ყველაფერს პარტიები წყვეტენ: „ქართული ოცნება“ ომბუდსმენობის კანდიდატების შეფასებებზე

© photo: Sputnik / Stringerმმართველი პარტიის მთავარი ოფისი
მმართველი პარტიის მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2022
გამოწერა
მმართველ პარტიას წინასწარ ჰქონდა ნათქვამი, რომ სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებდა და ეს ოპოზიციურ ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს დაუთმო.
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. სახალხო დამცველობის კანდიდატების რეიტინგებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან გადაწყვეტილებას წამოყენების შესახებ პარტიები იღებენ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.
შემფასებელმა კომისიამ ხუთშაბათს დაასრულა სახალხო დამცველის პოსტზე 18 კანდიდატის შეფასება. უმაღლესი შეფასებები მიიღეს შემდეგმა კანდიდატებმა: ანა აბაშიძე - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის", ხელმძღვანელი; გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე; თინათინ ერქვანია – GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი; ნაზი ჯანეზაშვილი – „საქართველოს სასამართლოს გუშაგი", დირექტორი.
„არავითარი მნიშვნელობა არ ექნება იმას, რომელი კანდიდატია მეტი ქულით შეფასებული და რომელი ნაკლებით, სულ მცირე იმის გამო, რომ წინ გვაქვს დასახელებული კანდიდატების შეფასება საკომიტეტო მოსმენების დროს. ქულებით შეფასება პირობითია, არავითარი სარეიტინგო მაჩვენებლები, უპირატესობა და პრეფერენციები არც ერთს არ ექნება“, - განუცხადა სარჯველაძემ ჟურნალისტებს.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ბოლო სიტყვა ეთქმით პარტიებს, რომლებმაც 18-დან შვიდი კანდიდატი უნდა დაასახელონ.
„საბოლოო ორიენტირი და მიზანი არის, რომ სულ მცირე 7 კანდიდატი იყოს დასახელებული პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან და შემდგომ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ 7-დან რომელი იქნას არჩეული“, - განაცხადა სარჯველაძემ.
მმართველ პარტიას წინასწარ ჰქონდა ნათქვამი, რომ სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებდა და ეს ოპოზიციურ ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს დაუთმო.
ფრაქციებმა და პოლიტიკურმა ჯგუფებმა 21 ოქტომბრამდე უნდა დაასახელონ შვიდი კანდიდატი, შემდგომ მათ კომიტეტებში და პლენარულ სხდომაზე განიხილავენ, რის შემდეგაც კენჭისყრა დაიწყება.
იმისათვის, რომ სახალხო დამცველად დაინიშნოს, კანდიდატმა უნდა მიიღოს არანაკლებ 90 დეპუტატის მხარდაჭერა.
სახალხო დამცველს ექვსი წლის ვადით ირჩევენ.

ომბუდსმენის უფლებები

სახალხო დამცველი წარმოადგენს ადამიანის უფლებების დამცველ ფართო უფლებამოსილებების მქონე დამოუკიდებელ ინსტიტუტს. აპარატის წარმომადგენლებს აქვთ შეუზღუდავი წვდომა ციხეებსა და სხვა დახურულ სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში – პანსიონატებში, კლინიკებში და ა.შ.
გარდა ამისა, სახალხო დამცველს უფლება აქვს გასცეს რეკომენდაციები და შენიშვნები კანონპროექტებთან დაკავშირებით, მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, გამოთქვას მოსაზრება „სასამართლოს მეგობრის" სახელით კონკრეტულ პროცესებთან დაკავშირებით, მოითხოვოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა, ასევე წარადგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იურიდიული დახმარების საბჭოსა და სამეურვეო საბჭოს წევრები.
ყველა ახალი ამბავი
0