ინტელექტუალური საკუთრების დაცვა: ღარიბაშვილი მსოფლიო ორგანიზაციის გენდირექტორს შეხვდა

  - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2022
გამოწერა
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში მნიშვნელოვან პროგრესსა მიაღწია.
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის დარენ ტარგის შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, ასევე მიმდინარე და სამომავლო პროექტები.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე პრემიერმა ორგანიზაციის დირექტორს მადლობა გადაუხადა რეფორმების პროგრამის რეალიზაციაში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერისთვის მრავალი წლის განმავლობაში. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამ წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში.
მხარეებმა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების რეგიონული ჯგუფის მუშაობაში აქტიურად არის ჩართული და 2017 და 2021 წლებში წარმატებით დაასრულა აღნიშნული ჯგუფის კოორდინაცია.

„ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ჯგუფის რეგიონული კოორდინატორის მიღწევებსა და წარმატებულ საქმიანობას. ითქვა, რომ რეგიონული ჯგუფის კოორდინატორის რანგში საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას მაღალი შეფასება მისცა ორგანიზაციის დელეგაციამ“, – ნათქვამია პრეს-სამსახურის ინფორმაციაში.

გარდა ამისა, მხარეებმა აღნიშნეს, რომ ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების რეგიონულ ჯგუფში მუშაობამ ევროკავშირის გამოცდილების გაზიარების ახალი შესაძლებლობები გააჩინა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების უკეთ შესრულებისთვის და საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებისთვის.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0