ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს მართავს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2022
გამოწერა
როგორც საპატიო სტუმარმა აღნიშნა, მისი ვიზიტი ემსახურება იმას, რომ უკეთესად გაიგოს სიტუაცია საქართველოსა და რეგიონში.
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოსა და ნორვეგიას შორის საპარტნიორო ურთიერთობების მზარდი დინამიკა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰუიტფელდმა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წლების განმავლობაში ნორვეგიის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორის, მნიშვნელოვანმა დახმარებამ დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის დემოკრატიულ რეფორმებსა და ინსტიტუციურ მოდერნიზაციაში, ასევე მის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.
ხაზი გაესვა მჭიდრო პოლიტიკური დიალოგის აუცილებლობას. საუბარი შეეხო შავი ზღვის კავშირის გაძლიერების მიმართულებით მუშაობის აუცილებლობას.

„აღინიშნა, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აქვს. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო რეგიონში ევროპის საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა“, – აღნიშნულია პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი თბილისში ორშაბათს დაიწყო. პირველი შეხვედრა სტუმარმა ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან გამართა, შემდეგ კი მათ ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაატარეს.
„საქართველო ნორვეგიას განიხილავს, როგორც ახლო მეგობარს და სანდო პარტნიორს, რომელთანაც აკავშირებს საერთო ევროპული ღირებულებები და ინტერესები უფრო მშვიდობიანი, მდგრადი და თანასწორი მსოფლიოს მშენებლობისთვის“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
თავის მხრივ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს განიხილეს საკითხების ფართო სპექტრი, ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერების პერსპექტივები ტურიზმის თუ ვაჭრობის კუთხით. მისი თქმით, მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონული გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების კონტექსტი.

„ჩემი ვიზიტი ემსახურება იმას, რომ უკეთესად გავიგო სიტუაცია თქვენს ქვეყანაში, რეგიონში, რათა გაძლიერდეს ბრწყინვალე და მეგობრული ურთიერთობები ჩვენს ორ ქვეყანას შორის“, – აღნიშნა ჰუიტფელდმა.

შემდეგ ნორვეგიის და საქართველოს მთავარმა დიპლომატებმა ნორვეგიის საელჩოს ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.
საქართველომ და ნორვეგიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 5 ივნისს დაამყარეს. ქართული დიპლომატიური მისია ნორვეგიაში 2012 წელს გაიხსნა.
ყველა ახალი ამბავი
0