პუტინი: კიევის ტერაქტებზე მოსკოვის პასუხი იქნება ხისტი

  - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2022
გამოწერა
თბილისი, 10 ოქტომბერი − Sputnik. რუსეთი ხისტად უპასუხებს უკრაინის ხელისუფლებას, თუ ის კვლავაც განაგრძობს ტერაქტების ორგანიზებას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
როგორც პუტინმა აღნიშნა, ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების უკან კიევი დგას.

„კრიმინალისტური და სხვა ექსპერტიზების მონაცემები, ასევე ოპერატიული ინფორმაციები იმაზე მეტყველებს, რომ 8 ოქტომბერს მოწყობილი აფეთქება ტერორისტული აქტია − რუსეთის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად განხორციელებული ტერაქტი. აშკარაა ისიც, რომ ტერაქტის დამკვეთები, ორგანიზატორები და შემსრულებლები უკრაინის სპეცსამსახურები არიან“, − განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მან კიევი ასევე დაადანაშაულა ბირთვული ტერორიზმის აქტებშიც − ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაცხრილვასა და კურსკის ატომურ სადგურზე დივერსიის მოწყობის მცდელობებში, რა დროსაც მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები გამოვიდა მწყობრიდან.
გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ხელისუფლება შეეცადა აეფეთქებინა გაზსადენ „თურქეთის ნაკადის“ ერთ-ერთი უბანიც.
„კიევის რეჟიმმა თავისი ქმედებებით თავი საერთაშორისო ტერორისტული ფორმირებების, ყველაზე ოდიოზური დაჯგუფებების გვერდით დაიყენა. ასეთი ტიპის დანაშაულების უპასუხოდ დატოვება უკვე უბრალოდ შეუძლებელია“, − მიაჩნია ვლადიმირ პუტინს.
როგორც მან აღნიშნა, რუსულმა ჯარებმა დღეს მასირებული იერიში მიიტანეს უკრაინის ენერგეტიკულ, სამხედრო მართვისა და საკომუნიკაციო ობიექტებზე.

„ჩვენს ტერიტორიაზე ტერაქტების განგრძობის შემთხვევაში რუსეთის პასუხი იქნება ხისტი და თავისი მასშტაბებით იმ საფრთხეების დონის შესაბამისი, რომლებიც რუსეთის ფედერაციას შეექმნება. ამაში არავის არანაირი ეჭვი არ უნდა შეეპაროს“, − განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

დღეს, დილით რუსეთმა მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა უკრაინის მთელ რიგ ქალაქებზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებები მოხდა: ხარკოვში, ოდესაში, დნეპროპეტროვსკში, ლვოვსა და ლვოვის ოლქში, ივანო-ფრანკოვსკში, ტერნოპოლში, ხმელნიცკში, კონოტოპში, როვენსკისა და პოლტავის ოლქებში. გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისში აცხადებენ, რომ რუსეთმა შეტევა მიიტანა ზაპოროჟიეს, ვინიცის, სუმის, ჟიტომირის ენერგოობიექტებზე.
როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, ქვეყნის რვა რეგიონში მინიმუმ 11 მნიშვნელოვანი ობიექტია დაზიანებული. გარდა ამისა, არის მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეთა შორის.
ყველა ახალი ამბავი
0