დეპუტატებმა საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას მხარი დაუჭირეს

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის შენობა
პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2022
გამოწერა
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო რეგლამენტში ცვლილებები, რომელიც მთავრობაზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას ითვალისწინებს.
კანონმდებლებმა კანონპროექტი 98 ხმით, ერთხმად მიიღეს.

„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ შემუშავებული12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი იყო საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და გაუმჯობესება“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

ამასთან დაკავშირებით აღნიშნული კომიტეტის ინიციატივით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდა როგორც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“, ისე საპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის წარმომადგენლებით.
„ჩატარდა ნორმატიული აქტების კვლევა და მიღებული შედეგები გარკვეულწილად დაედო საფუძვლად იმ ცვლილებების განხორციელებას, რაც საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდას ემსახურება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა პლენარულ სხდომაზე საკითხის წარდგენისას.
ცვლილებები შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება, პრემიერ-მინისტრის ანგარიში, მინისტრის საათი, საქართველოს მთავრობის წევრის და სხვა თანამდებობის პირების მოსმენა, პარლამენტის წევრის კითხვა, ინტერპელაცია და ა.შ.
ელექტრონული კენჭისყრა საქართველოში: პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო>>>
ცვლილებების თანახმად, მცირდება პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა, რომელიც, ნაცვლად 15 დღისა, განისაზღვრება 10 დღით.
საპარლამენტო კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე თანამდებობის პირებმა უნდა წარმოადგინონ დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები.
მთავრობის წევრი ვალდებული ხდება „მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლამდე 5 დღით ადრე პარლამენტს ანგარიში წერილობითი ფორმით წარუდგინოს. აღნიშნული შესწორების მიზანი პარლამენტის წევრთა მეტი ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდაა.
მცირდება კომიტეტის მიერ თემატური მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების კვორუმი და, ნაცვლად სიითი შემადგენლობის უმრავლესობისა, გადაწყვეტილების მიღება მოხდება კომიტეტის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით.
თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ შემუშავებული დასკვნის პარლამენტის სხდომაზე გატანა შესაძლებელი იქნება მიუხედავად იმისა, თემატური მოკვლევის საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულია ცალკეული კომიტეტის, თუ პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭოს მიერ.
კომიტეტის თავმჯდომარე ვალდებულია, ფრაქციის და პოლიტიკური ჯგუფის მოთხოვნის საფუძველზე შესაბამისი თანამდებობის პირი სხდომაზე არაუგვიანეს 3 დღის ვადაში მოიწვიოს.
ყველა ახალი ამბავი
0