მოურჯულებელი თამარ ვაშლოვანელი და მეფე ერეკლეს ნაჩუქარი ბედაური

© Pixabay / kudybadorota
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2022
გამოწერა
ივანე ჯავახიშვილი ქართულ ისტორიულ წყაროებზე სინანულით ამბობდა: „ქართლის ცხოვრება“ კი არა, მეფეთა ცხოვრებააო. ამ სინანულში სიმართლის ძალიან დიდი მარცვალი იდო. სამწუხაროდ, ჩვენი მემატიანენი არ წყალობდნენ უბრალო მოკვდავთ და ძირითადი აქცენტი წმინდანთა, მეფეთა და დიდაზნაურთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის სკრუპულოზურ აღწერაზე კეთდებოდა.
რა თქმა უნდა, ამას თავისი ახსნა და გამართლება ჰქონდა, მაგრამ ცუდი ისაა, რომ ძალიან ბევრი თავადადებული გმირის სახელი დარჩა მატიანეთა გაცრეცილ ფოლიანტებს მიღმა და მხოლოდ ხალხურმა ზეპირსიტყვიერებამ უკვდავყო მათი საქმენი.
მაგალითად, სახალხო გმირი, თამარ ვაშლოვანელი შეგვიძლია დავასახელოთ, რომელმაც სიცოცხლე შინაურ თუ გარეშე მტრებთან ბრძოლას შეალია, მაგრამ მის შესახებ ისტორიულ წყაროებს ცნობები თითქმის არ შემოუნახავს. სამაგიეროდ ხალხმა მიაგო ჯეროვანი პატივი მას თაობიდან თაობას გადაცემული თქმულებებით.
თამარ ვაშლოვანელს მშობლები ადრე გარდაცვლია, ავ დედობილს შინიდან გაქცევია და ბატონის სასახლისთვის შუფარებია თავი. პატარაობიდან თავისნათქვამა და ჯიუტი ყოფილა, ამიტომ ბატონს ვიღაც სტუმრისთვის უჩუქებია ყმა გოგო, ეგებ შენ მაინც მოარჯულოო.
მაგრამ ვერც ახალ პატრონს მოურჯულებია თამარი, იმასაც გაქცევია და ვაშლოვანში დაბრუნებულა, მამისეულ სახლში. მაშინდელი კანონით, ვინც მებატონისგან თავს დაიხსნიდა, მეფის თავისუფალ ქვეშევრდომად ითვლებოდა და ამადაც უშიშრად დაფუძნებულა ობოლი გოგო მშობლიურ სოფელში.
მალე გაუთქვამს სახელი როგორც გაუტეხელ, მოუდრეკელ და შეუპოვარ ქალს. დიდ იმედად ექცა მთელ სოფელს. ძნელბედობის ჟამს თურმე ვაჟურად იცვამდა და თავგამოდებით ებრძოდა მტერს. ბევრჯერ სირცხვილნაჭამი და დამარცხებული გაუბრუნებია კარს მომდგარი მომხდური.
როგორც ლამის მთელი ისტორიის განმავლობაში, მაშინაც მძიმე დრო ედგა ქვეყანას, ათასი ჯურის მტერი დათარეშობდა საქართველოს ყველა მხარეში, ხალხს უმოწყალოდ ჟლეტდნენ და ტყვედ მიერეკებოდნენ. და ქართველების დასაცავად თამარმა რაზმი შეკრიბა, სადაც მამაკაცების მხარდამხარ, მის მსგავსად, სხვა ქალებიც იბრძოდნენ. მის ამბავს მეფე ერეკლეს ყურამდე მიუღწევია და ვაშლოვანელი ქალის სიმამაცით აღფრთოვანებულს ფეხმარდი ბედაური უჩუქებია მეომარი ქალისთვის.
ერთ-ერთ ბრძოლაში მტერს შეუპყრია თამარი და გაუტაცნია. პაატა თემურიშვილს უთავია მისი დახსნა, ყარაბაღში დასწევია მომხდურებს და დატყვევებული სახალხო გმირი გაუთავისუფლებია.
ერთხელ კი ვაშლოვანს თათრები შესევიან, სოფელი აუკლიათ, მთლად გაუვერანებიათ იქაურობა, ეკლესიები შეუმუსრავთ, ხალხი კი ტყვედ გაურეკავთ. თამარი თავისი რაზმით ჩასდგომია კვალში თათრებს, დასწევია და ისე გაუჟუჟავს, ამბის წამღებიც არ დაუტოვებია ცოცხალი. დახსნილი ტყვეები კი სოფელში დაუბრუნებია.
როცა მეფისთვის ეს ამბავი მოუხსენებიათ, სასახლეში უხმია თამარ ვაშლოვანელი და მადლობა გადაუხდია მისთვის: შვილო, შენ გენაცვალოს ჩემი მოხუცი თავი, რომ შენის მაგალითით კაცებიც მხნევდებიანო. მერე კი ტყვია-წამლის მიცემა უბრძანებია თამარის რაზმისთვის.
ერთ ღამესაც ლეკები დასცემიან ვაშლოვანს. თამროსა და მის რაზმელებს შავი დღე დაუყრიათ მათთვის და უკუ უგდიათ. არ გასულა ამ ამბის შემდეგ დიდი ხანი და ხმა გავარდნილა, ვაშლოვანს თათრები ისევ უპირებენ დაცემასო. თამარსაც ქალები, ბავშვები, მოხუცები და დავრდომილები კოშკში შეუხიზნავს, თავად კი შეიარაღებული ხალხით ვიწრო ხეობაში ჩასაფრებია მტერს.
როგორც კი თავდამსხმელები დაულანდავს, მეფის ნაჩუქარი ლურჯა ხევის პირას მარდად აუქროლ-ჩამოუქროლებია. სატყუარას წამოგებული თათრები უკან დადევნებიან მხედარ ქალს და მასაც ვიწრო ხევში შეუყვანია მდევარი. იქ კი მისი რაზმი ყოფილა ჩასაფრებული და მტრის მოწინავენი ერთიანად გადაუცხრილავთ ტყვიით. მერე კი შეტევაზე გადასულან და კუდით ქვა უსროლინებიათ გათავხედებული მტრისთვის. სოფელ-სოფელ ნაალაფარიც წაურთმევიათ უკან.
შორს გავარდნიათ სახელი თამარ ვაშლოვანელსა და მის რაზმს. ვინ ქება-დიდებითა და ლოცვით იხსენიებდა გმირ ქალს, ვინ კიდევ...
აბა, რა დაულევდა მტერს მამაც მეომარს, რომელიც მარტო გარეშე მტრებს კი არა, შინაურებსაც ებრძოდა და თოფ-იარაღით აძლევდა პასუხს ყველა მოღალატეს. ჰოდა, ვიღაცას მეფესთან შეუსმენია თამარ ვაშლოვანელი, ქვეყნის მოღალატეობა შეუწამებია მისთვის. არ ურწმუნია მეფეს ენის მიმტანის ნაამბობი. ერთად დაუბარებია ისიცა და თამარიც და ორივესთვის მოუსმენია. მერე ვაშლოვანელი გმირი დაულოცავს, ღმერთი იყოს შენი შემწე საქვეყნო საქმეშიო, ხოლო ცილისმწამებელი მკაცრად დაუსჯია.
ამ ამბავს მეფესთან დარბაზად მყოფი დიდთავადები შესწრებიან. თამარის ვაჟკაცური აღნაგობა თვალში მოსვლიათ და ვიღაც სახელგანთქმულ ფალავანთან დაჭიდება უთხოვიათ. უკან არ დაუხევია ვაშლოვანელ გმირს, კიდეც დასჭიდებია თავადთა ფალავანს და კიდეც რუმბივით გაუგორებია მიწაზე.
ამის შემდეგ კიდევ მტერი გასჩენია მამაც ქალს, რომლებიც თურმე მოსვენებას არ აძლევდნენ. ამიტომაც სოფელს გასცლია და ვაჟურად გადაცმულს ტფილისისთვის შეუფარებია თავი, აღარავის ეჩვენებოდა თურმე.
მაგრამ ერთხელ მეფესთან საჩივლელად მიმავალი აცრემლებული გლეხი შეხვედრია. ამბავი გამოუკითხავს და მერე თავად მიჰყოლია ერეკლესთან. ფრიად გახარებია მეფეს თამარის გამოჩენა, საყვედურიც კი უთქვამს – შენი მეფე რად დაივიწყეო. ამაზე თამარს უპასუხია, მტრის ენამ გაგვყარა მე და შენ, დიდო მეფეო.
მერე ერეკლეს გლეხისთვის სამართალი გაუჩენია და დამნაშავეები დაუსჯია, მაგრამ თამარი ვერ გადარჩენია აღრენილ მოშურნე თავადებს, როგორ თუ გლეხს გამოესარჩლა და მეფესთან ჩივილი გაბედაო ჩვენზე.
ერთ დღესაც გმირ ქალს ავაზაკები მიუგზავნეს, თამარი შეიპყრეს, ჯერ სასტიკად სცემეს, მერე კი ადიდებულ მდინარეში გადააგდეს. წყალმა ხიდის ბურჯს მიახეთქა თურმე ვაშლოვანელი. ტანჯვა-წვალებით კი მოუხერხებია იმ ბურჯზე აცოცება, მაგრამ სწრაფ დინებას გაუტაცია და დაუნთქავს სადღაც.
რამდენიმე დღის შემდეგ ვიღაც მეცხვარეს უპოვია მდინარიდან გამორიყული მისი გვამი და მაშინვე სოფლისთვის შეუტყობინებია. მადლიერ ვაშლოვანელებს თრიალეთს წაუსვენებიათ თამარის ცხედარი და დიდი პატივით დაუკრძალავთ „დიდ საყდარში“...
ყველა ახალი ამბავი
0