ქართველი ქალი, რომელმაც ირან-ოსმალეთის ზავი შეათანხმა: ამბავი გულჩარასი

© Pixabay / congerdesignძველი წიგნი
ძველი წიგნი - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2022
გამოწერა
რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, XVII საუკუნის დასაწყისში ახლო აღმოსავლეთის ბედს ქართველები წყვეტდნენ...
ამის დასტურია 1612 წლის 20 ნოემბერს სპარსეთსა და ოსმალეთს შორის სტამბულში გაფორმებული ზავი, სადაც ოსმალეთს ხონთქრის დიდვეზირი, გურჯი მეჰმედ ფაშა წარმოადგენდა, ხოლო სპარსელთა დელეგაციას ასევე ქართველი ალავერდი ხან უნდილაძე ხელმძღვანელობდა. სწორედ ეს ორი გურჯი წყვეტდა, იქნებოდა თუ არა მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში.
ეს ზავი მნიშვნელოვანი იყო არა მარტო ირანისა და ოსმალეთისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისათვისაც. 1604-1612 წლებში მიმდინარე ომმა ძალიან დააზარალა საქართველო, ვინაიდან ყოფილი სამცხე-საათაბაგო, ქართლი, კახეთი და იმერეთი, როგორც სპარსეთისა და ოსმალეთის ვასალები, ამ ომში აღმოჩნდნენ ჩათრეულნი.
და აქ უნდა ვახსენოთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: ზავის მომზადებაში უდიდესი წვლილი შეიტანა კიდევ ერთმა ქართველმა — ქალმა, სახელად გულჩარამ (ზოგი მოსაზრებით, გიორგი X-ის ასული), რომლის ჭკუა-გონებამ, მჭერმეტყველებამ და დიპლომატიის უნარმა მხოლოდ სტამბულისა და ისპაჰანის სამეფო კარები კი არ განაცვიფრა, არამედ ევროპელებიც.
ევროპელი მემატიანეები აღიარებდნენ, რომ სწორედ „ქართველმა ქალმა შეათანხმა ზავი ოსმალეთსა და ირანს შორის“, რომ „ქართველმა ელჩმა თავისი სილამაზით, ბრწყინვალებითა და მჭევრმეტყველებით კონსტანტინოპოლი განაცვიფრა“, და რომ გულჩარას სილამაზეზე, გონიერებაზე, დიპლომატიურ ნიჭზე აღფრთოვანებით საუბრობდნენ სულთნის კარზე მყოფი საფრანგეთის, პორტუგალიისა და ვენეციის ელჩები.
სწორედ გულჩარამ (სამწუხაროდ, ცნობილი არ არის, იყო თუ არა ეს მისი ნამდვილი სახელი) ითამაშა დიდი როლი სპარსელთა ტყვეობიდან ქართლის მეფე სიმონ პირველის დახსნის საქმეში. ეს მან დაარწმუნა შაჰი იმაში, რომ გათავისუფლებული სიმონ პირველი გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანდა ოსმალეთთან მეომარ ირანს, ვიდრე დატყვევებული. შაჰმაც ისმინა ქალის სიტყვები და გულჩარაც მის მიერვე დახსნილ მეფესთან ერთად დაბრუნდა საქართველოში.
თუმცა სიმონ მეფის ტყვეობიდან დახსნისთვის გარჯა სხვა დროსაც მოუხდა გულჩარას. 1600 წელს ქართლის მეფე ოსმალებმა შეიპყრეს და იედიყულის ციხეში გამოკეტეს. უფლისწულმა გიორგიმ ცდა და მონდომება არ დააკლო, ოღონდ სახელოვანი მამა დაეხსნა, დიდი ქრთამიც გაიღო, ოქრო და ვერცხლი არ დაიშურა, მაგრამ ბრწყინვალე პორტამ* ქრთამი დაიტოვა, სიმონი კი მაინც არ გაათავისუფლა ტყვეობიდან.
და საქმეში ისევ გულჩარა ჩაერთო. დიპლომატი ქალი სტამბულში გადასახლდა და ვალიდე სულთანს (ხონთქრის დედას) დაუახლოვდა, რათა მისი მეშვეობით მოეხდინა ზეგავლენა ფადიშაჰზე და სიმონ მეფე ეხსნა.
ამასობაში ოსმალეთი სასტიკად დამარცხდა სპარსეთთან ომში და იმპერიის არსებობას სერიოზული საფრთხე დაემუქრა. კატასტროფა გარდაუვალი იყო. ოსმალეთის გადასარჩენად საჭირო იყო ზავი, რათა ქვეყანას სული მოეთქვა და ისევ გაძლიერებულიყო. რასაც არასდიდებით არ თანხმდებოდა გამარჯვებული ირანი, რომელიც კარგად ხედავდა ახალი სულთნის, აჰმედ პირველის სისუსტეს და გამარჯვებას გამარჯვებაზე ზეიმობდა.
გულჩარამ, რომელიც არა და არ ეშვებოდა სიმონ პირველის ტყვეობიდან დახსნის საქმეს, ისარგებლა შექმნილი ვითარებით და ვალიდე სულთანი დაარწმუნა, ქართლის მეფე, როგორც შაჰ აბასის სიმამრი, მის დაყოლიებას შეძლებს ოსმალეთისთვის საოცნებო ზავზეო.
მართლაც, სულთნის ბრძანებით, სიმონმა დატოვა იედიყულის ციხე და გულჩარასათან ერთად ისპაჰანს გაემგზავრა ზავის მისაღწევად. თუმცა ხონთქარმა, რომელსაც ეჭვი აწვალებდა, ემანდ, სიმონ მეფე ისპაჰანში არ დარჩეს და შაჰს ოსმალეთის სიძაბუნე წვრილად არ უამბოსო, გადაწყვეტილება შეცვალა: სიმონი გზაში დააპატიმრეს და ისევ იედიყულეში დააბრუნეს.
გულჩარა მიხვდა, რომ სანამ ირანსა და ოსმალეთს შორის ომი მძვინვარებდა, ქართლის მეფეს თავისუფლება არ ეღირსებოდა. ამიტომაც გაათმაგებული ძალით შეუდგა მეომარი მხარეების დაზავებას. რაც, ბუნებრივია, ძალზე რთული აღმოჩნდა. გამარჯვებული ირანი ოსმალეთისათვის მეტად მძიმე და მიუღებელ პირობებს აყენებდა, 1555 წლის საზავო ხელშეკრულების აღდგენას მოითხოვდა: დაგვიბრუნდეს ყველა ის მიწა, რომელიც ფეხქვეშ გათელაო შაჰ ისმაილის ცხენმა.
და ოსმალეთმა, გულჩარას პირით, ასეთი პასუხი გასცა ირანს:

„ისმაილის ცხენი ბევრს დარბოდა, რადგან ცუდად ჰქონდა ლაგამი ამოდებული, ამიტომ ფეხქვეშ გათელა ბევრი მიწა, რომელიც არასდროს ეკუთვნოდა არც შაჰ აბასსა და არც მის წინაპრებს“.

და მაინც, ქართველი დიპლომატი ქალის გარჯას უშედეგოდ არ ჩაუვლია. მან მაინც მოუტანა ოსმალეთს ნანატრი მშვიდობა. თუმცა, ეს კია, სტამბულის ზავის დადებას ვეღარ მოესწრო სიმონ პირველი, რომელიც იედიყულეს ციხეში გარდაიცვალა...
*ბრწყინვალე პორტა — იგივე ოსმანთა პორტა და მაღალი პორტადიპლომატიის ისტორიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში მიღებული ტერმინი, რომელიც ოსმალეთის იმპერიის მთავრობას, ანუ დიდი ვეზირისა და დივნის კანცელარიას აღნიშნავს.
ყველა ახალი ამბავი
0