საქართველო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ემზადება

© courtesy of Georgian Football Federation საქართველო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება
საქართველო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2022
გამოწერა
ევრო-2023-ის ახალგაზრდული გუნდების ფინალური მატჩი ჩატარდება ბათუმში, ხოლო გახსნის მატჩი – რუმინეთში.
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატისთვის 21-წლამდელთა მზადება აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ბუქარესტში ფინალური ეტაპის წილისყრაზე განაცხადა.
უეფას გადაწყვეტილებით, 21-წლამდელთა ევროპის 24-ე ჩემპიონატი ორ ქვეყანაში გაიმართება. ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.

„ჩემპიონატისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს როგორც საორგანიზაციო, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები წარმატებით ემზადება მომავალი ჩემპიონატისთვის. გუნდს აქვს სურვილი და, ვფიქრობ, რესურსი, რომ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზოს“, – განაცხადა კობიაშვილმა.

მისი თქმით, ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში საქართველოში უამრავი ახალგაზრდა ვარსკვლავი ჩამოვა, რაც ასევე ხელს შეუწყობს ფეხბურთის პოპულარიზაციას.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგე გუნდებს, ტურნირის მასპინძლები პორტუგალიის, ნიდერლანდისა და ბელგიის ნაკრებებთან ერთად A ჯგუფში მოხვდნენ.
„ევრო 2023“-ის ახალგაზრდული გუნდების ფინალური მატჩი ჩატარდება ბათუმში, ხოლო გახსნის მატჩი – რუმინეთში. ჯგუფური მატჩები საქართველოში გაიმართება ოთხ სტადიონზე – ბათუმში, ფოთსა და თბილისში (ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე" და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე).
ყველა ახალი ამბავი
0