„იგი საქართველოს მტერია“ - თბილისში ზელენსკის მრჩევლის განცხადებას პასუხობენ

© photo: Sputnik / Stringerრიყის პარკი
რიყის პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2022
გამოწერა
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ვერ ერკვევა საერთაშორისო ურთიერთობებში და ქართული სახელმწიფოს მტრად გადაიქცა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.
პოდოლიაკმა ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურ თამაშებს თამაშობს და მის განცხადებებში ხშირად ისმის რუსული პოზიცია.

„არ ვიცი, პოდოლიაკი რამდენად ერკვევა საერთაშორისო ურთიერთობებში, მგონი, ამ სფეროში საერთოდ ვერ ერკვევა. მას მოვუწოდებდი, რომ ჩაიხედოს იმ რეზოლუციებში, რომელიც საქართველოს მხრიდან არის მხარდაჭერილი უკრაინის მიმართ და შემდგომში, თუ გაერკვევა და წაიკითხავს ამ რეზოლუციებს, ალბათ, ასეთ სამარცხვინო განცხადებებს აღარ გააკეთებს. თუმცა, ძალიან სამწუხაროა, რომ პოდოლიაკი გადაიქცა საქართველოს სახელმწიფოს მტრად“, – განაცხადა სამხარაძემ ჟურნალისტებთან.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველი შეგნებულად ავლენს მტრობას საქართველოს მიმართ.
„თუ მას ჰგონია, რომ ამ განცხადებებით მხოლოდ ხელისუფლებას აზიანებს და რაღაც პარტიულ ინტერესს ატარებს, ძალიან ცდება, რადგან ასეთი განცხადებები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არის გაკეთებული და ის ამას პირველად არ აკეთებს. უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას შეგნებულად აკეთებს და ეს არის პირდაპირ საქართველოს მტრობა“, – დაამატა სამხარაძემ.
საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, მაგრამ იცავს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. როგორც ადრე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, საქართველომ უკრაინას იარაღი არ მიაწოდა, რადგან არ უნდა ახალი კონფლიქტი თავის ტერიტორიაზე.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0