„ალტ-ინფოს“ ლიდერი საქართველოდან რუსეთში გადადის

© photo: Sputnik / Stringerქართველი ულტრამემარჯვენეები და „ალტ-ინფოს“ ლიდერი კოკა მორგოშია ზუგდიდში
ქართველი ულტრამემარჯვენეები და „ალტ-ინფოს“ ლიდერი კოკა მორგოშია ზუგდიდში - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2022
გამოწერა
მორგოშიას თქმით, ის თავის მოძრაობას რუსეთიდან დააფინანსებს.
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ და პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე (კოკა) მორგოშია საქართველოს ტოვებს და რუსეთში გადასვლას აპირებს.
ამის შესახებ ინფორმაცია მორგოშიამ ტელეარხ „TV პირველთან“ დაადასტურა. მორგოშიას თქმით, ის რუსეთში საქმიანობის გაგრძელებას ბიზნესის სფეროში აპირებს.
„მოლაპარაკებები ფაქტობრივად დავასრულე და ბიზნეს-აქტივობით გადავდივარ რუსეთის ფედერაციაში. დროის დიდ ნაწილს გავატარებ რუსეთში. ჩემი ბიზნესისთვის იქ უფრო დიდი შესაძლებლობებია, ვიდრე აქ", – განაცხადა მორგოშიამ.
მორგოშიას თქმით, ის მოძრაობას რუსეთიდან დააფინანსებს.
პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ ინტერნეტ-პლატფორმა „ალტ-ინფოს“ ბაზაზე 2021 წლის 20 ნოემბერს შეიქმნა. მისი დამფუძნებლები ცნობილი არიან ჰომოფობიური შეხედულებებით. მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს 2021 წლის 5 ივლისს თბილისში მომხდარ არეულობებში. აქცია თავდაპირველად მიმართული იყო ლგბტ-თემის წინააღმდეგ, თუმცა შემდეგ აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა მოაწყვეს, სასტიკად გაუსწორდნენ ყველას, ვინც დაინახეს მიკროფონით ან კამერით ხელში.
მაშინ „ალტ-ინფოს“ ლიდერი ზურაბ მახარაძე პროკურატურაში კი დაიბარეს, მაგრამ მხოლოდ გაესაუბრნენ და გამოუშვეს. არეულობების რამდენიმე რიგითი მონაწილე სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული.
5 ივლისს არეულობის დროს 55 ადამიანი დაშავდა, მათგან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო.
ერთი წლის შემდეგ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „კონსერვატიული მოძრაობის“ აკრძალვის შესახებ სარჩელი მოამზადა, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
სახალხო დამცველის სამართლებრივი შეფასებით, 2021 წლის 5 ივლისის საჯარო ვიდეომასალები საშუალებას იძლევა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ მახარაძე. სახალხო დამცველის თქმით, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგაც პროკურატურას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის არცერთი სისხლის სამართლის საქმე არ აღუძრავს.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2021 წლის 5 ივლისს ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი 53 პირი გახდა, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია თავდასხმებში მონაწილე 27 ადამიანის მიმართ.
ყველა ახალი ამბავი
0