ფერების გავლენა განწყობა-აზროვნებაზე, ანუ სად რომელი ჯობს

© Pixabay / ulleoფერადი ფანქრები
ფერადი ფანქრები - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2022
გამოწერა
თბილისი, 10 ოქტომბერი − Sputnik. მართალია, ადამიანის ტვინი ყველაზე მძაფრად ორ ფერზე − წითელსა და მწვანეზე რეაგირებს, მაგრამ სხვა ფერები ასევე ძლიერ ახდენს გავლენას ადამიანის განწყობასა თუ შრომისუნარიანობაზე, აცხადებენ ნეირობიოლოგები.
ამიტომ როცა საქმე ბინისა თუ ოფისის კედლების შეღებვასა და შპალერის შერჩევაზე მიდგება, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ თითოეული ფერის გავლენა, რაც მეცნიერებმა არაერთი კვლევით დაადგინეს.
მაგალითად, მათი დასკვნით, თუ გსურთ:
მოდუნება − უპირატესობა ისეთ ნათელ ფერებს უნდა მიანიჭოთ, როგორებიცაა მკრთალი მწვანე, ატმისფერი ან დამტვერილი ცისფერი.
ენერგიით დამუხტვა − აირჩიეთ კეთილშობილი მწვანე, რომელიც „პანტონეს“ კატალოგში KellyGreen-ის სახელითაა შესული, ან საფირონის ლურჯი. ეს ფერები ზედმიწევნით გამოდგება ტრენაჟორების ოთახისთვის ან სპორტდარბაზისთვის, სამაგიეროდ სრულიად მიუღებელია საძინებლისთვის.
შემოქმედებითი აზროვნების განვითარება − მწვანე ფერი აძლიერებს ტვინის მუშაობას, ამიტომ ის ძალიან კარგია სამეცადინო ოთახების, სახელოვნებო სტუდიებისა თუ, ვთქვათ, სამხატვრო სახელოსნოების კედლების შესაღებად. ასეთ სივრცეებში კატეგორიულად მიუღებელია წითელი, ვინაიდან ეს ფერი ტვინის ანალიტიკურ უნარებს თრგუნავს.
ძალების მოზღვავება − როდესაც ადამიანი წითელს უყურებს, ძალების მოზღვავებას გრძნობს. ამიტომ თუ ძალისმიერ სპორტს მისდევთ, მაშინ სავარჯიშო ოთახი წითლად შეღებეთ.
აზრის შექმნა, ნდობის მოპოვება − აირჩიეთ ცისფერი და მისი ტონები. საქმე ისაა, რომ პლანეტის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სწორედ ეს ფერი უყვარს. ამიტომ, თუ ბინის გაყიდვას აპირებთ, იმისათვის, რომ კლიენტს საცხოვრებელი მოაწონოთ და მისი ნდობაც დაიმსახუროთ, გამოიყენეთ ცისფერი. ამასთან აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ამ მიზნებისთვის არანაირად არ გამოდგება ყვითელი და ყვითელ-მწვანე.
კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა − თუ კომპანიის ან რომელიმე სამსახურის ხელმძღვანელი ხართ, კარგი იქნება, თუ ოფისის კედლებს თბილ ფერებში შეღებავთ. ეს, გარდა იმისა, რომ ფიზიკური სითბოს შეგრძნებას ბადებს, ადამიანებს შორისაც მეგობრულ განწყობას ამყარებს.
მადის დაქვეითება − თუ გსურთ წონა შინარჩუნოთ ან დაიკლოთ, შეღებეთ სამზარეულო ცივ ფერებში: ცისფრად, ცისფერ-მწვანედ, იისფერის ცივ ტონებში. ეს ფერები შიმშილის გრძნობას აქვეითებს, ხოლო წითელი, ნარინჯისფერი, მეწამული და ყვითელი, პირიქით − მადას აძლიერებს.
წყარო: Psychologytoday
ყველა ახალი ამბავი
0