„თქვენთან სასაუბრო არაფერი მაქვს“ - სააკაშვილმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა

© photo: Sputnik / Stringerენმ-ის მხარდამჭერები სასამართლოსთან
ენმ-ის მხარდამჭერები სასამართლოსთან - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2022
გამოწერა
ადვოკატის თქმით, ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც მასთან პროკურორი და მოსამართლე შევიდნენ.
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ჩვენების მიცემაზე უარი თქვა, რის გამოც სასამართლო სხდომა კვლავ გადაიდო.
სასამართლოს ნაცვლად კლინიკაში გასვლითი სხდომის ჩატარების გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც სასამართლოს წარედგინა კლინიკის ცნობა, რომლის თანახმადაც სააკაშვილის ჩვენების მიცემა შეეძლო. ამრიგად, სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
„ადვოკატმა სააკაშვილთან კონსულტაციის შემდეგ განაცხადა, რომ მას ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა და არ შეუძლია ჩვენების მიცემა. როდესაც შევედით პალატაში, სასამართლოს შეკითხვაზე აძლევდა თუ არა ჩვენებას, სააკაშვილმა განმარტა „თქვენთან სასაუბრო არაფერი არ მაქვს“ არც ექიმთან კონსულტაციამდე და არც მისი კონსულტაციის შემდეგო“, - აღნიშნა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.
თავის მხრივ, სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც მას „პალატაში შეუვარდნენ“. ადვოკატის ინფორმაციით, სააკაშვილს ჰქონდა სამედიცინო კრიზი, წნევის მკაფიო ცვალებადობა, რის გამოც საჭირო გახდა სამედიცინო ჩარევა.
„ამ დროს ძალიან მაღალია რისკი, რომ ჯანმრთელობის მოულოდნელი გართულება მოხდეს და დადგეს ფატალური შედეგი... რეალურად, პროკურატურა და სასამართლო შეუვარდნენ მესამე პრეზიდენტს, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არის მწოლიარე მდგომარეობაში”, - განუცხადა ჟურნალისტებს შოთა თუთბერიძემ.
სააკაშვილი 12 მაისიდან მკურნალობის კურსს გადის სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები მის მდგომარეობას აფასებენ როგორც სტაბილურს, საზოგადოებისთვის მისი დიაგნოზი უცნობია.
ექს-პრეზიდენტთან შესახვედრად საქართველოში ჩამოვიდა ამერიკელი ადვოკატი მესიმო დ’ანჯელო და ორი ექიმი - ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლახანი და ჯეიმს კობი, რომელიც, სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ნობელის პრემიის ლაურეატია და საქართველოში თავისი ინიციატივითა და ხარჯით ჩამოვიდა.
უცხოელი ექსპერტების მოწვევის ინიციატივა სააკაშვილის ადვოკატებს ეკუთვნის. მათი აზრით, ცენტრ „ემპათიის“ სპეციალისტებთან ერთად უცხოელი ექსპერტების დასკვნა გახდება საფუძველი სასამართლოს წინაშე ექს-პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობის დასაყენებლად.
ჯეიმს კობმა სააკაშვილთან შესვლა ამ დრომდე ვერ მოახერხა.
ამასთან დაკავშირებით სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში განმარტეს, რომ ცენტრმა „ემპათიამ“ 6 ივნისს მიმართა ცენტრს უცხოელი სპეციალისტებისთვის საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების თხოვნით.
სააგენტომ პროფესიული განვითარების საბჭოს ფორმატში იმსჯელა და სხდომის გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნის სპეციალისტებს - ერიკ გოლდსმიტს სპეციალობაში „ფსიქიატრია", ონდერ ოზქალიფჩს, სპეციალობაში „სასამართლო მედიცინა" და შახინ ემანუილ ლახანს, სპეციალობაში „ნევროლოგია", 6 თვის ვადით, მიენიჭათ საქართველოში დროებითი საექიმო საქმიანობის უფლება.
რაც შეეხება ჯეიმს კობისა და სტიუარტ ი. ფინკელის დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების საკითხს, ვინაიდან მათი სამუშაო აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ იყო წარმოდგენილი, პროფესიული განვითარების საბჭომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ამ ორი სპეციალისტის დოკუმენტი მხოლოდ 3 ოქტომბერს იყო წარდგენილი. როგორც სააგენტოში აღნიშნეს, ეს საკითხი განხილული იქნება პროფესიული განვითარების საბჭოს პირველივე სხდომაზე.

სააკაშვილის საქმე

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0