„გრინ სერვისის“ დირექტორი გამოკითხვაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის შენობა
პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2022
გამოწერა
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამოძიების ფარგლებში უკვე 100-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. პარკში მდებარე შადრევანში ელექტროგაყვანილობა შემოწმებული იყო როგორც მონტაჟის დროს, ისე შემდეგაც. ამის შესახებ კომპანია „გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ ჩაატარა შადრევნის სარემონტო სამუშაოები ვაკის პარკში, სადაც 13 ოქტომბერს, გარემონტებული შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს უბედური შემთხვევა მოხდა. შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. სამივე სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს - მას გული გაუჩერდა. ორი მოზარდი გადარჩა, ისინი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
როგორც ფურცხვანიძემ განაცხადა, გამოკითხვაზე, სავარაუდოდ, კიდევ დაიბარებენ.

„მე ღმერთისგან პასუხისმგებლობა უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე, ახლა რა პასუხისმგებლობა იქნება, ამ ეტაპზე ნამდვილად არ მაინტერესებს“, – განაცხადა ლაშა ფურცხვანიძემ.

ფურცხვანიძე ვაკე-საბურთალოს რაიონის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე მესამედ დაიბარეს. დღეს მისი დაკითხვა ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამოძიების ფარგლებში უკვე 100-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა. აღნიშნული კომპანიის ხელმძვანელობისა და თანამშრომლების გარდა, გამოიკითხნენ თბილისის მერიის თანამშრომლები, 55-ე სკოლის პედაგოგები და მანდატურები, გოგონას კლასელები და მომხდარი ტრაგედიის მოწმეები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარმოებს, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის მერმა კახა კალაძემ უკვე განაცხადა, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება, მათ შორის თავად ისიც, თუ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება.
ვაკის პარკში სარესტავრაციო სამუშაოების მეორე ეტაპი რამდენიმე დღის წინ დასრულდა, რომელიც მრგვალი შადრევნისა და მცირე კასკადის განახლებას გულისხმობდა. ამ სამუშაოებზე თბილისის მერიამ 6,5 მილიონი ლარი დახარჯა.
ყველა ახალი ამბავი
0