მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაზარდა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2022
გამოწერა
მოსალოდნელია, რომ 2023 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა შენელდება, სავარაუდოდ, 4,2 პროცენტამდე, რაც ასახავს 2022 წელს მძლავრი აღდგენის სტიმულის შესუსტებას, მიაჩნიათ მსოფლიო ბანკში.
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,5%-დან 8,8%-მდე გაზარდა, განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.
მსოფლიო ბანკმა მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5,5%-დან 2,5%-მდე შეამცირა, ხოლო მაისში 5,5% ნიშნულზე დააბრუნა.

„ეს ამ მომენტისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მთლიანად ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. ეს მეტწილად განპირობებულია ადგილობრივი მოთხოვნის და ფულადი გადარიცხვების მატებით, ისევე, როგორც ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან მიღებული შემოსავლის ზრდით“, – განაცხადა მოლინეუსმა.

ამასთან, მისი თქმით, მსოფლიო ბანკს მიაჩნია, რომ როგორც საქართველოს მთავრობამ, ისე ეროვნულმა ბანკმა უნდა შეინარჩუნონ სიფხიზლე.
„რა თქმა უნდა, თუ ინფლაცია გაიზრდება, საჭირო იქნება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება... ჩვენ მთავრობას ვურჩევთ, შეინარჩუნოს წინდახედული მიდგომა ფისკალური თვალსაზრისით და გამოიყენოს ნებისმიერი დამატებითი შემოსავალი, რათა შეამსუბუქოს გარკვეული ფისკალური ტვირთი“, – განაცხადა მან.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2023 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა შენელდება, სავარაუდოდ, 4,2 პროცენტამდე, რაც უკავშირდება 2022 წელს მძლავრი აღდგენის სტიმულის შესუსტებას, ევროკავშირში ეკონომიკური ზრდის შემცირებას და 2023 წელს რუსეთში წარმოებული პროდუქციის მოცულობის მოსალოდნელზე უფრო მკვეთრ ვარდნას.
2023 წელს ასევე მოსალოდნელია ფასების ზრდის ტენდენციის კლება, რადგან მოთხოვნა შემცირდება და გრძელვადიანი კონტრაქტები ფიქსირებული ფასებით, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს საქართველოში ენერგომატარებლების ფასით გამოწვეული შოკების შერბილებას.

რა პროგნოზი აქვს ხელისუფლებას

თავის მხრივ, საქართველოს მთავრობამ გადახედა მშპ-ის ზრდის პროგნოზს და გაზარდა ის 6%-დან 8,5%-მდე – არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპებიდან გამომდინარე.
2022 წლის აგვისტოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 10,5% შეადგინა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო რვა თვის რეალური ზრდის ტემპის საშუალო მაჩვენებელი წლის დასაწყისიდან არის 10,3%.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი კლების შემდეგ, 2021 წლის აპრილიდან საკმაოდ სწრაფი აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, რაც თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ეს არის ექსპორტისა და იმპორტის ზრდა, ფულადი გზავნილები და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,4% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0