საქართველოს პრეზიდენტი რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვას არ გამორიცხავს

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2022
გამოწერა
რუსეთიდან საქართველოში შემოსვლის თემა განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც რუსეთში 21 სექტემბრიდან ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა.
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შემოიღოს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა კიშინიოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მანამდე ქართულმა ოპოზიციურმა პარტიებმა და რიგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდეს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებისკენ, რათა ქვეყანაში მათი ყოფნის ვადა სამ თვემდე პერიოდით განისაზღვროს. საქართველომ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის 2012 წლის 29 თებერვალს გააუქმა.

„რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას საქართველოში, ეს ნამდვილად არის გამოწვევა. არ ვიტყოდი საფრთხეს, მაგრამ გამოწვევა არის. ასევე არ არის გამორიცხული, სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია დღევანდელ პირობებში, თუმცა ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ საზოგადოებასთან ერთად უნდა მიიღოს“, – ციტირებს საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებს РИА Новости.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ჩამოდიან როგორც ქვეყნის ყოფილი მოქალაქეები, ისე რუსეთის მოქალაქეები.
„მათ შორის არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან რუსეთში შექმნილი სიტუაციის გამო. თუმცა ასევე არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო შემოდიან ქვეყანაში. აქ მთავარია, საზოგადოება იყოს დარწმუნებული, რომ კონტროლის ყველა მექანიზმია გამოყენებული, რათა საფრთხე არ გაჩნდეს. მგონია, რომ ამისთვის საჭიროა საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია და მეტი ინფორმირებულობა, რომ ხელისუფლების მიერ რეალურად მოხდა ყველა შესაძლო საფრთხისა და საკითხების განხილვა და შესაბამისი ზომების მიღება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლება იყენებს კონტროლის ყველა მექანიზმს, რათა ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ შეექმნას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების, 17-26 სექტემბრის პერიოდში საქართველოში რუსეთის 78 ათასამდე მოქალაქე შემოვიდა, 62 ათასზე მეტმა კი ქვეყანა დატოვა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0