ღირსეული კაპრალი: ეროვნული გმირი, რომელსაც იარაღი არასდროს სჭერია

© Pixabay / Oregongalჯარისკაცი
ჯარისკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2022
გამოწერა
ომი ისე გაიარა, ერთხელაც არ გაუსვრია, ერთი კაციც არ მოუკლავს. უფრო მეტიც, მთელი ცხოვრების განმავლობაში იარაღს არც კი შეხებია.
ომში იმიტომ წავიდა, რომ არ შეეძლო გვერდზე მდგარიყო მაშინ, როდესაც სხვები იღუპებოდნენ. უნდოდა თუნდაც მცირედით შეშველებოდა ჯარისკაცებს და სანიტრად ჩაეწერა. იარაღის მიღებაზე უარი განაცხადა — თითსაც კი არ აკარებდა მას.
დასცინოდნენ, ამცირებდნენ და სცემდნენ კიდეც. ერთხელ ერთ-ერთმა ოფიცერმა შაშხანა გაუწოდა და ხელი გაუშვა. ეგონა, რომ დესმონდი იარაღს იმის შიშით მაინც წაავლებდა ხელს, რომ ძირს არ დავარდნილიყო და არ დაზიანებულიყო — ამის გამო ხომ სამხედრო დისციპლინა სასტიკ სასჯელს ითვალისწინებდა. მაგრამ ოფიცრის მცდელობა ფუჭი გამოდგა: რიგით სანიტარს კუნთიც კი არ გატოკებია სახეზე. ოფიცერს თავადვე მოუხდა შაშხანის ჰაერში ატაცება.
თუმცა, მისი მცდელობა ამით არ დასრულებულა. ოფიცერი უყვიროდა, ეჩხუბებოდა, სამხედრო ტრიბუნალით ემუქრებოდა დესმონდ დოსს, მაგრამ არაფერი ჭრიდა — ის ურყევად და მტკიცედ იდგა თავისაზე.
ერთ დღეს თავისი მისამართით საკუთარი ყურით გაიგონა, როგორ იმუქრებოდა ერთი ჯარისკაცი, ბრძოლის დროს ვესვრი და მოვკლავ მაგ უვარგისსო. მაგრამ როცა დოსის ქვედანაყოფს ბრძოლაში ჩართვამ მოუწია, რიგითმა სანიტარმა ყველას თვალნათლივ დაანახა, რაოდენ ღირებული იყო ის თითოეული მათგანისთვის.
დესმონდი უშიშრად გადიოდა ტყვიების წვიმაში, არც სნაიპერებს აქცევდა ყურადღებას და არც ქვემეხების გრუხუნს — ჯოჯოხეთად ქცეული წინა ხაზიდან დაჭრილები სამშვიდობოს გამოჰყავდა და ისევ უკან, პირდაპირ ომის ხახაში ეშვებოდა. ბევრი გადაარჩინა, ბევრი გამოსტაცა სიკვდილს ხელიდან, ბევრ დედას დაუბრუნა შვილი…
თავადაც უვნებელი გადარჩა — თითქოს მისი ქრისტიანული, კაცთმოყვარული პრინციპები უხილავ ფარად ედგა და ტყვიას სასწაულებრივად აცილებდა მას.
იმ დღემ ყველაფერი შეცვალა. მთელი პოლკი საოცარი პატივისცემით, ლამის თაყვანისცემითაც კი განეწყო მის მიმართ. მერე და მერე ლეიტეს, ფილიპინებისა და ოკინავას გათავისუფლებისთვის ბრძოლებში დესმონდ დოსმა მართლაც გაუგონარი სიმამაცე გამოიჩინა, თუმცა ნამდვილი სასწაული მაინც 1945 წლის 4 მაისს ჩაიდინა იაპონიაში.
იმ დღეს მოწინააღმდეგეებს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა 15 მეტრი სიმაღლის ციცაბო კლდეზე გაიმართა. ქვემოთ დარჩენილები ვერაფრით ახერხებდნენ მეგობრების დახმარებას, რომლებსაც მტერი უმოწყალოდ კაფავდა. იდგნენ და უმწეოდ გასცქეროდნენ თავისიანების ხოცვა-ჟლეტას. დაჭრილების გმინვა ცას სწვდებოდა, მაგრამ საშველი არსად ჩანდა.
მაშინ დესმონდმა, რომელიც, როგორც წესი, ბრძოლის ქარცეცხლში ტრიალებდა, ხეს თოკი გამოაბა, მეორე ბოლო თავად შეიბა და დაჭრილი თანამებრძოლების რიგრიგობით ჩამოყვანას შეუდგა. თან განუწყვეტლივ იმეორებდა:

„ღმერთო, მომეცი ძალა, კიდევ ერთი გადავარჩინო, თუნდაც კიდევ ერთი!“

და რიგითმა დესმონდ დოსმა 12 საათის განმავლობაში მარტომ ჩამოიყვანა კლდიდან 75 დაჭრილი ჯარისკაცი! ზემოთ-ქვემოთ განუწყვეტელი ცოცვა მხოლოდ მაშინ შეწყვიტა, როცა ბრძოლის ველზე ცოცხალი აღარავინ დარჩა…
და მაინც, არც ეს იყო დესმონდ დოსის კეთილშობილებისა და ადამიანურობის უმაღლესი გამოვლინება. ორიოდე კვირის შემდეგ მან ფეხით დაფარა ყუმბარა, რომ ახლოს მყოფი ჯარისკაცები არ დაჭრილიყვნენ; იმავე დღეს სნაიპერის ტყვიით დაიჭრა ხელში და, რაც ყველაზე მეტად ადარდებდა, დაკარგა მეუღლის ნაჩუქარი ბიბლია.
ფეხებდაფლეთილ გმირ სანიტარს სხეულიდან ჭურვის 17 ნამსხვრევი ამოუღეს და, რა თქმა უნდა, შინ გაამგზავრეს, სადაც თეთრ სახლში მისაწვევი ელოდა. დაჯილდოების ცერემონიაზე დესმონდ დოსს ამერიკის უმაღლესი სამხედრო ჯილდო — ღირსების მედალი და… ბრძოლის ველზე დაკარგული ბიბლია გადასცეს.
მადლიერ თანამებრძოლებს, რომლებიც ოდესღაც მასხარად იგდებდნენ და დასცინოდნენ იარაღის მოძულე სანიტარს, სანტიმეტრობით გადაეჩხრიკათ მაედის მაღლობი და მაინც ეპოვათ დოსისთვის ესოდენ ძვირფასი ნივთი.
დესმონდ დოსი 2006 წელს გარდაიცვალა. ის პირველი ჯარისკაცია ისტორიაში, რომელსაც სამხედრო ჯილდო მტრის სიცოცხლის მოსპობისთვის კი არ მიენიჭა, არამედ უამრავი გადარჩენილი სიცოცხლისთვის...
ყველა ახალი ამბავი
0