სახრახნისების ნაკრები, ბურღი და მაქმანებიანი ბიუსტჰალტერი, ანუ რა უნდა ჰქონდეს ყველა ქალს
17:48 14.10.2022 (განახლებულია: 19:33 16.10.2022)
© Pixabay / VViktor
© Pixabay / VViktor
გამოწერა
ამერიკელმა მწერალმა ქალმა პამელა რედმონდ სატრანმა 10 წელზე მეტი ხნის წინ ჩამოუთვალა ერთ-ერთ ჟურნალს, თუ რა უნდა ჰქონდეს აუცილებლად მსოფლიოს ყველა ქალს და რა უნდა იცოდნენ მათ.
„ასეთი სია ვინმეს რომ ჩემთვის რამდენიმე წლის წინ ეჩვენებინა, შესაძლოა უფრო ხალისიანი და სისხლსავსე ცხოვრება მქონოდა“, — ასე შეფასა თავად მწერალმა ჩამონათვალი.
საინტერესო ისაა, რომ „საქალო სიას“ დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა და ვფიქრობთ, ყველა თქვენგანი სიამოვნებით გაეცნობას მას.
მაშ ასე,
ყველა ქალს უნდა ჰქონდეს:
საკმარისი რაოდენობის საკუთარი ფული, რათა წავიდეს და ცალკე ბინა იქირავოს თავისთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს არასდროს მოუნდება ან არასდროს დასჭირდება;
რაიმე განსაკუთრებული სამოსი იმ შემთხვევისთვის, თუ უეცრად ერთი საათის შემდეგ საოცნებო პაემანი ან უმნიშვნელოვანესი გასაუბრება დაუნიშნეს საოცნებო კომპანიაში;
ახალგაზრდობისდროინდელი რამდენიმე ცოდვა, რომლებსაც სიბერეში სიამოვნებით გაიხსენებს;
სახრახნისების ნაკრები, ბურღი და მაქმანებიანი ბიუსტჰალტერი;
თუნდაც ერთი ნივთი ავეჯიდან, რომელიც თავად შეიძინა, მემკვიდრეობით კი არ ერგო;
რვა ერთნაირი თეფში, ღვინის რვა სასმისი და ისეთი რეცეპტი, რომელიც სტუმრებს აღაფრთოვანებს;
შეგრძნება, რომ თავად მართავს საკუთარ ბედს.
გარდა ამისა, ყველა ქალს უნდა ჰყავდეს ერთი მეგობარი, რომელიც ნებისმიერ დროს გაართობს და კიდევ ერთი, რომელიც ცრემლებს მოსწმენდს.
ყველა ქალმა უნდა იცოდეს:
როგორ შეუყვარდეს და როგორ დაკარგოს თავი ამ სიყვარულისგან; როგორ გაითავისუფლოს თავი სამსახურიდან, დაშორდეს მამაკაცს, ეჩხუბოს მეგობარს — ოღონდ ისე, რომ ყველა შემთხვევაში შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობები;
როდის გაჯიუტდეს და როდის წავიდეს დათმობაზე;
რომ ვერ შეცვლის საკუთარი ფეხების სიგრძეს, თეძოების სიგანეს და ვერ გამოიცვლის მშობლებს;
რომ ბავშვობა, რომელიც, შესაძლოა, სულაც არ იყო უღრუბლო, უკვე დიდი ხანია უკან დარჩა;
რის გაკეთება ღირს ან არ ღირს სიყვარულის ან სხვა რამის გამო;
როგორ იცხოვროს მარტო, თუნდაც საერთოდაც არ მოსწონდეს ეს;
ვის ენდოს და ვის — არა;
სად წავიდეს სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად — დაქალთან სამზარეულოში თუ ქალაქგარეთ მდებარე კოპწია სასტუმროში;
რის გაკეთება შეიძლება და რის — არა დღეს… ერთი თვის შემდეგ… ერთი წლის შემდეგ.