მოსაზრება: წვრთნები Steadfast Noon - მესამე მსოფლიო ომის გენერალური რეპეტიცია

  - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2022
გამოწერა
ბირთვული წვრთნები Steadfast Noon 17-30 ოქტომბერს ნატოს 14 წევრი ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების მონაწილეობით ტარდება. წვრთნების ეპიცენტრი იქნება ბელგიის სამხედრო-საჰაერო ძალების კლაინ-ბროგელის ბაზა ლიმბურგის პროვინციაში, სადაც ინახება აშშ-ის თერმობირთვული საავიაციო ბომბები B61. მანევრების მიზანია - ჩრდილო-დასავლეთ ევროპაზე, ბელგიისა და ბრიტანეთის საჰაერო სივრცეზე, ასევე ჩრდილოეთის ზღვის თავზე ბირთვული (თავდასხმის) შეკავების დამუშავება.
წვრთნებში მთავარ როლს ასრულებს 60 ამერიკული ბომბდამშენი B-52 და გამანადგურებელი F-16, რომელთაც თერმობირთვული საავიაციო ბომბებისა და რაკეტების გადატანა შეუძლიათ. გამოცხადებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იარაღი ბორტზე არ არის განთავსებული, ნდობას არ იწვევს, რადგან ამ შემთხვევაში წვრთნები აზრს მოკლებულია.
სხვადასხვა მონაცემებით, ბელგიაში, გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდებსა და თურქეთში მუდმივად ინახება 150-დან 200-მდე В61-12 ტიპის ამერიკული ბირთვული ბომბი და თითოეული მათგანი ორ ჰიროშიმას უდრის. რა ჩამოიტანეს აშშ-დან B-52H-ით, უცნობია, მაგრამ Stratofortress ტაქტიკური ბირთვული იარაღის მატარებელი არ არის. თითოეული „სტრატეგის“ საბრძოლო დატვირთვა 31 ტონას აღემატება, არსენალშია 980 კმ მანძილის ფრთოსანი რაკეტების AGM-158A/B JASSM-ER-ის და 2400 კმ მანძილის AGM-86 CALCM-ის რამდენიმე მოდიფიკაცია.
ანუ მანევრები ტარდება რუსეთიდან არა დეკლარირებულ უსაფრთხო მანძილზე (1000 კმ), არამედ მოსკოვსა და რუსეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე სხვა ქალაქებზე სტრატეგიული ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენების მანძილზე.
ამასწინათ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა Steadfast Noon-ის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „ნატოს მტკიცე, წინასწარ განსაზღვრული ქცევა, ჩვენი სამხედრო სიძლიერე - ესკალაციის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა“.
მანევრები Steadfast Noon - რუსეთისთვის, ევროპისა და მსოფლიოსთვის უპირობო საფრთხეს წარმოადგენს. ამერიკის მოკავშირეებს ევროპაში „ორმაგი დანიშნულების“ მრავალი თვითმფრინავი ჰყავთ, რომლებიც რეგულარულად ამუშავებენ ბირთვულ დარტყმებს რუსეთზე. სწორედ ამიტომ ნატოს ქვეყნები მუდმივად იმყოფებიან რუსეთის ბირთვული ტრიადის სამიზნეში.

ვიდრე დაიჭექებს

წვრთნები Steadfast Noon ევროპის ქვეყნებში ყოველწლიურად ტარდება. 14 ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების ბრძოლაში მოქმედების დეტალები გასაიდუმლოებულია, თუმცა ბირთვული იარაღის გამოყენებით საჰაერო შემტევი ოპერაციის ზოგადი ჩანაფიქრის დამალვა მაინც შეუძლებელია.
ამერიკული თერმობირთვული ბომბების მიღება და ტრანსპორტირება, გამოყენებისთვის მათი მომზადება და თვითმფრინავებში გადატანა ფაქტობრივად მუშავდება. ფრენები თითქოს ბირთვული საბრძოლო მასალის გარეშე სრულდება. თუმცა რუსულ რადარებზე არ ჩანს, რა ქობინები გადააქვს B-52H-ს ან F-16-ს რუსეთის საზღვრების მახლობლად. გარდა ამისა, Steadfast Noon-ის მანევრების მსვლელობისას არ არის გამორიცხული ტექნოგენური კატასტროფები, მეხის დაცემა, ხანძარი და სხვ.
ნატოს ბირთვული პოლიტიკის თანახმად, მოკავშირე ქვეყნებს საგანგებო სიტუაციებში შეუძლიათ ევროპაში დისლოცირებული აშშ-ის В61-12 ავიაბომბების გამოყენება. საგანგებო სიტუაციების მკაფიო კრიტერიუმები არ არსებობს. უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში აქტიური მონაწილეობის გათვალისწინებით, ალიანსის ცალკეული ქვეყნების ხელმძღვანელობა უპასუხისმგებლოდ იქცევა და მზადაა ნებისმიერი ავანტიურისთვის. ბლოკის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა აძლიერებს ეჭვებს, რომ Steadfast Noon-ის სამხედრო თამაშები ტექნოლოგიურად უსაფრთხოა.
ამერიკული ბომბდამშენები ბალტიის ქვეყნებში რეგულარულად ეწევიან კალინინგრადის ოლქსა და სანქტ-პეტერბურგზე ბირთვული დარტყმების იმიტაციას.
მოწინააღმდეგის მაქინაციებზე მოსკოვის რეაქცია მკაცრია. ნორვეგიული გამოცემა Faktisk-ის მონაცემებით, რუსეთმა ნორვეგიიდან 20 მილის დაშორებით განათავსა 12 სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-160 და Ту-95, რომლებსაც „შეუძლიათ სამიზნის განადგურება აშშ-სა და მთელ ევროპაში ბირთვული იარაღით“. აღნიშნულია, რომ კოლის ნახევარკუნძულზე სტრატეგიული ბომბდამშენების დისლოკაციას გრძელვადიანი ხასიათი აქვს და უფრო ფართო მასშტაბები შეიძინა. უცნაურია, რომ გამოცემა ვერ ამჩნევს კავშირს ნატოს გაფართოებასთან ჩრდილო-დასავლეთ ევროპისკენ - ფინეთისა და შვედეთის ხარჯზე.
სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირების შესახებ მე-3 შეთანხმების ფარგლებში რუსეთმა და აშშ-მა გაცვალეს მონაცემები სტრატეგიული შეიარაღების რაოდენობის შესახებ. საერთო მოცულობა - 5720 ერთეული, საკმარისია დედამიწაზე სიცოცხლის მრავალჯერ გასანადგურებლად. ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ აშშ-ს არ გაუთვალისწინებია 41 მძიმე ბომბდამშენი В-52Н და 56 ერთეული Trident-2 (წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტები). ორი ძლიერი ბირთვული სახელმწიფოს დაპირისპირება გრძელდება. Steadfast Noon - მესამე მსოფლიო ომის გენერალური რეპეტიციაა, რომელშიც აშშ და ნატო წინასწარ განწირული არიან მარცხისთვის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0