანკში ჩვეულებრივი ანგარიში მქონდა, საიდანაც იპოთეკას, სამედიცინო დაზღვევასა და სხვა გადასახადებს ვიხდიდი. მერე ავტოავარიაში მოვყევი და… ახლა ზუსტად არ მახსოვს რატომ, მაგრამ ჩემი ანგარიში St George-დან სხვა ბანკში გადავიდა.
სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ პირველი კვირა ძალიან ვნერვიულობდი — არ ვიცოდი, საიდან და რით უნდა დამეფარა იპოთეკა. მაგრამ გადახდის დღე რომ მოვიდა, ძველი ბანკიდან, St George-დან შეტყობინება მივიღე, ამ თვის გადასახადი გადახდილიაო.
გამიხარდა.
გავიდა ორი კვირა და ისევ მივიღე შეტყობინება, თქვენი ანგარიშიდან იპოთეკის თანხა 500 დოლარი დაფარულიაო… და ასე გრძელდებოდა მთელი ერთი წელი. ბანკიდან კი არავინ მირეკავდა.
ჰოდა, ერთ დღესაც ჩემს საკრედიტო კომპანიაში დავრეკე და ვკითხე, ხომ არ გამომიყოფდით ჩემი ანგარიშიდან 5 ათას დოლარს უაქცეპტოდ-მეთქი? (აქცეპტი — ბანკის თანხმობა გადასაპირებელ თამასუქზე აღნიშნული თანხის გადახდის გარანტიის შესახებ - რედ.). ორიოდე დღეში კი 50 ათასი დოლარი მოვითხოვე და… ორივე მოთხოვნა დამიკმაყოფილეს!
შოკში ვიყავი. აღმოვაჩინე, რომ პრაქტიკულად ულიმიტო კრედიტზე მქონდა წვდომა.
ვიყიდე პირველი მანქანა ჩემს ცხოვრებაში — Alfa Romeo 156, ოდნავ მოგვიანებით კი სამკარიანი და მინისჭერიანი Hyundai Veloster შევიძინე, რათა სიდნეიში ჩავსულიყავი და Maserati მეყიდა, რომელიც 36 ათასი დოლარი დამიჯდა.
გიჟური დრო დამიდგა. სულ 22 წლისა ვიყავი და სტრიპ-კლუბების, გოგოებისა და ალკოჰოლის მეტზე არც არაფერზე ვფიქრობდი… ავარიის შემდეგ ახალი დამდგარი ვიყავი ფეხზე და თანაც პირველად 14 წლის ასაკის შემდეგ – უმუშევარი. ძველ შეყვარებულს დავშორდი და ბრისბენის სიახლოვეს, ოქროს სანაპიროზე გადავედი საცხოვრებლად.
ერთ უქმე დღეს „სერფერების სამოთხეში“ გავფრინდი, იქაურობა მომეწონა და დარჩენა გადავწყვიტე. რა მენაღვლებოდა? უამრავი ფული მქონდა და გართობა-მხიარულებას დავეწაფე — ასობით ათას დოლარს ვხარჯავდი გოგოებსა და დროსტარებაში.
ჰო, კიდევ კატარღა, ბენქსის გაკეთებული ათფუნტიანი კუპიურა და მაიკლ ჯორდანის მაისური ვიყიდე. ეს ბოლო ორი ყველაზე მეტად მეძვირფასებოდა.
ბანკი St George კი ისევ და ისევ მაძლევდა ფულს.
დედაჩემი თავიდან ფიქრობდა, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობა დავიწყე. მერე მიხვდა, რომ ამის გამკეთებელი არ ვიყავი…
2012 წელი იყო, მე და დედა ჩემს ძველ სახლში ვიყავით, რომ უცბად ფანჯარაზე ვიღაცამ მოაკაკუნა. სანამ კარამდე მივიდოდი გასაღებად, პოლიცია თვითონ შემოიჭრა სახლში. მეც და დედაჩემიც ადგილზე გაგვაკავეს. ისეთი შეიარაღებულები იყვნენ, ეტყობა, ეგონათ, რომ ვიღაც თავზეხელაღებულ განგსტერთან ჰქონდათ საქმე.
მოკლედ, გამომიცხადეს, დაპატიმრებული ხარ, შენი ქონება კი კონფისკაციას ექვემდებარებაო. ღამე პოლიციაში გავატარე. დილით კი გირაოს სანაცვლოდ შინ გამიშვეს.
საბოლოოდ თაღლითურად ფულადი სახსრების მითვისებაში დამდეს ბრალი და 4,5 წელი მომისაჯეს. არ მეგონა, რომ ჩაჯდომა მომიწევდა. მეგონა გამამართლებდნენ…
უფასო ადვოკატი უნდა ამეყვანა, მაგრამ ეს მიმართულება ძალიან ცუდად ფინანსდება და არცერთ სახელმწიფო ადვოკატს არ უნდოდა ჩემი საქმის აღება.
ციხეში უსაშველოდ გამიჭირდა. ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. სასამართლო ექვსი თვის შემდეგ იყო ჩანიშნული. სხვა გზა არ მქონდა, რაღაც უნდა მეღონა, რომ იქაურობისთვის თავი დამეღწია... და იმდენი იურიდიული წიგნი და კანონი წავიკითხე, რამდენიც ამ ხნის განმავლობაში შეიძლებოდა წამეკითხა.
სასამართლოზე თავად ვიყავი საკუთარი თავის ადვოკატი. თანაც, არცთუ ურიგო, იმიტომ რომ… ავსტრალიური კანონმდებლობის თანახმად, თურმე, საერთოდაც არ ვიყავი ვალდებული, მეცნობებინა ბანკისთვის, რაც ხდებოდა!
მოსამართლემ მითხრა, მართალია, უსინდისოდ მოიქეცი, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ამორალური ქცევა პატიმრობის საფუძველს არ იძლევაო, და შინ გამიშვა.
და, მაინც, მგონია რომ არ გამიმართლა. გამართლება ის იქნებოდა, ბანკს რომ საკუთარი შეცდომა ვერ აღმოეჩინა“.
წყარო: BBC
ყველა ახალი ამბავი
0