მოსაზრება: გაზის ახალი ჰაბი თურქეთში - რა არის ეს, რისთვისაა საჭირო და რა რისკები ახლავს

© AP Photo / Murad Sezer
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2022
გამოწერა
იგორ იუშკოვი
გასულ ოთხშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2022 წლის ენერგეტიკული კვირეულის საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლისას თურქეთში დიდი გაზის ჰაბის შექმნის შესაძლებლობაზე ისაუბრა, რომელმაც მწყობრიდან გამოსული „ჩრდილოეთის ნაკადები“ უნდა ჩაანაცვლოს.
მეორე დღეს, 13 ოქტომბერს ეს ინიციატივა უკვე რუსეთის ლიდერსა და მის თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის განიხილებოდა ორმხრივ შეხვედრაზე, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას.
სახელმწიფოს მეთაურებმა გაზის ეროვნულ კომპანიებს („გაზპრომი“ და თურქული „ბოტასი“) დაავალეს, რაც შეიძლება მალე შეიმუშავონ პროექტი თურქეთის ევროპულ ნაწილში ჰაბის შესაქმნელად.
ახალი გაზის ცენტრის შექმნის ინიციატივის განვითარების ასეთი სწრაფი ტემპი ბევრ კითხვას აჩენს: რა ჰაბი იქნება ეს, რატომ არის საჭირო და როგორ იმუშავებს?
ახალი პროექტის ისტორიაში ყველაზე გასაგები რუსეთის ხელმძღვანელობის ზოგადი იდეაა. რუსეთი მთლიანად ცვლის სტრატეგიას ევროპელ გაზის მომხმარებლებთან ურთიერთობის კუთხით. თუ ათწლეულების წინ მოსკოვი ცდილობდა მიეწოდებინა გაზი ევროპაში ბოლო მომხმარებლისთვის, საკუთარი ხარჯებით აშენებდა გაზსადენებსა და საკუთარ თავზე იღებდა საწვავის მიწოდების რისკებს, ახლა რუსეთი იმედგაცრუებულია ასეთი სტრატეგიით.
გარდა იმისა, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და საზოგადოება რუსეთის მსგავს ქმედებებს არ აღიქვამდნენ კონსტრუქციული თანამშრომლობის სურვილის მტკიცებულებად, ეს ასევე მუქარადაც განიმარტა.
თავიდან ევროკავშირმა „გაზპრომის“ ბაზრიდან გამოდევნა დაიწყო ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის საბაბით. ევროპელებმა განაცხადეს, რომ ანტიმონოპოლიური კანონების ნაკრები, რომელიც ცნობილია როგორც „ევროკავშირის მესამე ენერგეტიკული პაკეტი“, რუსეთის წინააღმდეგ კი არ იყო მიმართული, არამედ კონკურენციის ხელშეწყობისთვის იყო შექმნილი. მაგრამ პრაქტიკაში თითქმის ყველა სხვა მიმწოდებელმა მიიღო გამონაკლისები ამ კანონებიდან მათი გაზსადენებისთვის. ხოლო „გაზპრომს“ ევროპული ხელისუფლება აიძულებდა, მილები ნახევრად ცარიელი ჰქონოდა. მაგალითად, ასეთი იყო „ჩრდილოეთი ნაკადის“ გაგრძლება გერმანიაში Opal.
იმისათვის, რომ საერთაშორისო კომპანიებს „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის დაკრედიტებაზე უარი ეთქვათ, 2019 წელს ევროკავშირმა გააფართოვა თავისი ანტიმონოპოლიური კანონი („გაზის დირექტივა“) ოფშორულ გაზსადენებზე. ფორმალურად ეს იყო კანონები ყველასთვის, მაგრამ პრაქტიკაში რეგულირების ქვეშ მხოლოდ ერთი პროექტი, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მოექცა.
2022 წელს რუსული გაზსადენების მიმართ უკვე ღია წინააღმდეგობა დაიწყო. პოლონეთმა რეალურად მოახდინა „გაზპრომის“ წილის ნაციონალიზაცია ნავთობსადენ Yamal-Europe-ს პოლონურ მონაკვეთზე. სექტემბრის ბოლოს კი ევროპულმა ქვეყნებმა დაუშვეს რუსული გაზსადენების აფეთქება მათ ტერიტორიაზე (შეტევები განხორციელდა დანიისა და შვედეთის წყლებში).
ამ ყველაფრის საპასუხოდ რუსეთის ხელმძღვანელობამ ევროპელ კლიენტებზე გაზის გაყიდვის სტრატეგიის გადახედვა მოისურვა: თუ არ გინდათ, რომ გაზი პირდაპირ თქვენს ბაზრებზე მოგეწოდოთ, მაშინ მას ევროპის საზღვრამდე მოვიტანთ, იქიდან კი თავად მიიყვანეთ თქვენს მომხმარებლებამდე − საკუთარი ხარჯით ააშენეთ ინფრასტრუქტურა, თავზე აიღეთ ტრანზიტის ყველა რისკი და ა.შ.
მაგრამ თურქეთში გაზის ჰაბის შექმნა არც ისე მარტივია. ამ ინიციატივის განსახორციელებლად რუსეთმა მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს გაზის მიწოდება ქვეყნის ევროპულ ნაწილში. ამჟამად თურქეთში გაზსადენი „ცისფერი ნაკადი“ და „თურქული ნაკადის“ ორი ტოტი გაედინება. აქედან ერთი ტოტი თურქული მომხმარებლების საჭიროებებისთვისაა, მეორე კი თურქეთიდან ბულგარეთში მიდის და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს – სერბეთს, რუმინეთს, საბერძნეთს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და უნგრეთს ამარაგებს.
ყველა გაზსადენი სრულადაა დატვირთული. ახალი ჰაბის საჭიროებისთვის რუსული გაზის დამატებითი მოცულობის თურქეთისთვის მიწოდების მიზნით საჭირო იქნება გაზსატრანსპორტო სისტემის გაფართოება იამალიდან ანაპამდე, სადაც „თურქული ნაკადის“ გაზის საკომპრესორო სადგური მდებარეობს. ამის შემდეგ საჭირო იქნება გაზსადენების დამატებითი ტოტების მშენებლობა.
უნდა გვესმოდეს, რომ თურქეთში ახალი გაზის ჰაბის პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე „ჩრდილოეთის ნაკადების“ მსგავსი მოცულობების მიწოდებაზე საუბარი არ არის. ამ გაზსადენების ჯამური სიმძლავრე 110 მილიარდი კუბური მეტრია. თურქული საექსპორტო მიმართულების გაფართოების შემთხვევაში მანამდე დახურული პროექტის, „სამხრეთის ნაკადის“ ტექნიკურ პარამეტრებამდე დაბრუნება ივარაუდება.
შეგახსენებთ, რომ ეს პროექტი ითვალისწინებდა შავის ზღვის ფსკერზე გაზსადენის მშენებლობას რუსეთიდან ბულგარეთისკენ, რომლის სიმძლავრეც 63 მილიარდი კუბური მეტრი იქნებოდა. თუმცა, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ზეწოლის შედეგად სოფიამ 2014 წელს უარი თქვა პროექტის განხორციელებაზე.
იმ დროისათვის, როდესაც ბულგარეთის ხელმძღვანელობამ „სამხრეთის ნაკადზე“ უარი თქვა, „გაზპრომს“ უკვე აშენებული ჰქონდა გაზსადენების პირველი რიგი იამალიდან ანაპამდე (31,5 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში). ამიტომ გადაწყდა, რომ პროექტი მთლიანად კი არ მიეტოვებინათ, არამედ საზღვაო ნაწილი თურქეთში შეეყვანათ. ასე გაჩნდა პროექტი „თურქული ნაკადი“, რომელიც ფაქტობრივად „სამხრეთ ნაკადის“ ნახევარი გახდა.
ახლა კი საუბარია იმაზე, რომ დასრულდება იამალიდან ანაპამდე გაზის დერეფნის მეორე ნაწილი, გაიზრდება გაზის საკომპრესორო სადგურის სიმძლავრე და გავა საზღვაო მონაკვეთის კიდევ ორი ​​ხაზი. ეს საშუალებას გააჩენს, არ დაიკარგოს დრო ახალ პროექტირებაზე.
თურქეთში გაზის ჰაბის პროექტის განხორციელების მთავარი პრობლემა ის არის, რომ არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ევროპელი მყიდველები მიიღებენ მასში მონაწილეობას. ჯერ პროექტზე მოლაპარაკებები რუსეთსა და თურქეთს შორის მიმდინარეობს, მაგრამ ევროპული კომპანიების ჩართვა დიალოგში აუცილებლად იქნება საჭირო.
თურქეთამდე ახალი გაზსადენების აშენებისთვის რუსეთს რამდენიმე წელი და მინიმუმ რამდენიმე მილიარდი დოლარი დასჭირდება. ამავდროულად ევროპელი პოლიტიკოსები და კომპანიებიც კი მთელი 2022 წლის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ რამდენიმე წელიწადში საბოლოოდ შეწყვეტენ რუსული გაზის ყიდვას. და აქ არ აქვს მნიშვნელობა, შეძლებენ თუ არა ალტერნატიული მომწოდებლების პოვნას, თუ უბრალოდ შეამცირებენ რუსული გაზის მოხმარებას მრეწველობის დახურვის გზით. რუსულ გაზზე მოთხოვნის გარანტიების გარეშე მომავალი თურქული ჰაბისთვის ინფრასტრუქტურის მშენებლობა ძალიან დაუფიქრებელი ნაბიჯია.
თავად „გაზპრომი“ ყოველთვის ამბობდა, რომ გაზი ჯერ უნდა გაყიდო და მერე მოიპოვო. რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტირების დაწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ინვესტიციის დაბრუნების გარანტიები არსებობს გრძელვადიანი კონტრაქტების სახით. ამ დროისათვის რუსეთს ასეთი გარანტიები არ აქვს. ამიტომ თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის პროექტი ძალიან ფრთხილად და საფუძვლიანად უნდა დამუშავდეს, სანამ რაიმე მშენებლობა დაიწყება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0