თუ ხელ-ფეხი გეყინებათ: მიზეზები და ქმედითი რჩევები
16:48 04.10.2022 (განახლებულია: 10:48 17.08.2023)
© Pixabay / MabelAmberხელთათმანები
© Pixabay / MabelAmber
გამოწერა
თუ იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებით, ვისაც გამუდმებით ეყინება ხელები ან ფეხები, გირჩევთ ამ პუბლიკაციას გაეცნოთ.
ბევრს მიაჩნია, რომ გამუდმებით გაყინული ხელებისა და ფეხების მიზეზი სისხლის ცუდი მიმოქცევაა, მაგრამ როგორც ექიმები ამბობენ, სინამდვილეში ეს მოსაზრება მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება სიმართლეს.
საქმე ისაა, რომ ორგანიზმის სისხლით მომარაგებისას სისხლძარღვები სხეულის კომფორტულ ტემპერატურასაც უზრუნველყოფს. როცა გარეთ ტემპერატურა ეცემა, ანუ აცივდება, კანის რეცეპტორები ტვინს მყისიერად აძლევს დავალებას, მიიღოს ზომები. პასუხად – კიდურებში სისხლძარღვები ვიწროვდება, რაც სხეულის შიგნით საჭირო ტემპერატურის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ეს პროცესი ეხმარება ორგანიზმს, სიცოცხლე შეინარჩუნოს კრიტიკულ მომენტებში.
მაგრამ ზოგ ადამიანს ეს მექანიზმი ტემპერატურის უმცირესი ცვლილებისთანავე ერთვება.
ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევების თანახმად, მსგავსი რამ ყველაზე ხშირად ქალებს ემართებათ, ვინაიდან მათი ჰორმონები გამუდმებით მერყეობს. საუბარია ესტროგენებზე, რომლებიც, მათ შორის, სხეულის ტემპერატურაზეც აგებს პასუხს. ამიტომაც ქალები უფრო მგრძნობიარენი არიან სიცივის მიმართ, ვიდრე მამაკაცები.
გარდა ამისა, სიცივისადმი მაღალი მგრძნობელობა ასევე მეტყველებს დაავადებაზე, რომელიც რეინოს სინდრომის სახელითაა ცნობილი. ეს დაავადება ყველაზე ხშირად თითებსა და ტერფებს ერევა, ხანდახან კი ცხვირსა და ყურებსაც. რეინოს დროს კიდურები უბრალოდ კი არ იყინება, არამედ ცისფერ ან თეთრ შეფერილობას იღებს სისხლის ცუდი მიმოქცევის გამო. ამას ზოგჯერ უბრალოდ თბილი წინდებისა და ხელთათმანების ჩაცმა შველის (თუ დაავადება მსუბუქი ფორმისაა), ზოგჯერ კი მისი მკურნალობა სპეციალური პრეპარატებითაა აუცილებელი, რათა სისხლძარღვები გაფართოვდეს.
მუდმივად ცივ ხელებს ასევე შესაძლოა სხვა დაავადებებიც განაპირობებდეს. მაგალითად, ჰიპოტირეოზი, წითელი მგლურა ან შაქრიანი დიაბეტი. სხვათა შორის, სისხლში რკინისა და ვიტამინ В12-ის დაბალ დონეს ასევე აქვს მსგავსი სიმპტომები.
თუ მხოლოდ ხელები გეყინებათ, შეეცადეთ ფიზიკური აქტივობით გაითბოთ, რამდენიმე მარტივი ვარჯიშით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის წყალს სვამდეთ.
გაყინული კიდურების კიდევ ერთი მიზეზი არის დაბალკალორიული საკვები. ყველაზე ხშირად ამის გამო პრობლემა ექმნებათ ქალებს, რომლებიც გახდომას ცდილობენ. დიეტაზე მყოფი ქალბატონები არ იღებენ საკმარისი რაოდენობის ცხიმებსა და ნახშირწყლებს, ცილებსა თუ სხვა მიკროელემენტებს, რის გამოც გამუდმებით სცივათ.
უნდა იცოდეთ ისიც, რომ ხელ-ფეხი გაგეყინებათ, თუ მოჭერილ ნივთებს ატარებთ: სამაჯურებს, ბეჭდებს, საათს... ამ დროს სისხლის მიმოქცევა ირღვევა და ორგანიზმს სცივა. სხვათა შორის, სისხლის ცირკულაციაზე ნეგატიურად მოქმედებს სტრესები და ძლიერი ფსიქიკური მღელვარებაც.
დაიმახსოვრეთ: მუდმივად გაყინულ კიდურებს შესაძლოა სერიოზული მიზეზები ჰქონდეს: სისხლძარღვოვანი დისტონია, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, რკინის დეფიციტური ანემია და სხვ.
როგორ მოვიქცეთ, თუ ხელები და ფეხები მუდმივად გაყინული გვაქვს?
უპირველესად, ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე გამორიცხეთ, რომ არანაირი სერიოზული დაავადება არ გჭირთ.
შეიცვალეთ ცხოვრების წესი: მეტი იარეთ ფეხით, ივარჯიშეთ. კარგი მეთოდია აბანო, რომელიც კიდეც ათბობს, კიდეც აახალგაზრდავებს და კიდეც კურნავს. აბანოს შემდეგ ორგანიზმის ყველა სისტემა გაორმაგებული ძალით იწყებს მუშაობას და გაყინული კიდურებიც თბება.
ყურადღება მიაქციეთ კვებას: მიიღეთ სრულფასოვანი საკვები, სვით ბალახეული ჩაი. განსაკუთრებით კარგია ჯანჯაფილის ჩაი (ჯინჯერი). დაივიწყეთ ყველა მავნე ჩვევა: მოწევა და ალკოჰოლი. განსაკუთრებით ცუდ გავლენას კიდურების სიცივეზე ნიკოტინი ახდენს, რომელიც სისხლძარღვების სპაზმსა და სისხლის მიმოქცევის დარღვევას იწვევს.
უარი თქვით ტანზე მოტკეცილ-მოჭერილ სამოსზე, მაგალითად, წინდებზე, ბანდაჟზე... ასევე ფეხსაცმელზე.
არ დაგავიწყდეთ თბილად ჩაცმა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – გადაჭარბებულად. ზედმეტად „მძიმე“ ჩაცმა სისხლის ნორმალურ მიმოქცევას ხელს უშლის.