მიმოხილვა: რას შეეჯახა აშშ-ის ეკონომიკა

© AP Photo / Julia Nikhinson
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2022
გამოწერა
ირინა კრასიკოვა
დასავლელი ანალიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ ამერიკის ეკონომიკა ერთ წელიწადში აუცილებლად ჩავარდება რეცესიაში. ხელისუფლება საპროცენტო განაკვეთების გაზრდას განაგრძობს, ცდილობს რა შეაკავოს რეკორდული ინფლაცია. თუმცა ეს უმუშევრობის ზრდასა და ეკონომიკურ რეცესიას გამოიწვევს. რა ელის შეერთებულ შტატებს უახლოეს მომავალში - წაიკითხეთ „რია ნოვოსტის“ მასალაში.

რეცესია გარდაუვალია

Bloomberg-ის ეკონომისტები შეერთებულ შტატებში რეცესიას 2023 წლის ოქტომბრისთვის 100-პროცენტიანი ალბათობით პროგნოზირებენ. წარმოების შემცირება რეკორდული ინფლაციის გამო მოხდება. სექტემბერში მისმა წლიურმა მაჩვენებლმა 8,2 პროცენტი შეადგინა. ოკეანის გაღმა ამას მიჩვეულები არ არიან. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ფასები წელიწადში ორ პროცენტზე ნაკლებით იზრდებოდა.
თუმცა ახალი პირობები ქამრების შემოჭერას აიძულებს ხალხს, რომლებიც საკვებსა და ბენზინზე აკეთებენ ეკონომიას. საწვავი შინამეურნეობის ხარჯების ლომის წილს შეადგენს. ამერიკელების თითქმის ნახევარი ჯო ბაიდენს ადანაშაულებს ფასების ზრდაში. სახელმწიფოს მეთაური არ ეთანხმება პრეტენზიებს. მაგალითად, კალიფორნიაში, მისი აზრით, ერთი გალონი საწვავი „ყოველთვის შვიდი დოლარი ღირდა“.
დემოკრატის ამ სიტყვებმა რესპუბლიკელების აღშფოთება გამოიწვია. „ბოდიში, ბატონო პრეზიდენტო, მაგრამ კალიფორნიაში გალონი ბენზინი ყოველთვის შვიდი დოლარი არ ღირდა. სინამდვილეში, სანამ პრეზიდენტი გახდებოდით, ხუთი დოლარიც კი ძალიან ძვირად ითვლებოდა", – წერს სენატის წევრობის კანდიდატი მარკ მაიზერი ირონიით.
„თქვენ აშკარად არ იცით, როგორ ანადგურებს თქვენი პოლიტიკა ერს”, – დასძენს ის.
პოლიტიკოსების თქმით, ბენზინის საშუალო ფასი თითქმის ოთხი დოლარით გაიზარდა.
„კარგი სამუშაოა, ბაიდენ, გმადლობთ, რომ დაგვეხმარეთ რეკორდულად მაღალი ფასების მიღწევაში“, – უკბინა პრეზიდენტს კალიფორნიის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ჯესიკა მილანმა.
უფრო მეტიც, პრეზიდენტის თქმით, შეერთებულ შტატებში რეცესია ნაკლებად სავარაუდოა.
ბაიდენს ეხმაურება მისი ეკონომიკური მრჩეველი სესილია როუზი. მისი თქმით, ფასების ზრდის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები ეფექტური იყო. უფრო მეტიც, შეერთებული შტატები სხვა ქვეყნებზე ნაკლებად დაზარალდა.
მაგრამ ანალიტიკოსების შიში დაჩქარებულ ინფლაციასთან ფედერალური სარეზერვო სისტემის აქტიური ბრძოლის ფონზე უფრო გაძლიერდა. მარეგულირებელმა მოულოდნელად შეცვალა მონეტარული პოლიტიკა. საბაზო განაკვეთი 21 სექტემბერს ზედიზედ მესამედ გაიზარდა დაახლოებით 3-3,25 პროცენტამდე. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2008 წლის შემდეგ.
ფედერალური სარეზერვო სისტემის „ქორული“ გადაწყვეტილება ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნის საშიშროებას მოასწავებს. პანდემიის დაწყებასთან ერთად მარეგულირებელმა დოლარის უკონტროლო ბეჭდვა დაიწყო. შემდეგ რბილმა მონეტარულმა პოლიტიკამ ადგილი განაკვეთების შოკურ ზრდას დაუთმო.
„ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს შეერთებულ შტატებში სამრეწველო წარმოებისა და საცალო გაყიდვების ვარდნა. მშპ ნულოვანი ზრდის ტემპების ჩვენებას 2023 წლის პირველ ნახევარში რისკავს“, – ამბობს გეორგი სვირინი, საერთაშორისო ფინანსური ბაზრების სპეციალისტი.
ანალიტიკოსების აზრით, ამერიკის ეკონომიკაში პრობლემები წლების განმავლობაში გროვდებოდა. ბევრი უცხოელი ექსპერტი თვლის, რომ ქვეყანა არასოდეს გამოსულა 2008 წლის კრიზისიდან. „ფაქტობრივად, ყველაფერი, რასაც ახლა ვხედავთ, არის ამერიკის ხელისუფლების ზომების შედეგი, რომელმაც ქვეყანა უბრალოდ ფულით „დატბორა“. პლუს 40 წლის განმავლობაში რეკორდული ინფლაცია, მოსახლეობის რეალური შემოსავლების შემცირება, იპოთეკური განაკვეთების ზრდა. და ეს იმ დროს, როცა საბინაო კრედიტები ნებისმიერი ეკონომიკის ძრავაა, განსაკუთრებით აშშ-ში“, – ამბობს ფედორ სიდოროვი, პრაქტიკული ინვესტირების სკოლის დამფუძნებელი.

ყველა დაზარალდება

ექსპერტების პროგნოზით, ფედერალური სარეზერვო სისტემა საპროცენტო განაკვეთების გაზრდას განაგრძობს. „ეს ბოლოს მოუღებს მოსახლეობისა და ბიზნესისთვის ხელმისაწვდომ სესხებს. შედეგად, სამომხმარებლო მოთხოვნა მცირდება, რაც რეცესიას გააძლიერებს“, – განმარტავს ის.
ენერგორესურსების, ლითონებისა და სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის მაღალი მსოფლიო ფასები ცეცხლზე ნავთს ასხამს. ეს პრობლემები მხოლოდ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ვერ გადაიჭრება. გარდა ამისა, შეერთებულ შტატებში უკვე დიდი ხანია საუბრობენ სოციალურ სექტორში დანახარჯების შემცირებაზე - უმუშევრობის შეღავათებზე, მედიცინაზე, განათლებაზე. გარდა ამისა, შეინიშნება სატრანსპორტო და კომუნალური ინფრასტრუქტურის ვარდნაც.
„საკმარისია შევხედოთ, რად გადაიქცა ოდესღაც ამერიკული ინდუსტრიისა და საავტომობილო ინდუსტრიის ცენტრი დეტროიტი. ახლა ქალაქი უფრო აპოკალიფსის შესახებ ფილმების ილუსტრაციას ჰგავს. ბიზნესი დიდი ხანია წავიდა რეგიონიდან“, − ამბობს სიდოროვი.
აშშ-ში რეცესიის მოახლოებაზე დიდი ხანია ლაპარაკობენ. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა გასულ წელს ისაუბრა. თუმცა მაშინ საქმე მხოლოდ ინფლაციის აჩქარებას ეხებოდა.
უფრო მეტიც, როგორც The Atlantic წერს, მარეგულირებლის მკვეთრი ზომები მხოლოდ ამერიკელებს არ დააზიანებს.
„გლობალური ეკონომიკა ქაოსის მდგომარეობას მიუახლოვდა და ეს არეულობა მძაფრდება. ბოლო თვეების განმავლობაში აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა საპროცენტო განაკვეთებს ზრდიდა ფასების დარეგულირების მიზნით. სისტემა ვერ ახერხებს შიდა ინფლაციის მოთვინიერებას, მაგრამ ეს სხვა სახის სირთულეებს შექმნის ჩვენშიც და მთელ მსოფლიოშიც“, – აცხადებენ გამოცემის ავტორები.
ფედერალური სარეზერვო სისტემის მკაცრი მონეტარული პოლიტიკა აიძულებს ინვესტორებს, იყიდონ ობლიგაციები დოლარით. და ეს, თავის მხრივ, უარყოფითად აისახება სხვა ფულად ნიშნებზე: ქვეყნები, რომელთა ეროვნული ვალუტაც გაუფასურებულია, რეცესიაში შედიან და ვერ იხდიან თავიანთ სახელმწიფო ვალს. შედეგად, მათი ცენტრალური ბანკებიც ზრდიან საპროცენტო განაკვეთებს. ეს, თავის მხრივ, იწვევს ვარდნას. „რადგან შეერთებული შტატები მოიხმარს გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 40 პროცენტს (ანუ მსოფლიოში წარმოებული ყველა საქონლისა და სერვისისა წელიწადში), ამერიკის ეკონომიკაში კრიზისი გამოიწვევს გლობალურ რეცესიას. და ეს უკვე იწყება“, – ხაზს უსვამს სიდოროვი.
ამავდროულად, აშშ-ის ეროვნული ვალი სწრაფად იზრდება. მან უკვე გადალახა რეკორდული 31-ტრილიონიანი ზღვარი. ძირითადად ეს შიდა ვალდებულებებია.
სანამ აშშ-ის ეკონომიკა ყველაზე დიდია მსოფლიოში, ხოლო დოლარი სარეზერვო ვალუტაა, საშიში არაფერია, ამბობენ ანალიტიკოსები. სხვა საქმეა, რომ ვალების მომსახურების ღირებულება იზრდება. 2029 წლისთვის ის 8,1 ტრილიონ დოლარს მიარწევს. თუმცა გამოსავალი ჯერ იპოვეს: ჯო ბაიდენმა უკვე დაგეგმა საბიუჯეტო ხარჯების შემცირება.
„იმ შემთხვევაშიც კი, თუ სავალო კრიზისი მოხდა, როგორც ეს იყო ევროპის პერიფერიულ ქვეყნებში 2014 წელს, ინვესტორები აქტიურად შეიძენენ აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციებს, რითაც მხარს დაუჭერენ მოთხოვნას მათზე და ასევე ამერიკულ ვალუტაზე. დოლარი უახლოეს თვეებში გამყარებას განაგრძობს, წლის ბოლოსთვის ის შეიძლება არა მხოლოდ 70-75 რუბლის ფარგლებში იყოს, არამედ 78-80 რუბლამდეც გაიზარდოს“, – ამბობს სვირინი.
როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, კრიზისის დროს გლობალური ინვესტორები დოლარში აბანდებენ თანხებს, რაზეც უარის სწრაფად თქმას ცოტა ადამიანი ახერხებს − ყველა ძალიან არის მიბმული აშშ-ის ეკონომიკაზე. ამერიკულ ვალუტას საერთაშორისო ანგარიშსწორების 41 პროცენტი უკავია, ევროს – 35,5, ხოლო გირვანქა სტერლინგს – 6,45 პროცენტი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0