„ველური და ამაზრზენი“: RT-მ უკრაინელ ბავშვებზე ნათქვამისთვის წამყვანი გაათავისუფლა

  - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2022
გამოწერა
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ტელეარხმა RT-მ (Russia Today) შეწყვიტა თანამშრომლობა წამყვან ანტონ კრასოვსკისთან, რომელმაც მანამდე ტელეარხის კოლექტივისთვის სრულიად მიუღებელი განცხადებები გააკეთა უკრაინელ ბავშვებთან დაკავშირებით, წერს RT-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი საკუთარ Telegram-არხზე.

„ამ მომენტისთვის მე ვაჩერებ თანამშრომლობას [კრასოვსკისთან], ვინაიდან ვერც მე და ვერც RT-ს დანარჩენი კოლექტივი ვერ მივცემთ თავს უფლებას, თუნდაც აზრმა გაიელვოს იმის შესახებ, რომ რომელიმე ჩვენგანი მსგავს სიგიჟეს იზიარებს“, — დაწერა სიმონიანმა.

კრასოვსკის გამონათქვამი მან „ველურად და ამაზრზენად“ შეაფასა და არ გამორიცხა, რომ ტელეწამყვანი განმარტავს, „რა დროებითმა სიგიჟემ“ აიძულა ის, „ამოეშვა პირიდან“ ის, რაც თქვა.
„უკრაინელ ბავშვებს, ასევე დონბასელ ბავშვებსა და ყველა სხვა ბავშვს ვუსურვებ, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და მათ კვლავ მშვიდად იცხოვრონ და ისწავლონ — იმ ენაზე, რომელსაც მშობლიურად მიიჩნევენ“, — დაწერა მარგარიტა სიმონიანმა.
მანამდე, 23 ოქტომბერს ანტონ კრასოვსკი ტელეეთერში მწერალ სერგეი ლუკიანენკოს ესაუბრებოდა, რა დროსაც ლუკიანენკომ უკრაინაში, კარპატებში გატარებული ბავშვობა გაიხსენა. როგორც მწერალმა თქვა, იქაურ ბავშვებს მიაჩნდათ, რომ უკრაინა „მოსკალების მიერ იყო ოკუპირებული“, და რომ არა ოკუპაცია, უკრაინელები ფრანგებივით იცხოვრებდნენ.
„თანაც ეს უკრაინელი ბავშვები კი არ იყვნენ, არამედ რუსები, რუსული გვარების მქონე ბიჭები“, — თქვა ლუკიანენკომ.
ამ დროს კრასოვსკიმ მწერალს სუბარი შეაწყვეტინა და განაცხადა, რომ ასეთი ბავშვები „აქაფებულ მდინარეში დახრჩობის ღირსები“ იყვნენ, რომ „კარპატები ამაზრზენია. იქ ყველა ქოხს სმერეკოვის ქოხი ჰქვია. პირდაპირ ამ სმერეკოვაში უნდა შეყარო და დაწვა ასეთი ბავშვები“.
აღსანიშნავია, რომ ანტონ კრასოვსკიმ, მას შემდეგ, რაც RT-მ მასთან თანამშრომლობა შეწყვიტა, საჯაროდ მოიხადა ბოდიში და განაცხადა, რომ „ზღვარი ვერ დაინახა“.
ყველა ახალი ამბავი
0