აზერბაიჯანის პრეზიდენტის თვითმფრინავი თბილისში დაეშვა

© photo: Sputnik / Алексей Куденко / გადასვლა მედიაბანკშიილჰამ ალიევი
ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2022
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება აზერბაიჯანის ლიდერისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა.
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სამუშაო ვიზიტით თბილისში ჩამოვიდა – მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაჯდა.
სტუმარს აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დახვდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება აზერბაიჯანის ლიდერის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. მოგვიანებით პოლიტიკოსები მასმედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

„სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ექნებათ შესაძლებლობა, ერთი მხრივ, განიხილონ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გვაქვს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში... მეორე მხრივ, რეგიონული გამოწვევების ფონზე მეორე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც განიხილება, არის ის, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს ორმა სახელმწიფომ ჩვენს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის სფეროებში.
საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების ფარგლებში – ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, სამხრეთის გაზის დერეფანი და ა.შ.
აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის.
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის იანვარი–სექტემბერში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21,3%-ით გაიზარდა და 959,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0