მოსაზრება: ბაიდენი ნავთობის „ნემსზე შესვეს“

© AP Photo / Patrick Semansky
  - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2022
გამოწერა
რენატ აბდულინი
ნედლეულის მოპოვების შემცირების შესახებ შეთანხმებამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ვაშინგტონს. აშშ-ში სამ კვირაში კონგრესის შუალედური არჩევნები გაიმართება და ძალთა ბალანსი კვლავ შეიცვლება: პრეზიდენტი, რომელმაც ამას წინათ სოციოლოგიურ გამოკითხვებში ქულები დააგროვა, კვლავ თამაშგარე მდგომარეობაში რჩება.

საუდელებმა ორიენტირი შეცვალეს

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საქმეთა მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა და ნაციონალური ეკონომიკური საბჭოს დირექტორმა ბრაიან დიზმა განაცხადეს, რომ ჯო ბაიდენი იმედგაცრუებულია OPEC+-ის გადაწყვეტილებით. ამის მიზეზები კი ნამდვილად საკმარისი აქვს.
ეკონომიკის ექსპერტები ელოდებიან საწვავის გაძვირებას, პოლიტოლოგები კი ბაიდენისა და დემოკრატების სწრაფ ფიასკოს წინასწარმეტყველებენ.
როგორც CNN აღნიშნავს, ნავთობის მოპოვების შემცირება (დემოკრატებისთვის) ყველაზე ცუდ პერიოდს დაემთხვა, რადგან ერთ თვეში კონგრესში შუალედური არჩევნები გაიმართება. რესპუბლიკელების მასმედიამ და ანალიტიკოსებმა მაშინვე გამოიყენეს OPEC+-ის გარიგება ბაიდენის გასაკრიტიკებლად. მაგალითად, Fox News-ის მიმომხილველმა ჟანინ პირომ განაცხადა: აშშ-ის პრეზიდენტი „სულელივით გამოიყურება“. შეფასება ეფუძნება იმას, რომ ზაფხულში ერ-რიადმა აშშ-ის ლიდერს უარი უთხრა დათმობაზე, რუსეთთან კი მარტივად გამონახა საერთო ენა.
რესპუბლიკელმა სენატორმა სტივენ სკელისმა ქვეყანაში ენერგეტიკული კრიზისი ბაიდენს დააბრალა. კონსერვატორი პოლიტიკოსი ჯესი უოტერსი კი მიიჩნევს, რომ ნოემბერში რესპუბლიკელების სენატში გამარჯვება გადაწყვეტილია, ვინაიდან დემოკრატები ჩაფლავდნენ როგორ საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში.
მომხდარი დემოკრატებსაც აწუხებს. ზაფხულის ბოლოს ჯანდაცვის მასშტაბური რეფორმის შედეგად თითქოს გამოასწორეს თავიანთი მდგომარეობა, მაგრამ ახლა ბაიდენის რეიტინგი კვლავ ეცემა.

საჯილდაო ქვები

The New York Times აღნიშნავს: თეთრი სახლი მთელი ზაფხული ცდილობდა საუდელებზე გავლენის მოხდენას, რათა მათ კი არ შეემცირებინათ, არამედ გაეზარდათ მოპოვება. თუმცა ეს პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ერ-რიადს ვაშინგტონთან სულ მცირე სამი პრეტენზია აქვს. თეთრი სახლი კი ამ პრობლემების მოგვარებას არ ჩქარობს. ჯერ ერთი, საუდის არაბეთის სამეფო უკმაყოფილოა ამერიკელების განცხადებით ოთხი წლის წინ ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგთის მკვლელობასთან საუდის პრინც მოჰამედ ბინ სალმანის კავშირის შესახებ.
მეორე – ერ-რიადს არ მოსწონს აშშ-ის მხრიდან ჰუსიტების მხარდაჭერა იემენში. ჰუსიტური ფორმირებები წარსულში საუდის არაბეთს, მათ შორის, ნავთობის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ობიექტებს სერიოზულ ზიანს აყენებდნენ.
დაბოლოს – არსად გამქრალა ირანის ფაქტორი. ბაიდენმა პრეზიდენტობის დასაწყისშივე დაუჭირა მხარი ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის, ე.წ. „ბირთვული გარიგების“ განახლებას თეირანთან. შეთანხმების შემთხვევაში, თუ ირანი სანქციებისგან გათავისუფლდება, შეძლებს ნავთობის მნიშვნელოვანი მოცულობის გამოთავისუფლებას. ბაზრის დანარჩენი მოთამაშეებისთვის კი ეს ხელსაყრელი არ უნდა იყოს. საუდის არაბეთი დაინტერესებულია მოპოვების შემცირებით არა მხოლოდ ნედლეულის ღირებულების გამო. ერ-რიადი აპირებს მომავალშიც დააგროვოს ის საცავებში, რათა, როდესაც ბაზარზე ადრე თუ გვიან ირანი დაბრუნდება, კონკურენტული ბრძოლისთვის მარაგი ჰქონდეს.
არის ნაკლებ თვალსაჩინო გარემოებებიც. მაგალითად, აშშ-ს არ გადაუცია საუდის არაბეთის სამეფოსთვის ვაქცინების საჭირო რაოდენობა კორონავირუსის პანდემიის პიკში. ერ-რიადს ამ პრობლემაზე საჯაროდ არ უსაუბრია, მაგრამ ანონიმური წყაროების დონეზე ისმოდა უკმაყოფილო განცხადებები. ბაიდენმა მოიწონა ასევე საუდის არაბეთისთვის შეიარაღების მიწოდება, თუმცა დანაპირები არ შეასრულა – მთლიანად გადაერთო უკრაინის სამხედრო დახმარებაზე.

კრიზისიდან გამოსავალი

ენერგეტიკულ საკითხთა ექსპერტი ედ ჰირსი ფიქრობს, რომ OPEC+-ის გადაწყვეტილების ეფექტი შეიძლება არც ისე სერიოზული იყოს, როგორც ეს ამჟამად წარმოუდგენიათ. რამდენიმე მეწარმე – კარტელის წევრი უკვე მოიპოვებს კვოტებზე ნაკლებ ნედლეულს, ამიტომ მოპოვება ფაქტობრივად დღეში 900 ათასი ბარელით შემცირდება და არა 2 მილიონით.
OPEC+-ის გადაწყვეტილების ნეგატიური ეფექტის ნიველირება შეუძლია ასევე აშშ-ის მოლაპარაკებას ვენესუელასთან. ივარაუდება, რომ სანქციების შესუსტების სანაცვლოდ ბოლივარის რესპუბლიკა ამერიკელებს ნავთობის მიწოდების ნაწილს აუნაზღაურებს.
საუდის არაბეთის რუსეთისკენ შებრუნებას ისიც შეიძლება მოჰყვეს, რომ აშშ გაააქტიურებს მუშაობას ირანთან. „დათბობის“ პირველი ნიშნები უკვე გამოჩნდა. Reuters-ის მონაცემებით, კულისებში მოლაპარაკება დაიწყო ირანული აქტივების გალღობაზე. თუ ამას მოჰყვება ისლამური რესპუბლიკის მიმართ სანქციების გაუქმება, ის შეძლებს მსოფლიო ბაზარზე არანაკლებ მილიონი ბარელი ნავთობის მიწოდებას.
მესამე ოფციონია აშშ-ის სტრატეგიული რეზერვებიდან ნავთობის მარაგის გამოთავისუფლება. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამ უკიდურეს ზომას უკვე მიმართეს. სექტემბრის მონაცემებით, ამერიკული სტრატეგიული რეზერვები 434 მილიონ ბარელამდე შემცირდა. ეს 1984 წლის შემდეგ მინიმალური მაჩვენებელია.
დემოკრატმა კონგრესმენებმა ბაიდენს OPEC+-ის გადაწვეტილებამდე მოუწოდეს, გაეგრძელებინა სარეზერვო მიწოდება, რითაც მაშინვე ისარგებლეს რესპუბლიკელებმა და მეტოქეები არაშორსმჭვრეტელობაში და ეროვნული სიმდიდრის გაფლანგვაში დაადანაშაულეს. აშშ-ის ადმინისტრაცია იძულებული გახდა, უკან დაეხია. „ჩვენ არ ვიხილავთ ნავთობის სტრატეგიული მარაგიდან ნედლეულის ახალი პარტიის დახარჯვას იმ 180 მილიონი ბარელის გარდა, რომელზეც უკვე ისაუბრა პრეზიდენტმა“, – განაცხადა ოქტომბრის დასაწყისში თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კარინ ჟან-პიერმა.

პოლიტიკური ჩიხი

უეჭველია, დემოკრატიული პარტიისა და ბაიდენისთვის მთავარი პრობლემა პოლიტიკური და არა ეკონომიკური ხასიათისაა.
მაშინაც კი, თუ ყველა გარემოება პრეზიდენტისთვის სასურველი სცენარით წარიმართება – შედგება შეთანხმება ვენესუელასთან, ირანთან და სტრატეგიულ რეზერვებსაც გამოიყენებენ, ეფექტი არ იქნება სწრაფი. ნოემბრისთვის ფასები მაინც მოიმატებს, ე.ი. რესპუბლიკელები გააგრძელებენ ბაიდენზე თავდასხმას. ამ გზით ქულების მიღების შედეგად კი, დიდი ალბათობით, კონტროლს დაამყარებენ სენატზე.
მოვლენათა ამგვარად განვითარების წყალობით მომავალში რესპუბლიკელები შეძლებენ ნებისმიერ მომენტში მოქმედი პრეზიდენტის ინიციატივების დეზავუირებას ან შეფერხებას ეკონომიკურ წარუმატებლობაში მისი დადანაშაულების გზით. ეს კი, თავის მხრივ, ბაიდენს მეორე ვადით არჩევის პერსპექტივის გარეშე დატოვებს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0