კახელთა დიდებული ჯანყი და დედით ქართველი აბას მეორის სასტიკი შურისძიება

© Pixabay / enkhtamirმონღოლი მხედრები
მონღოლი მხედრები - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2022
გამოწერა
მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში საქართველოს არაერთი დიდი თუ მცირე ბატალია გადაუტანია, მაგრამ 1659 წელს მომხდარ ბახტრიონის აჯანყებაზე უკეთ ვერცერთი ომი ვერ წარმოაჩენს ქართველი კაცის ხასიათს.
მძიმე, მშვიდი და დინჯი ხასიათი აქვს ქართველ კაცს. არ სჩვევია აცანცარება, მშვიდად ეგუება ცხოვრების მოტანილ ავ-კარგს, მაგრამ მის მოთმინებასაც აქვს ზღვარი, რომლის გადალახვის შემდეგაც ემოციები ვულკანივით იფეთქებს ხოლმე და ყველაფერს დაუნდობლად წალეკავს...

XVII საუკუნის პირველ ნახევარში კახეთის მეფე თეიმურაზ პირველის მრავალწლიანი ბრძოლა სპარსელთა წინააღმდეგ მარცხით დასრულდა. 1648 წელს კახეთში მეფობა გაუქმდა, ის ქართლს შეუერთეს და სამართავად შაჰის ვალ როსტომ ხანს გადასცეს.
ქვეყანა დაწყნარდა და დამშვიდდა, კახეთი მრავალწლიანი პერმანენტული ბრძოლით მიყენებულ ჭრილობებს იშუშებდა. ისპაჰანში ეს სიმშვიდე ქართველი კაცის დაძაბუნებას მიაწერეს და იფიქრეს, საბოლოოდ დავიმონეთო საქართველო. და შაჰ აბას პირველის იდეების განხორციელებას შეუდგნენ.
ამ დროს სპარსეთს დედით ქართველი შაჰ აბას მეორე მართავდა, რომელიც სეხნია პაპას დიდად ჩამოუვარდებოდა გონება-გამჭრიახობითა და ცბიერებით, მაგრამ საქართველოსადმი სიძულვილი კი მასავით ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი. ამიტომაც გააცოცხლა მძვინვარე პაპის გეგმები კახეთში ქართული მოსახლეობის აყრისა და იქ ყიზილბაშური ტომების ჩასახლების თაობაზე.
შაჰ აბას მეორემ 1656 წელს როსტომ ხანს კახეთი ჩამოართვა და ის განჯის ბეგლარბეგ სელიმ ხანს გადასცა სამართავად. ისიც დიდი მონდომებით შეუდგა ადგილობრივი მოსახლეობის აყრასა და იქ თურქმანული ტომების ჩამოსახლებას.
განჯის ბეგლარბეგმა უმოკლეს დროში 15 ათასი მომთაბარე თარაქამელი დაამკვიდრა კახეთში. ამასაც არ დასჯერდნენ სპარსნი, შაჰის ბრძანებით სასწრაფოდ ააგეს სამი დიდი ციხე-გალავანი ბახტრიონთან, ალავერდის მონასტერთან და ყარაღაჯთან. ახლად აგებულ ციხეებში, რომლებიც კახეთში ჩამოსახლებულ ყიზილბაშთა დაცვის გარანტია უნდა გამხდარიყო, ყიზილბაშური გარნიზონები ჩააყენეს.
როგორ ჩანს, შაჰი მაინც უკმაყოფილო იყო კახეთის გაყიზილბაშების პროცესის ტემპითა და სელიმ-ხანის მოღვაწეობით. ამიტომ მართვას ჩამოაშორა და კახეთი ორად გაყო: სამხრეთ-აღმოსავლეთის მხარე ყარაბაღის ბეგლარბეგ მურთაზ ყული-ხანს ჩააბარეს სამართავად, ხოლო დანარჩენი კახეთი ნახჭევნის ბეგლარბეგ ალი ყული-ხანს გადასცეს.
ორივე ბეგლარბეგი გაათმაგებული ძალით შეუდგა კახეთის გათათრებას — უმოკლეს ხანში იქ 80 ათას თურქმანს მიუჩინეს სამოსახლო.
და სწორედ აქ გადაილახა ზღვარი ქართველი კაცის მოთმინებისა. ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, ამის დათმობა წარმოუდგენელი იყო, რადგან ქართველობას განუზომელი საფრთხე ემუქრებოდა — გადაშენების საფრთხე. ერი და ბერი იარაღის ხელში ასაღებად და ქვეყნისთვის სისხლის დასაღვრელად მოიმართა.
აფეთქების საბაბად ერთმა საზარელმა ამბავმა იკმარა: ერთ დღეს გზად მიმავალი ქართველი ხუცესი თურქმანებს შეეფეთა. ურჯულოებმა ხუცესი შეიპყრეს, საშინლად სცემეს, თმა-წვერი დააგლიჯეს და გააუპატიურეს. შეურაცხოფილი და ნამუსახდილი ხუცესი არაგვის ერისთავთან მივიდა და შეჰღაღადა:

„გააოხრეს სრულიად კახეთი უსჯულოთა აგარიანთა და მე გზად შემიპყრეს და შემამთხვიეს საქმე უშვერი. და აწ ამისა პასუხი ღმერთს შენ მიეც და შენ უნდა გასცე, ვინაითგან შენდა რწმუნებულ არს კახეთი“.

შეძრწუნებულმა ზაალ ერისთავმა სათათბიროდ უხმო თავის სიძეს ბიძინა ჩოლოყაშვილს, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავებს, ალავერდელ ეპისკოპოსსა და ზეზვა გაფრინდაულს, რომელსაც უკვე გაეთქვა სახელი გადამთიელთა დარბევა-დაწიოკებით. თათბირზე აჯანყება გადაწყდა. გეგმაც დაისახა: აჯანყებულთა ერთი ნაწილი, რომელსაც სათავეში ბიძინა ჩოლოყაშვილი ჩაუდგებოდა, ალავერდის ციხის გარნიზონს უნდა დასცემოდა თავს, ხოლო ქსნისა და არაგვის საერისთავოებიდან გამოყვანილ მთიელებს კი ბახტრიონი უნდა აეღოთ და იქ გამაგრებული თურქმანები გაეჟლიტათ. ორივე შეტევა — ალავერდისაც და ბახტრიონისაც უნდა ყოფილიყო მოულოდნელი და, რაც მთავარია, ერთდროული. დაითქვა აჯანყების ვადაც.
1659 წელს, დათქმული დღის გარიჟრაჟზე, ზეზვა გაფრინდაულის თუშ-ხევსურებმა ბახტრიონს შეუტიეს. მკვირცხლმა და ფეხმარდმა მთიელებმა ადვილად გადალახეს ცამდე აზიდული გალავანი და ხელჩართულ ბრძოლაში დაჯაბნეს მტერი. ძირითად ლაშქარს ციხის კარი თავად ზეზვა გაფრინდაულმა გაუღო. თურქმანებმა ვეღარ გაუძლეს ქართველთა იერიშს და ალავერდისკენ გაკურცხლეს, სადაც თანამოძმეები ეგულებოდათ. რა იცოდნენ მათ, რომ ბიძინა ჩოლოყაშვილსაც უკვე მოესწრო ალავერდის აღება და ახლა თავის მეომრებთან ერთად კვალში ედგა ბახტრიონის ციხისკენ გაქცეულ თურქმანებს.
და როდესაც ბახტრიონიდან და ალავერდიდან დევნილი ყიზილბაშები ერთმანეთს შეეჯახნენ, სანამ გაოგნებული და დამფრთხლები აზრზე მოვიდოდნენ, მდევრები წამოეწივნენ და უმოწყალოდ აჩეხეს ალყაში მოქცეული თარაქამელები, ერთიანად გაწყვიტეს ისინი. ჰოდა, დღესაც „გაწყვეტილას“ ეძახიან კახელები იმ ადგილს.
„გაწყვეტილადან“ დაძრული მტრის სისხლნაგემი ქართველები თურქმანთა სხვა დასახლებებს მოედნენ და დედაწულიანად გაჟლიტეს, ფესვიანად ამოძირკვეს ისინი. იმ დღის მერე „კახეთში თათარნი აღარსად იპოებოდნენ“.
და აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქართველი კაცის გაუტეხლობაც, უდრეკობაც, დიდ ჭირთა თმენის უნარიცა და თავდადებაც.
შურისძიებითა და მრისხანებით აღვსილი ყიზილბაშები შაჰ აბას მეორისგან სისხლის აღებას მოითხოვდნენ. თუმცა გამძვინვარებულ შაჰს ურჩი საქართველოს სასტიკად დასჯა უკვე თავადაც გადაწყვეტილი ჰქონდა.
ლაშქრობის გეგმებს აწყობდა სპარსეთის მბრძანებელი, რათა ძირისძირობამდე ამოეკვეთა ქართველის სახსენებელი. მაგრამ არ აცალეს აჯანყების მოთავეებმა, საკუთარი ფეხით დაადგნენ ისპაჰანის გზას, რათა მტარვალის მთელი მრისხანება თავად ეწვნიათ, დაეცხროთ მისი მრისხანება და ქვეყანა გადაერჩინათ.
ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები ყარაბაღის ბეგლარბეგ მურთაზ ყული ხანს ეახლნენ. შაჰის ხელდებულმა დააპატიმრა ისინი და ისპაჰანში გაგზავნა მბრძანებელთან. სპარსეთს ჩასულებს, სიცოცხლის შენარჩუნების სანაცვლოდ მაჰმადის რჯულზე გადასვლა „ურჩიეს“. მაგრამ არ მიიღეს სიკვდილისთვის გამზადებულმა გმირებმა ეს „შეთავაზება“. ამან კიდევ უფრო გააცოფა შაჰი და „ვითარცა წესი და ჩვეულება არს თათართა, რამეთუ მკვლელს ხელში მისცემენ მოსისხარსა“, უდრეკი ქართველები კახეთში გაჟლეტილ თარაქამელთა ნათესავებს მიუგდო საჯიჯგნად. მათაც ჯერ დაუნდობლად ჰგვემეს და აწამეს სამივე, მერმე კი წვრილად აკუწეს ცხედრები...
ბიძინა ჩოლოყაშვილის ნეშტი ევროპელმა კათოლიკე ბერებმა მოიპარეს და იდუმალ დაკრძალეს, ხოლო ქსნის ერისთავთა დაფლეთილი ცხედრები ოჯახის წევრებმა გამოისყიდეს, საქართველოში ჩამოასვენეს და იკორთის მონასტერში დაკრძალეს.
სიკვდილს ვერც ბახტრიონის აჯანყების კიდევ ერთი სულისჩამდგმელი ზაალ არაგვის ერისთავი გადაურჩა. ისპაჰანში არ წასულა ერისთავი, მაგრამ მაინც მისწვდა შაჰის ხელი. სპარსელებმა არაგვის ერისთავის დასჯა ქართლის ვალ შაჰნავაზს, ანუ ვახტანგ მეხუთეს დაავალეს. ხალისით დათანხმდა დავალებას შაჰნავაზი, პირადი უთანხმოება ჰქონდა დაუმორჩილებელ არაგვის ერისთავთან და მისი დასჯა ოცნებად ჰქონდა ქვეული.
ვახტანგ მეხუთის წაქეზებით ზაალ არაგვის ერისთავი მისმა ძმისწულებმა − ოთარმა და იასონმა მოკლეს. ერისთავის ოჯახმა სამცხეში გაქცევა სცადა, მაგრამ შაჰნავაზმა მდევარი დააწია და ბახტრიონის გმირი ზურაბ ერისთავი და მისი უმცროსი ძმა დააპატიმრეს. ქართლის ვალმა შაჰს გაუგზავნა არაგვის ერისთავის ძენი. ჯალათებმა ზურაბი ისპაჰანის სატუსაღოში მოკლეს, ხოლო ძმა მისი, რომელსაც აჯანყებასთან არაფერი აკავშირებდა, ცოცხალი კი დატოვეს, მაგრამ გაათათრეს...
ყველა ახალი ამბავი
0