აშშ-ში გამგზავრება თანხის სანაცვლოდ: პროკურატურამ კიდევ ერთი თაღლითური სქემა გახსნა

© photo: Sputnik / Sergey Mamontov / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის ვიზა
აშშ-ის ვიზა - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2022
გამოწერა
დაკავებულს დიდი ოდენობით თაღლითობისთვის 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა აშშ-ში გამგზავრებასთან დაკავშირებული თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებულმა საქართველოს მოქალაქემ ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაოდ წასვლის მიზნით სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში მოიძია ვინმე „ნინოს“ საკონტაქტო ნომერი, რომელიც თითქოსდა მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებული შტატების სასაზღვრო პუნქტამდე მოქალაქეთა გადაყვანას უზრუნველყოფდა.
დაზარალებული დაუკავშირდა ქალს, რომელმაც განუცხადა, რომ ის და მისი შვილი იმყოფებოდნენ აშშ-ში და სპეციალური ტურისტული მოწვევების გამოყენებით მექსიკამდე, ხოლო შემდგომ მექსიკიდან ამერიკის შეერთებულ შტატებამდე საქართველოს მოქალაქის და მისი ოჯახის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდნენ.
ქალმა სანაცვლოდ ესპანეთში გახსნილ საბანკო ანგარიშზე 1.500 ევროს გადარიცხვა, ხოლო ბილეთების თანხის – 52.940 ლარის უკრაინაში გახსნილ ანგარიშზე გადარიცხვა ან საქართველოში მცხოვრები მისი ნათესავისთვის გადაცემა მოითხოვა.
დაზარალებულმა 2022 წლის 6 აპრილს გადარიცხა თანხა ესპანეთის ანგარიშზე, ხოლო დანარჩენი გადასცა საქართველოში მცხოვრებ პირს, რომელმა ის დაარწმუნა, რომ გამგზავრებაში რაიმე პრობლემა არ შეექმნებოდა. თანხის გადაცემის შემდეგ თაღლითი ქალი დაზარალებულ მოქალაქეს აღარ დაკავშირებია.
პროკურატურამ დააკავა პირი, რომელმაც თანხა საქართველოში მიიღო და ამჟამად თაღლითური სქემის დანარჩენ მონაწილეებს ადგენს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - საქართველოს პროკურატურა
ყველა ახალი ამბავი
0