რა მოხდება, თუ ნედლ ნიორს ყოველდღე მიირთმევთ: საფრთხეები და ნორმა
16:57 06.10.2022 (განახლებულია: 10:48 17.08.2023)
© photo: Sputnik / Stringer
/ გამოწერა
თბილისი, 6 ოქტომბერი − Sputnik. ნიორი, გარდა იმისა, რომ საკვები პროდუქტია, ამავე დროს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალი წამალიცაა და პროფილაქტიკის საშუალებაც, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, ნიორი:
არეგულირებს არტერიულ წნევას,
აწესრიგებს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონეს,
კარგად ათხელებს სისხლს,
არის ძლიერი ანტიოქსიდანტი.
ნივრის სამკურნალო-პროფილაქტიკური თვისებები განპირობებულია მასში შემავალი ნივთიერებებით: პრებიოტიკური ბოჭკოებით, გოგირდის შემცველი ისეთი ნაერთით, როგორიცაა ალიინი (გარდაიქმნება ალიცინად), დიალილ დისულფიდით, აჟოენით, S-ალილცისტეინით და ა.შ., აგრეთვე ეთერზეთებით.
ამასთან ექსპერტები წერენ, რომ თერმული დამუშავების შედეგად ნიორი სასარგებლო თვისებების ნაწილს კარგავს, ამიტომ ვისაც მისი სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის გამოყენება სურს, ნედლი სახით უნდა მიირთვას.
ხოლო იმისათვის, რომ ნიორმა თუნდაც ზოგიერთი სასარგებლო თვისება შეინარჩუნოს კერძში, ის სადილში ჩამატებამდე 30 წუთით ადრე უნდა დაჭყლიტოთ და ასე დატოვოთ. ეს საშუალებას მისცემს ნიორში შემავალ ალინსა და ალინაზეს, თერმომდგრად ალიცინად გარდაიქმნას და პროდუქტს სასარგებლო თვისებები შეუნარჩუნოს.
შეიძლება თუ არა ნიორმა გაწყინოთ?
დიახ, შეიძლება, თუ მას დიდი რაოდენობით მიირთმევთ. ამიტომ საჭიროა ზომიერების დაცვა, ვინაიდან ზოგ შემთხვევაში ნივრით გამოწვეული პრობლემა შესაძლოა სახუმარო სულაც არ იყოს.
მაგალითად, დიდი რაოდენობით ნიორს შეუძლია:
ისე გაათხელოს სისხლი, რომ სისხლდენა დაიწყოს. ამიტომაცაა, რომ ექიმები პაციენტებს ქირურგიულ ოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე ნივრის ჭამას უკრძალავენ.
დააზიანოს ღვიძლი − კვლევებით დადგინდა, რომ რეგულარულად ჭარბი რაოდენობით მიღებული ნიორი ღვიძლს აზიანებს. უსაფრთხო რაოდენობა − ეს სხეულის მასის ერთ კილოგრამზე 0,25 გრამი ნიორია. ანუ თუ ადამიანი 70 კგ-ს იწონის, მისთვის ნივრის მაქსიმალური რაოდენობა 17,25 გრამია, ანუ ექვსიოდე კბილი.
ამასთან მკვლევარები ხაზს უსვამენ, რომ ზომიერი რაოდენობით ნიორი ღვიძლისთვის სასარგებლოც კია. მაგალითად, მათ, ვინც ნედლ ნიორს კვირაში ორჯერ მაინც იღებს დასაშვები ოდენობით, ღვიძლის კიბო ბევრად ნაკლებად ემუქრებათ, ვიდრე მათ, ვინც საერთოდ არ ჭამს, ან ამაზე ნაკლებ ნიორს მიირთმევს.
გარდა ამისა, ზომიერი რაოდენობით ნედლი ნიორი ასევე ამცირებს ღვიძლის გაცხიმოვნების რისკს, თუ მას კვირაში საშუალოდ ოთხ-ექვსჯერ მიირთმევთ. ამაზე მეტი კი პირიქით, რისკს ზრდის.
ამასთან ცნობილია ისიც, რომ ნივრის ჭარბი რაოდენობა ასევე იწვევს:
გულისრევის შეგრძნებას,
კუჭის სპაზმებს,
გაზების დაგროვებას,
თავის ტკივილს,
დიარეას.