„მოხდება უმკაცრესი რეაგირება“: პრემიერი გარდაცვლილი 13 წლის გოგონას ოჯახს უსამძიმრებს

© photo: Sputnik / Stringerსანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2022
გამოწერა
ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულ არასრულწლოვნებს კი დენმა დაარტყა.
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაკის პარკში მდებარე შადრევანში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი 13 წლის გოგონას ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს სამძიმარი გამოუცხადა.
უბედური შემთხვევა თბილისში დღეს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ და მის ამოსაღებად ჩავიდნენ. თვითმხილველების თქმით, შადრევანში ჯერ ერთი ბავშვი ჩავიდა, რომელსაც შემდეგ ორი თანაკლასელი ჩაჰყვა. სამივე მათგანი „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ერთ-ერთი დაშავებული, 13 წლის გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი. ამ უმძიმეს წუთებში მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრებისა და ახლობლების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ. უკვე დაწყებულია გამოძიება. დადგინდება ტრაგედიის მიზეზები და მოხდება უმკაცრესი რეაგირება“, – აღნიშნულია პრემიერის სამძიმრის წერილში.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია გუშინ დასრულდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0