თბილისში საცხოვრებელი ფართები კიდევ 260 ოჯახს დაუკანონდება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაცხოვრებელი კორპუსები თბილისში
საცხოვრებელი კორპუსები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2022
გამოწერა
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები ოჯახებს იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონების შემდეგ გადაეცემათ, რომლებშიც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობენ.
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ 260 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ფართები, რომლებშიც ადამიანები წლების განმავლობაში ყოველგვარი საკუთრების დამადასტურებელი საბუთების გარეშე ცხოვრობენ, ოჯახებს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცემათ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, 2017 წელს დაწყებული პროგრამა წარმატებით ხორციელდება და მის ფარგლებში კერძო საკუთრებაში უკვე რამდენიმე ასეული მილიონის ღირებულების ფართია გადაცემული.
კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 25 ოჯახს, ისნის რაიონში - 43 ოჯახს, მთაწმინდის რაიონში - 11 ოჯახს, ვაკის რაიონში - 51-ს, გლდანის რაიონში - 31-ს, კრწანისის რაიონში - ცხრა ოჯახს, საბურთალოს რაიონში - 19-ს, სამგორის რაიონში კი 71 ოჯახს. ჯამში – 260 ოჯახს.
თბილისის მერმა ასევე მიმართა იმ ოჯახებს, რომლებსაც ანალოგიური პრობლემა აწუხებთ, და აღნიშნა, რომ მათ აუცილებლად უნდა მიმართონ თბილისის იმ რაიონის გამგეობას, სადაც ცხოვრობენ.
„გარდა ამისა, დაწყებული გვაქვს კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება. ასევე დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების მიმართულებით გვაქვს კონკრეტული გადადგმული ნაბიჯები. ეს იყო სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“, „სვეტის“, „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ამ მიმართულებით არსებული პრობლემები მოგვარდეს და დაზარალებულმა ოჯახებმა მერიის თანადგომა მაქსიმალურად იგრძნონ.
კახა კალაძე: ვულოცავ დაზარალებულ ოჯახებს, „ცენტრ პოინტის“ პრობლემა მოგვარებულია>>
გამგეობაში წარსადგენად საჭიროა მოქალაქის განცხადება დაკავებული ფართის მისამართის და საკადასტრო კოდის მითითებით. ასევე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც დასტურდება პირის მისამართზე ცხოვრების ფაქტი და ხანგრძლივობა.
ასევე საჭიროა ცნობა საჯარო რეესტრიდან პირის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული პროგრამა არ შეეხება სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების მეპატრონეებს.
2017 წელს დაწყებული პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართები 2,5 ათასზე მეტ ოჯახს დაუკანონდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0