შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიას და „ეუთო/ოდირს“ წერილები გაუგზავნა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2022
გამოწერა
პარლამენტის განრიგით, ცვლილებების მიღება მესამე მოსმენით 13 დეკემბერს იგეგმება.
თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიასა და OSCE/ODIHR-ს მიმართა თხოვნით, დაჩქარებული წესით შეიმუშაონ ერთობლივი დასკვნა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით.
საქართველოს პარლამენტმა 5 ოქტომბერს პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომლებიც ითვალისწინებს ელექტრონული კენჭისყრის სისტემის დანერგვას, საარჩევნო კომისიების ფორმირებისა და დამკვირვებლების რეგისტრაციის ახალ წესებს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარის წერილშია აღნიშნული, ცვლილებების მესამე მოსმენით მიღება 13 დეკემბერს იგეგმება.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, მსურს მოგმართოთ თხოვნით, რომ შეიმუშაოთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა და ვენეციის კომისიის ერთობლივი დაჩქარებული მოსაზრება ინიცირებული ცვლილებების თაობაზე“, – ნათქვამია შალვა პაპუაშვილის წერილში.

ცვლილებების მიღება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად არის აუცილებელი პუნქტი საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

კენჭისყრის დღე

ცვლილებების თანახმად, საარჩევნო უბნებზე დაინერგება ელექტრონული კენჭისყრის სისტემა, რომელიც ხმების ელექტრონულ დათვლას გულისხმობს. კანონი საქართველოს ცესკოს უტოვებს უფლებას, განსაზღვროს უბნების რაოდენობა ელექტრონული კენჭისყრისთვის, მაგრამ იმ პირობით, რომ ყოველ მათგანზე იქნება სულ მცირე 3 ათასი ამომრჩეველი.
უბნებზე, სადაც ელექტრონული კენჭისყრა ჩატარდება, აღარ იქნება საჭირო ამომრჩევლების მარკირება და საკონტროლო ფურცელი საარჩევნო კომისიის ყველა წევრის ხელმოწერით.
მარკირებას დაექვემდებარება მხოლოდ ის ამომრჩეველი, რომელიც გადასატანი ყუთით ისარგებლებს. პატიმრებსა და სტაციონარების პაციენტებს მარკირება არ დასჭირდებათ.
ასეთ საარჩევნო უბნებზე შესაძლებელი იქნება ორი ან სამი საარჩევნო ყუთის დადგმა.
კენჭისყრისა და ხმების დათვლისთვის ელექტრონულ მოწყობილობას შეიძენს არა ცესკო, არამედ მთავრობა.
ცვლილებების თანახმად, ცესკო თავად განსაზღვრავს კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცედურებს, უბნების გახსნის დროსა და ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესს.
ხმების ელექტრონული მთვლელიდან შედეგების ამობეჭდვა კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის ფუნქციას შეასრულებს.
გარდა ამისა, ცესკო აირჩევს ბიულეტენების ახალ სახეობას, რომელიც ბოლო წლებში არ შეცვლილა, და კონვერტებს ბიულეტენებისთვის.
ყველა ბიულეტენი გაციფრულდება და განთავსდება ცესკოს საიტზე კენჭისყრიდან ხუთი დღის განმავლობაში.

კომისიების დაკომპლექტება

ცვლილებების თანახმად, იცვლება საუბნო საარჩევნო კომისიების ფორმირებისა და თავმჯდომარეთა არჩევის პრინციპი, ასევე მოთხოვნები კომისიების წევრების მიმართ.
საუბნო კომისიების თავმჯდომარეებს დანიშნავენ საოლქო კომისიები და არა კონკრეტული საუბნო კომისიის წევრები. ამასთან, საუბნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებს მხარი უნდა დაუჭიროს საოლქო კომისიის წევრთა ორმა მესამედმა, მათ შორის, ცესკოს მიერ დანიშნულმა სამმა წარმომადგენელმა. ხმის უფლება არ ექნებათ საოლქო კომისიის იმ წევრებს, რომელთა ნათესავიც საუბნო კომისიის თავმჯდომარეობის პრეტენდენტია.
თავად კომისიის წევრები არ უნდა იყვნენ წარსულში რომელიმე პარტიის კომისიების წევრები თუ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები. გარდა ამისა, კომისიის წევრები საარჩევნო წლის დასაწყისიდან ან ბოლო შუალედური არჩევნების წელს არ უნდა ირიცხებოდნენ იმ პირთა სიებში, რომლებიც პარტიებს თანხებს სწირავდნენ.

კონტროლის მექანიზმები

კანონპროექტში გაფართოვდა გარემოებათა სია, რომელთა საფუძველზე ხმების გადათვლა გახდება აუცილებელი. პროექტის თანახმად, თუ საარჩევნო უბანში დათვლის შედეგად დაფიქსირდება 5 ან 5-ზე მეტი, ან 10 ან 10-ზე მეტით ნაკლები ბიულეტენი მისულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან შედარებით, საარჩევნო უბანი გადათვლას დაექვემდებარება.
გაიზრდება ასევე საუბნო კომისიების გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადა – ორიდან სამ დღემდე.
2 ათასი ლარიდან 4 ათას ლარამდე გაიზრდება ჯარიმა საარჩევნო კამპანიების დროს ადმინისტრაციული რესურსისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებისთვის.

წესები დამკვირვებლებისა და პარტიებისთვის

კიდევ ერთი სიახლე შეეხება დამკვირვებლებს ადგილობრივი ორგანიზაციებიდან.
დამკვირვებლებად ვერ იმუშავებენ წარსულში პარტიების კომისიების წევრები ან საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, ასევე ის პირები, რომლებიც საარჩევნო წლის დასაწყისიდან ან ბოლო შუალედური არჩევნების წელს ამა თუ იმ პარტიას თანხებს ურიცხავდნენ.
პარტიებისთვის კი სიახლე იქნება პარტიულ სიაში კანდიდატთა მინიმალური რაოდენობის შემცირება 100-დან 76 კაცამდე.
წყარო - პარლამენტის ვებგვერდი
ყველა ახალი ამბავი
0