რაზე მეტყველებს თქვენი ხელწერა: ფსიქიკური დავადებები და ხასიათის თავისებურებები

გამოწერა
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ხელწერის მიხედვით ექიმებს არაერთი პათოლოგიის დადგენა შეუძლიათ — როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური დაავადებისა. ამაზე მეტყველებს ცნობილი ფსიქიატრებისა და გრაფოლოგების, უილიამ პრაიერისა და რუდოლფ პოფალის ნაშრომები, რომლებიც მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში სისტემატურად აკვირდებოდნენ ხელწერასა და თავის ტვინის მუშაობას შორის კავშირს.
მათი თქმით, ისეთი ფაქიზი მექანიზმი, როგორიცაა ხელით წერა, ერთ-ერთი პირველი რეაგირებს ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებაზე. თუმცა იქვე აცხადებენ, რომ დაავადების მხოლოდ და მხოლოდ ხელწერის მიხედვით დიაგნოსტირებაც არ შეიძლება — ხელწერის თავისებურებები მხოლოდ დამატებითი ინსტრუმენტია პათოლოგიების ადრეულ სტადიაზე გამოსავლენად.
ქვემოთ ხელწერის რამდენიმე ნიმუშს გაგაცნობთ, რომლებიც ამა თუ იმ ნევროლოგიური და ფსიქიკური დაავადებების განვითარებაზე მიანიშნებს.
პარკინსონის დაავადება — ასეთ დროს ასოები ხდება უფრო პატარა და ვიწრო. შეიძლება ადამიანმა საკმაოდ მსხვილი ასოებით წერა დაიწყოს, მაგრამ ბოლოსკენ ის მაინც დააწვრილებს ნაწერს.
ალცჰაიმერის დაავადება — ხელწერა ხდება გაურკვეველი, ძნელად წასაკითხი, ნაწერში შეინიშნება ბევრი ორთოგრაფიული შეცდომა;
გაფანტული სკლეროზი — ასოების მოხაზულობა და გადაბმები ხდება კუთხოვანი. ხელწერა წვრილდება, სიტყვებს შორის ინტერვალი მცირდება, ადამიანი ვერ იცავს ხაზის სისწორეს;
ეპილეფსია — ამ დაავადებისას ხელწერის მახასიათებლების შესახებ ცნობები საკმაოდ მცირეა, თუმცა ცნობილია, რომ ეპილეფსიით დაავადებულთა უმეტესობა აკურატულად წერს, გულდასმით გამოჰყავს ასოები და შტრიხები, მაგრამ ხშირად უგულებელყოფენ პუნქტუაციის წესებს, მაგალითად, ყოველი სიტყვის შემდეგ წერტილს ან მძიმეს სვამენ. ამასთან სიტყვის შუაში ხშირად გამოჰყავთ დიდი ასო, ხოლო საწყის ასოს დამატებითი ელემენტებით ამკობენ;
დეპრესია — პწკარებს შორის დაშორება ხდება ფართო, ხაზები — დაქანებული, ასოები — პატარა და არასტაბილური ფორმისა, ნაწერში შეინიშნება ბევრი თეთრი სივრცე;
ფსიქოზი — გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს ფსიქოზის არაერთი სახეობა, ხელწერის რაიმე გარკვეული ნიშნების გამოყოფა ძძნელია. თუმცა მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ წერისას კალამზე დაწოლა და ასოების დახრილობა ხდება არასტაბილური, ხშირად სტრიქონებს ტალღოვანი ფორმა აქვს;
პარანოია — პარანოიით დაავადებულთა ხელწერაში არ შეინიშნება ინდივიდუალობა. ის მონოტონურია, ზედმეტად რეგულარული, მჭიდრო, ხშირად ძნელად გასარჩევი. ამასთან საკმაოდ ტიპიურია ასოების მარცხნივ დახრა;
მანიაკალური სინდრომი — ავადმყოფი წერს ბევრს და ხალისით. ტექსტი ხშირად არათანმიმდევრულია და აზრს მოკლებული, ვინაიდან ავადმყოფი უეცრად გადადის ერთი აზრიდან სხვაზე. ხელწერა ხასიათდება დიდი ზომით, ჭარბი მარყუჟებითა და რკალებით. ასეთი ადამიანი ხშირად საერთოდ არ იცავს ხაზების სისწორეს — წერენ ფურცლის განივადაც და სიგრძივადაც. ტექსტის წაკითხვა გართულებულია.
გარდა ამისა, სხვა გრაფოლოგები ირწმუნებიან, რომ ხელწერა ძალიან ბევრ საინტერესოს მოგითხრობთ ამა თუ იმ ადამიანზე და მის ისეთ თვისებებზე, რომლებსაც შეიძლება საგულდაგულოდ მალავდეს.
მაგალითად, ირკვევა, რომ:
წვრილი, მძივისებური ხელწერა — ეს პიროვნების რაციონალიზმზე, მომჭირნეობა-ყაირათიანობაზე მიანიშნებს. გარდა ამისა, ასეთები კარგად ფლობენ თავს და დაკვირვებულებიც არიან.
მსხვილი, ბავშვური ხელწერა გვამცნობს, რომ საქმე მიმნდობ, რბილი ხასიათის, მგრძნობიარე და არაპრაქტიკულ ადამიანთან გვაქვს. ასეთებს სურთ, რომ ყურადღების ცენტრში იყვნენ.
წვრილი და მჭიდრო ნაწერი — ადამიანი ზედმეტად მომჭირნეა (შეიძლება ითქვას, ძუნწი) და ამასთან კონსერვატიული.
გაშლილი, ფართო ხელწერა აქვთ სტრატეგოსის ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს, ისეთებს, რომლებსაც გლობალური, სისტემური აზროვნებისკენ აქვთ მიდრეკილება.
თუ წერისას ადამიანი ძალიან ხრის ასოებს მარჯვნივ, ე.ი. მას საკუთარი გრძნობების კონტროლი არ შეუძლია, არის ფეთქებადი და წყენია, ხშირად მრისხანებს.
ვერტიკალური ხელწერა — ეს ძლიერ ნებისყოფაზე, თავშეკავებულობასა და მტკიცე ხასიათზე მეტყველებს.
მარცხნივ დახრილი ასოები — ეს სიჯიუტის, სიკერპისა და შეუპოვრობის ნიშანია. ასეთი ხელწერა ძირითადად ისეთ ადამიანებს აქვთ, რომლებიც იძულებული არიან მათთვის მიუღებელ, უცხო გარემოში იცხოვრონ (მაგალითად, ბავშვთა სახლი, ინტერნატი და სხვ.). გარდა ამისა, ასეთი ხელწერა შეიძლება მაშინაც გაჩნდეს, თუ ადამიანი საკუთარი თავის შეცვლას მოისურვებს.
ქაოსურად განთავსებული, სხვადასხვა სიდიდის ასოები, ხან მარჯვნივ და ხანაც მარცხნივ დახრილი — ე.ი. საქმე გაუწონასწორებელ, ჭირვეულ ადამიანთან გაქვთ, რომელსაც შეიძლება იუმორის კარგი გრძნობაც ჰქონდეს.
გაურკვეველი ხელწერა — ასეთები რეალობის დამალვისკენ ისწრაფვიან, ეშინიათ, რომ ნამდვილ არსსა თუ მდგომარეობას გაუგებენ.
წვრილი ასოები და სიტყვებს შორის დიდი დაშორება — ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს ემოციური კრიზისი აქვს.
უცნაური მოხაზულობის ასოები, უწესრიგო შტრიხებით, წერტილებითა თუ ხაზებით — თქვენ წინაშეა საკმაოდ უნდო ადმიანი, რომელსაც აკვიატებული იდეები აწუხებს.
თუ ფართო მინდორი მარჯვნივაცაა მოტოვებული და მარცხნივაც, ე.ი. ადამიანი გულუხვია და თანაც ბაქია, ანუ ტრაბახი ახასიათებს.
ფართო მინდორი მხოლოდ მარჯვნივ — დელიკატურობასა და იმავდროულად მერყევ ხასიათზე მიანიშნებს.
სხვადასხვა სიგანის მინდვრები — ეს დაუდევრობის ნიშანია, ხოლო მინდვრების არარსებობა კი იმას ნიშნავს, რომ თქვენს წინაშეა მხოლოდ საკუთარ თავზე მზრუნველი ადამიანი, რომლის ცხოვრებაში სხვა არავისი ადგილი არ არის.
ყველა ახალი ამბავი
0