„აუცილებელია უმკაცრესი ზომების გატარება“ - პროკურატურა ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემაზე

© photo: Sputnik / Stringerოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2022
გამოწერა
საჭიროა კოორდინირებული მუშაობა, საზოგადოების ჩართულობა და ძალისხმევის გაერთიანება, აღნიშნეს პროკურატურაში.
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურა ატარებს მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე და ძალადობის ჩამდენი ყველა პირი კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისჯება, განაცხადა პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
ბოლო დროს საქართველოში ფემიციდის ფაქტები გახშირდა. მხოლოდ გასულ კვირაში ძალადობას სამი ქალი ემსხვერპლა. განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს 26 წლის ქალი, სამი შვილის დედა. გამოძიების მონაცემებით, ქმარმა მას ყელი გამოჭრა. ინციდენტი ბავშვების თვალწინ მოხდა. მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე მამაკაცი ოჯახური ძალადობის ფაქტზე დააკავეს, მაგრამ სასამართლომ ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

„აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ უმკაცრესი ღონისძიებების გატარების აუცილებლობას, რაც კოორდინირებულ მუშაობას, საზოგადოების ჩართულობას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიან ძალისხმევას გულისხმობს“, – განაცხადა ნადირაძემ.

საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო.
ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით კანონმდებლობის გადახედვა. მისი თქმით, კანონის გამკაცრების წყალობით, მათ შორის აღსრულების თვალსაზრისით, ქვეყანაში სამჯერ შემცირდა ფემიციდის შემთხვევები.
ძალადობა ქალების მიმართ - საქართველოში შესაძლოა კანონმდებლობა გაამკაცრონ >>
საქართველოში 2014-2022 წლებში 186 ქალი მოკლეს. ამავე პერიოდში ჩადენილია ქალის მკვლელობის 129 მცდელობა. პროკურატურის მონაცემებით, ფემიციდის პიკი 2014 წელს იყო, როდესაც ერთ წელიწადში 33 ქალი მოკლეს.
კანონმდებლობის გამკაცრების შემდეგ ქალთა მკვლელობების რიცხვმა კლება დაიწყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ და კარანტინმა მკვლელობების ახალი მატება გამოიწვია.
პროკურატურის ცნობით, 2020 წელს 22 ქალი დაიღუპა, 2021 წელს – 18, ხოლო 2022 წლის რვა თვეში 13 ქალი მოკლეს. ამასთან, პროკურატურის მონაცემებით, ქალების მხოლოდ ნახევარს კლავენ ოჯახის წევრები.
2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. საქართველოს ხელისუფლებამ კანონის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მკვლელობების გახშირების შემდეგ გადაწყვიტა.
ყველა ახალი ამბავი
0