ვირუსები და მშობლების „უგუნური ბანდიტიზმი“: გაიცანით პედიატრ კომაროვსკის რეკომენდაციები

© Pexels / Tima Miroshnichenkoსიცხიანი ბავშვი
სიცხიანი ბავშვი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2022
გამოწერა
თბილისი, 5 ოქტომბერი − Sputnik. მშობლებო, იზრუნოთ არა მხოლოდ ბავშვების, არამედ საკუთარ ჯანმრთელობაზეც, რათა შემდეგ ისევ ჩვენი შვილები არ დავასნებოვნოთ, ამბობს უმაღლესი კატეგორიის პედიატრი, საყოველთაოდ ცნობილი ექიმი ევგენი კომაროვსკი.
ექიმმა სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით რეკომენდაციები ჩამოწერა, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს და გაითვალისწინოს. მაშ ასე, დოქტორი კომაროვსკი გირჩევთ:
დაიმახსოვრეთ ყველაზე მთავარი: მნიშვნელობა არ აქვს, რა ჰქვია ვირუსს: სეზონური, ღორისა თუ სპილოსი. მნიშვნელოვანია ის, რომ:
ეს ვირუსია
ვირუსი ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის
ვირუსი აზიანებს სასუნთქ გზებს.
ეს სამი პუნქტი სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ პროფილაქტიკისა და მკურნალობის წესები ჩამოვაყალიბოთ.

პროფილაქტიკა

თუ თქვენს ან ბავშვის სისხლში ანტისხეულები არ არის, ვირუსი იოლად მოგერევათ. ანტისხეულებს ორ შემთხვევაში შეიძენთ: ან უნდა აიცრათ, ან ავადმყოფობა უნდა გადაიტანოთ.

იცოდეთ, აცრა დაგიცავთ არა ზოგადად ვირუსებისგან, არამედ კონკრეტულად გრიპის ვირუსისგან. ამიტომ გაიკეთეთ აცრა. დიახ, გეთაყვა, აუცილებლად აიცერით!

ვაქცინა გრიპის ვირუსის ყველა იმ ვარიანტისგან დაგიცავთ, რომლებიც სწორედ კონკრეტულ წელსაა აქტუალური. იცოდეთ, ყველა წელს სხვადასხვა ვაქცინა მზადდება. ეს სადარბაზოს წინ საჭორაოდ ჩამომსხდარმა ბებიებმა არ იციან, როგორი ვირუსი იქნება წელს, მედიცინამ კი იცის.
თუ ახალგაზრდა და ჯანმრთელი ბრძანდებით და დარწმუნებული ხართ, რომ გრიპი არ გემუქრებათ, მაშინ კარგად დაიმახსოვრეთ:

სწორედ თქვენნაირი ახალგაზრდები და ჯანმრთელები გადასდებენ ხოლმე გრიპს ბავშვებს, მოხუცებსა და არცთუ ჯანმრთელ ადამიანებს, რომლებიც მერე იღუპებიან კიდეც ამ გრიპისგან!

იცოდეთ, აცრა არასდროს არაა გვიან! აცრა ყველასთვის სასურველია, მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელია პირველ რიგში:
6 თვიდან 2 წლამდე ბავშვებისათვის;
65 წელს ზემოთ მოხუცებისათვის;
ასთმით, დიაბეტით, იშემიით და ა.შ. დაავადებულებისათვის;
იმუნოდეფიციტის მქონეებისათვის;
ორსულებისათვის (ფეხმძიმობის ნებისმიერ ვადაში).
არ არსებობს არავითარი ხალხური წამალი თუ მეთოდი, რომლის პროფილაქტიკური ეფექტურობა დადასტურებული იქნება. ანუ, ვერანაირი ხახვი, ნიორი, არაყი თუ ბავშვისთვის პირში ჩაჩრილი რაღაც აბები ვერ დაგიცავთ ვერანაირი გრიპისგან. ეს ვითომ ანტივირუსული საშუალებები, ინტერფერონის პრეპარატები თუ ინტერფერონის წარმომქმნელი სტიმულატორები, იმუნიტეტის სტიმულატორები თუ სასწაულად სასარგებლო ვიტამინები — ეს ყველაფერი არის წამლები, რომელთა ეფექტურობა არ დადასტურებულა. ისინი მხოლოდ ჩვენს მთავარ მენტალურ მოთხოვნას აკმაყოფილებს, რომ „რაღაც უნდა ვიღონოთ“. ამ წამლების ძირითადი სარგებლობა ფსიქოთერაპიაშია: გჯერათ და გშველით.
ვირუსის წყარო — ეს ადამიანია. რაც ნაკლებია ადამიანი, მით მცირეა დაავადების შანსი. გადავსებულ ტრანსპორტში ასვლას ნამდვილად ჯობს ფეხით რამდენიმე გაჩერების გავლა, ხოლო თუ ხალხმრავალ სუპერმარკეტში ზედმეტად შესვლასაც თავს აარიდებთ, ეს საერთოდაც ბრძნული გადაწყვეტილება იქნება.
და, კიდევ: ნიღაბი სასარგებლო რამაა, მაგრამ არა პანაცეა. ისეირნეთ ბევრი და ნიღბის გარეშე. ამ დროს ვირუსის „აკიდება“ პრაქტიკულად არარეალურია და არაფერში გჭირდებათ ნიღბით „პაკაზუხობა“ – ნორმალურად ისუნთქეთ სუფთა ჰაერი.
ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა შენობაში − დაახლოებით +20°-ია, ხოლო ტენიანობა − 50–70%. დაჟინებით მოითხოვეთ საბავშვო ბაღებში, სკოლებსა თუ სხვა საბავშვო დაწესებულებებში ოთახების ხშირი განიავება. ამასთან, ჯობს თბილად ჩაიცვათ, ვიდრე დამატებითი გამათბობლები ჩართოთ შენობაში.
ახლა ლორწოვანა: მისი გამოშრობის შემთხვევაში ადგილობრივი იმუნიტეტი სუსტდება და ვირუსები იოლად აღწევს ორგანიზმში. ამიტომ დაიტენიანეთ ლორწოვანა − ეს ელემენტარულია:
გახსენით 1 ჩაის კოვზი ჩვეულებრივი საკვები სოდა 1 ლიტრ გადადუღებულ წყალში. შემდეგ ჩაასხით ხსნარი ნებისმიერ შხაპუნა (пшикалка) ან პიპეტიან ფლაკონში და რეგულარულად, თუნდაც 10 წუთში ერთხელ, ისხურეთ ცხვირში.
ან შეიძინეთ აფთიაქში ფიზიოლოგიური ხსნარი თუ უკვე მზა „სალინი“, „აკვა მარისი“, „ჰიუმერი“, „ფიზიომერი“, „აკვაროლი“, „დოლფინი“ და სხვ.
ეს, რაც შეეხებოდა პროფილაქტიკას. ახლა კი მკურნალობა.
უპირველესად, ნუ აჰყვებით რეკლამასა თუ „სამედიცინო“ შარლატანებს და ნუ ეცდებით თვითმკურნალობის წესით „დახოცოთ ვირუსები“ რაღაც პრეპარატებით. ეს არ გიშველით! ეს დროის, ძალისა და სახსრების ფუჭი ფლანგვაა.
რესპირატორული დაავადებებისა და ზოგადად გრიპის მკურნალობა — ეს აბების ყლაპვა კი არ არის, არამედ იმგვარი პირობების შექმნაა, რომელშიც ორგანიზმი იოლად გაუმკლავდება ვირუსებს.

მკურნალობის წესები

ჩააცვით ბავშვს თბილად, ხოლო ოთახში შეინარჩუნეთ სიგრილე და ტენი: ტემპერატურა 18–20°, ხოლო ტენიანობა — 50–70%.
კატეგორიულად გიკრძალავთ ბავშვისთვის (ან თქვენთვის) საკვების დაძალებას. თუ ბავშვს შია, მიეცით მსუბუქი, ნახშირწყლების შემცველი, თხევადი საკვები.
მიეცით ბავშვს ბევრი სითხე და თავადაც ბევრი სვით: კომპოტი, წვენი, ჩაი (შეგიძლიათ ჩაიში წვრილად ჩაჭრათ ვაშლი), ქიშმიშისა და კურაგის ნახარშები. დაე, დალიოს ბავშვმა ის, რაც თავად სურს, ოღონდ დალიოს. სითხის ტემპერატურა სხეულის ტემპერატურისა უნდა იყოს. მიღებული სითხის რაოდენობა საკმარისია, თუ შარდვა სამ საათში ერთხელ ხდება. თუ ეს ინტერვალი ექვს და მეტ საათს შეადგენს, ე.ი. სითხის დეფიციტი კრიტიკულია.
ხშირად იწვეთეთ ცხვირში ფიზიოლოგიური ხსნარი.
ყველა სხვა პროცედურა (მაგალითად, საწყალი თხებისა თუ მაჩვების ქონით სხეულის დაზელვა — ეს ჩვეულებრივი საბჭოური სადიზმი და ფსიქოთერაპიაა სერიიდან „რამე უნდა ვიღონოთ“; ხოლო ბავშვისთვის ფეხების დათბილვა (ტაშტში მდუღარე წყლის წამდაუწუმ ჩამატებით), ორთქლის ინჰალაციები მდუღარე ჩაიდანზე და მათი სპირტოვანი სითხეებით ზელვა — მშობლების უგუნური ბანდიტიზმი.
თუ ბავშვს მაღალი სიცხე აქვს, ოპტიმალურია „პარაცეტამოლი“ ან „იბუპროფენი“. პატარებისთვის კატეგორიულად დაუშვებელია ასპირინის მიცემა.

გახსოვდეთ: ბავშვი+ვირუსი+ასპირინი=ღვიძლისთვის მომაკვდინებელ ხიფათს.

მთელი ჩვენი უბედურება ისაა, რომ მკურნალობად თბილად ჩაცმა, ჰაერის გაწმენდა, ბევრი სითხე და ნაკლები საკვები კი არ მიიჩნევა, არამედ მამიკოს აფთიაქში გაგზავნა. არადა, ზედა სასუნთქი გზების დასნებოვნებისას (ცხვირი, ყელი, ხორხი) არანაირი ამოსახველებელი საშუალება საჭირო არ არის — ეს კიდევ მეტად გააძლიერებს ხველას. ქვედა სასუნთქი გზების დასნებოვნებისას (ბრონქიტი, პნევმონია) კი საერთოდ დაუშვებელია თვითმკურნალობა.
წამლების მიღება, რომლებიც თრგუნავს ხველას (ინსტრუქციაში ასეც უწერიათ: „ხველის საწინააღმდეგო მოქმედება") — დაუშვებელია კატეგორიულად!!!

კიდევ ერთხელ:

ხველების საწინააღმდეგო ყველა სიროფი ორ წლამდე ბავშვისთვის — უკუჩვენებითია;
ექვს წლამდე ბავშვებისთვის — რეკომენდებული არ არის;
ექვსი წლის შემდეგ კი — საჭირო აღარ არის, ვინაიდან მათი ეფექტურობა, სითხის ჭარბად მიღებასთან შედარებით, დამტკიცებული არ გახლავთ.
გახსოვდეთ:
ვირუსული ინფექციები არ იკურნება ანტიბიოტიკებით. ისინი კი არ ასუსტებს, არამედ კიდევ მეტად აძლიერებს დაავადების გართულების რისკს.
ინტერფერონები — ეს არის წამლები, რომელთაგან ნაწილის ეფექტურობა დაუდასტურებელია, ხოლო ნაწილის არაეფექტურობაა დამტკიცებული.
ჰომეოპათია — ეს ბალახებით კი არა, დამუხტული წყლით მკურნალობაა. მართალია, უსაფრთხოა, მაგრამ ესეც ფსიქოთერაპიაა (სერიიდან „რაღაც უნდა ვიღონო“).

როდისაა საჭირო ექიმი?

ყოველთვის, მაგრამ ეს არარეალურია. ამიტომ ჩამოგითვლით სიტუაციებს, როდესაც ექიმი უბრალოდ აუცილებელია:
თუ ავადმყოფობის მეოთხე დღეს გაუმჯობესება არ შეინიშნება;
თუ მეშვიდე დღეს სხეულის ტემპერატურა კვლავაც მაღალია;
თუ მდგომარეობა კვლავ გაუარესდა გაუმჯობესების შემდეგ;
თუ მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის ზომიერი სიმპტომებისას შეინიშნება გამოხატული სიმძიმე;
თუ ავადმყოფს დაეწყო წყურვილი, ქოშინი, ინტენსიური ტკივილები, ჩირქოვანი გამონადენი, რასაც თან შესაძლოა ახლდეს კანის სიფერმკრთალე;
თუ ხველა გაძლიერდა, ხოლო ღრმად ჩასუნთქვა ხველის შეტევას იწვევს.
ყველა ახალი ამბავი
0