მშობლებო, არ გახვიდეთ შინიდან ბავშვთან დაუმშვიდობებლად: მიზეზები და საფრთხეები

© Pixabay / crkmagaპატარა ბიჭუნა კედელზე წერს სიტყვას „დედა“
პატარა ბიჭუნა კედელზე წერს სიტყვას „დედა“ - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2022
გამოწერა
თბილისი, 7 ოქტომბერი − Sputnik. თუ პატარა ბავშვი გყავთ, უნდა იცოდეთ, რომ მისთვის ყველაზე რთული და ძნელად გადასატანი ვითარება მაშინ იქმნება, როცა თქვენ სადღაც მიდიხართ, მას კი შინ ტოვებთ, აცხადებენ ფსიქოლოგები.
მათი თქმით, იმისათვის, რომ თავისუფლად შეძლოს შინიდან გარეთ გასვლა (ვთქვათ, სამსახურში წასვლა), საჭიროა, რომ მშობელმა ბავშვს ემოციური დამოუკიდებლობა ჩამოუყალიბოს. მართალია, ეს თავიდან მაინცდამაინც იოლი საქმე არ არის, მაგრამ შესაძლებელია და თანაც ძალიან შედეგიანი.

„ზოგი მშობელი სახლიდან ჩუმად გადის, რომ შვილის ცრემლებს თავი აარიდოს. მაგრამ ეს არ არის გამართლებული ნაბიჯი, ვინაიდან შესაძლოა მძიმე ტრავმა მიაყენოს ბავშვს. ის ფაქტი, რომ შვილის ცრემლებს თქვენ არ დაინახავთ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას განცდები არ ექნება“, − ამბობენ სპეციალისტები.

მათი განმარტებით, როცა ბავშვი დედის ან მამის შინ არყოფნას მოულოდნელად აღმოაჩენს, ამის გამო შესაძლოა ისტერიკა და სასოწარკვეთაც კი დაეუფლოს.
გარდა ამისა, მშობლის შინიდან ჩუმად გაპარვამ ბავშვში შეიძლება გამოიწვიოს და განავითაროს:
შოკი: თავიდან პატარა უბრალოდ ტირის, მერე კი ბრაზობს და ისტერიკაც კი ემართება, რასაც საბოლოოდ შესაძლოა შფოთვებიც დაერთოს.
დაუცველობის შეგრძნება: როცა ბავშვი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ მშობლები სადღაც წასულან, მისი სამყარო შესაძლოა მძლავრად შეირყეს და ამით დაუცველობის შეგრძნება ჩამოუყალიბდეს. თუ ერთხელ მაინც გაიპარებით შვილთან დაუმშვიდობებლად, ბავშვი იფიქრებს, რომ სხვა დროსაც გაეპარებით და გამუდმებით ამის მოლოდინში იქნება.
შიში: დაუმშვიდობებლად წასვლის შემდეგ თქვენი დაბრუნება ბავშვს გაახარებს, მაგრამ ეს არ მოუხსნის დაძაბულობას, რომ ერთხელაც ისევ დარჩება მარტო.
დანაშაულის შეგრძნება: ამ დროს ბავშვმა შესაძლოა იფიქროს, რომ რაღაც დააშავა და ამიტომაც დატოვეთ მარტო. ამას კი საბოლოოდ თვითშეფასების დაქვეითებაც კი შეიძლება მოჰყვეს.
გახსოვდეთ! როცა ბავშვს ემშვიდობებით და ისე გადიხართ შინიდან, ამით ურთიერთნდობას აყალიბებთ. თავიდან ამის გაკეთება იოლი არ არის, მაგრამ დროთა განმავლობაში ბავშვი აცნობიერებს, რომ თქვენი ნდობა შეიძლება, იმიტომ რომ ყოველი დამშვიდობების შემდეგ უკან ბრუნდებით.
სხვათა შორის, ეს დამოკიდებულება მოზრდილ ასაკში კიდევ მეტად გაამყარებს მის თქვენდამი ნდობას.

როგორ უნდა დავემშვიდობოთ ბავშვს სწორად, რომ ეს ტრაგედიად არ იქცეს?

- შეამზადეთ ნიადაგი. თქვენი შინიდან გასვლა ბავშვისთვის მოულოდნელობა არ უნდა იყოს. ანუ თანდათან უნდა შეეგუოს აზრს, რომ ცოტა ხნით უთქვენოდ დარჩება. საჭირო არ არის დიდი ხნის განმავლობაში ამაზე ლაპარაკი. საკმარისია გასვლამდე 15 წუთით ადრე უთხრათ, რომ ცოტა ხანში მან დედიკოს ან მამიკოს ხელი უნდა დაუქნიოს და „ნახვამდის“ უთხრას.
- ჰკითხეთ, რას გააკეთებს უთქვენოდ. კარგი იქნება, თუ რაღაც მითითებებს, დავალებებს მისცემთ. ასე ის მეტად თავდაჯერებულად იგრძნობს თავს. მაგალითად: „მე რომ წავალ, შენ და ბებომ ზღაპარი წაიკითხეთ და რომ მოვალ, მომიყევი“.
- უთხარით ბავშვს, როდის, რომელ საათზე დაბრუნდებით. შეგიძლიათ აჩვენოთ, სად უნდა იყოს საათის ისარი. თუ არ იცით ზუსტად რომელ საათზე დაბრუნდებით, უთხარით, რომ როგორც კი საჭმელს შეჭამს (გაიღვიძებს, იბანავებს...), თქვენც მიხვალთ. ოღონდ პირობა შეასრულეთ, რომ ბავშვმა თქვენი ნდობა არ დაკარგოს.
მიაქციეთ ყურადღება: ბავშვთან დამშვიდობება უნდა იყოს მოკლე, რომ ასატირებლად დრო არ დარჩეს.
სხვა საინტერესო და უაცილებლად საცოდნელი რჩევები მშობლებისთვის, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ>>
ყველა ახალი ამბავი
0