მოსაზრება: ევროპა მოლაპარაკებებისთვის მომწიფდა. აშშ-ს ჯერ ყველაფერი წინ აქვს

© AFP 2024 / AFP 2020 / STR
  - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2022
გამოწერა
დავიდ ნარმანია
გასულ კვირას დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა. ემანუელ მაკრონმა გამოთქვა სურვილი, მოსკოვი და კიევი მოლაპარაკების მაგიდას რაც შეიძლება სწრაფად მიუსხდნენ. „უკრაინა ვალდებული იქნება, ეს გააკეთოს“, - თქვა მან. მომდევნო დღეს კი განაცხადა, რომ საფრანგეთი არ აპირებს ბირთვული იარაღის გამოყენებას მაშინაც კი, თუ რუსეთი უკრაინაში ამ ნაბიჯს გადადგამს, და ხაზი გაუსვა, რომ ეს ნათელია. შემდეგ ტვიტერში გამოჩნდა მისი მრავალმნიშვნელობიანი ფრაზა: „ჩვენ არ გვინდა მსოფლიო ომი“. თუმცა მოგვიანებით დასძინა, რომ პარიზი გააგრძელებს ზელენსკის დახმარებას, რათა მან შეძლოს საკუთარ ტერიტორიაზე წინააღმდეგობის გაწევა.
მაკრონის კვალდაკვალ განცხადებები გააკეთა ჟოზეფ ბორელმა. ჯერ თქვა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაზე ბირთვულ თავდასხმას დასავლეთის მხრიდან მოჰყვება არა ბირთვული, თუმცა მკაცრი სამხედრო პასუხი, და დააზუსტა, რომ საუბარია, არც მეტი არც ნაკლები, რუსული ჯარის სრულ განადგურებაზე. ამის შემდეგ The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა მაღალჩინოსანი ევროპელი დიპლომატის კომენტარი ბორელის ხსენებულ განცხადებაზე: „უფლებამოსილების გარეშე იგი საუბრობდა საპასუხო ვარიანტებზე, რომლებზეც არ არის პასუხისმგებელი, იმ შესაძლებლობების მეშვეობით, რომლებიც მას არ გააჩნია“.
ურთიერთსაპირისპირო სიგნალები მოდის აშშ-იდანაც: რასაკვირველია, თეთრ სახლში აღნიშნეს, რომ ბაიდენი არ აპირებს პუტინთან შეხვედრას G20-ის სამიტზე ინდონეზიაში. მაგრამ ამავე დროს პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა ხაზი გაუსვა, რომ ნატო არ იქნება ჩათრეული მიმდინარე კონფლიქტში. იენს სტოლტენბერგმა კი აღნიშნა, რომ უკრაინის შემთხვევაში არ განიხილება ორგანიზაციის წესდების მეხუთე მუხლის გამოყენება, რომელიც ერთ წევრზე თავდასხმას განიხილავს, როგორც ალიანსზე თავდასხმას.
ამ განცხადებების მიუხედავად, ნატო მაინც ატარებს ბირთვულ წვრთნებს რუსეთის საზღვრიდან 600 მილის მოშორებით.
უკრაინის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ვერ მოაგვარებს პრობლემებს, რომლებმაც ეს კონფლიქტი გამოიწვია.
ზელენსკის, რასაკვირველია, აქვს შანსი, უარი თქვას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაზე, მაგრამ მხოლოდ ნომინალურად. დასავლეთის მოლაპარაკების მაგიდასთან დასასმელად კი რუსეთს აუცილებლად სჭირდება ერთი პირობა: ევროპამ უნდა გააცნობიეროს კონფლიქტის გაჭიანურების შემთხვევაში სუვერენიტეტის დაკარგვის პერსპექტივა.
კარდინალური ცვლილებები ენერგეტიკულ პოლიტიკაში იწვევს ძალთა ბალანსის ცვლილებას ევროპაში. მაგალითად, გერმანია კარგავს წვდომას რუსულ საწვავზე და შედეგად მისი მრეწველობა განადგურების პირას შეიძლება აღმოჩნდეს. ამ პირობებში ბერლინი იძულებულია გადაინაცვლოს მეორე პლანზე, წინ კი წამოიწევენ ისინი, ვისაც ენერგორესურსებზე მიუწვდება ხელი - პირველ რიგში, ესაა პოლონეთი, რომელიც გაზს ნორვეგიიდან იღებს.
უკრაინის კრიზისში სასურველი მიზნების მიღწევის შემთხვევაში აშშ შეცვლის თავისი საგარეო პოლიტიკის ძირითად ვექტორს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, რათა ჩინეთს გაუწიოს წინააღმდეგობა. ამისათვის შეიქმნა ალიანსი AUKUS, რომელშიც შევლენ აშშ, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია.
უკრაინის დამარცხება რუსეთისთვის ამ ვითარებაში რამდენიმე პრობლემას გადაჭრის, მაგრამ კვლავ იარსებებს ძველი ევროპელი ლიდერების დასუსტებისა და ახლების გამოჩენის საფრთხე. სწორედ ამიტომ ისწრაფვის კრემლი დიპლომატიური გზების გამონახვისკენ მანამ, სანამ პარიზი და ბერლინი ცივი ზამთრის შედეგებს წააწყდებიან.
ამიტომ ამახვილებს ყურადღებას ვლადიმერ პუტინი „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ ამუშავების შესაძლებლობაზე და თურქეთში ახალი გაზის ჰაბის შექმნაზე, რათა ევროკავშირი საწვავით მოამარაგოს. ამასთან, OPEC+-ის ამასწინანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ნავთობისა და გაზის ბაზრებს რუსეთი გაცილებით უფრო საიმედოდ აკონტროლებს, ვიდრე აშშ.
მეტიც, გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტი შეხვდა ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოთა ლიდერებს: არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ მოჰამედ იბნ ზაიდ ალ ნაჰაიანს, ყატარის ამირას თამიმ ბინ ჰამად ალ ტანის და თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს. ამ შეხვედრებზე გაჟღერებული განცხადებები არა მხოლოდ ენერგეტიკულ ბაზარზე კრემლის პოზიციის სიმტკიცესა და ახლო აღმოსავლეთთან მჭიდრო კონტაქტებზე, არამედ დასავლეთთან შესაძლო მოლაპარაკებების მომზადებაში სწორედ ამ ქვეყნების მონაწილეობის შესაძლებლობაზე მეტყველებს.
ამ ეტაპზე ვაშინგტონი ალბათ ამისათვის მზად არ არის და პოზიციის შესაცვლელად ორი გარემოება სჭირდება: დემოკრატების დამარცხება დამდეგ არჩევნებზე და კიევის დამარცხება ბრძოლის ველზე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0