მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

The Sun: ირანის მორალის პოლიციამ 16 და 17 წლის გოგონები დახოცა

© AFP 2024
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2022
გამოწერა
თბილისი, 4 სექტემბერი − Sputnik. ირანის ზნეობისა და მორალის პოლიციამ კიდევ ორი გოგონა მოკლა, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ, იუწყება გამოცემა The Sun.
Amnesty International-ის ინფორმაციით, საუბარია 16 წლის ვლოგერ სარინა ესმაილზადესა და 17 წლის ნიკა შაკარამიზე. ორივე გოგონას თავის არეში მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა.
როგორც უფლებადამცველი ორგანიზაცია წერს, ესმაილზადეს ცხედარი, რომელსაც აშკარად აღენიშნებოდა თავში ხელჯოხით მიყენებული ჭრილობები, მხოლოდ ათი დღის შემდეგ გადასცეს ოჯახს. მშობლები მთელი ამ ხნის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ შვილს.
რაც შეეხება ნიკა შაკარამის, ის 20 სექტემბერს გაუჩინარდა უგზო-უკვლოდ. ოჯახის წევრებმა ის ბოლოს იმ მომენტში ნახეს, როდესაც გოგონა ბოთლითა და პირსახოცით ხელში გადიოდა სახლიდან, რაც საპროტესტო დემონსტრაციაზე ცრემლსადენი გაზისგან თავდასაცავად სჭირდებოდა.
როგორც ირკვევა, სულ ბოლოს ნიკამ მეგობარს დაურეკა და უთხრა, რომ პოლიცია მისდევდა. იმავე ღამით მისი Telegram- და ინსტაგრამ-აკაუნტები წაიშალა, ხოლო ტელეფონი გამოირთო.
მას შემდეგ გოგონას მთელი ოჯახი და სანათესავო ეძებდა როგორც ციხეებში, ისე საავადმყოფოებსა და პროზექტურებში. საბოლოოდ მის ცხედარს ერთ-ერთ პროზექტურაში მიაკვლიეს.
ნიკას თავის ქალა და სახის ძვლები ჰქონდა ჩანტვრეული, თუმცა გარდაცვალების შესახებ ოფიციალურ დასკვნაში ეწერა, რომ გოგონა სიმაღლიდან ჩამოვარდა და ამის შედეგად დაიღუპა. ოჯახს ოფიციალური ვერსიისა არ სჯერა, მით უმეტეს, რომ ფოტოზე, რომელიც მათ აჩვენეს, ნიკა ტროტუარზე წევს, გვერდით კი ისე აკურატულად უწყვია წყლიანი ბოთლი და ტელეფონი, თითქოს ვიღაცამ სპეციალურად დაულაგა ასე.
ირანში საპროტესტო აქციებმა მას შემდეგ იფეთქა, რაც ზნეობისა და მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინი გარდაიცვალა. უფლებადამცველების განცხადებით, ამინი პოლიციელებმა სასტიკად სცემეს, რის გამოც დაიღუპა კიდეც ახალგაზრდა ქალი. როგორც ორგანიზაცია Iran Human Rights აცხადებს, ამ დროისათვის ძალოვანებთან შეტაკებებში დაღუპულია მინიმუმ 133 ადამიანი. აქედან 92 კაცი – მაჰსა ამინის გარდაცვალებასთან დაკავშირებული აქციებისას, ხოლო კიდევ 41 ქალაქ ზაჰედანში მოწყობილ „სისხლიან პარასკევს“ შეეწირა. იქ მოსახლეობა მიტინგებზე მეზობელი ქალაქი ჩეჰბეჰარის პოლიციის შეფის მიერ 15 წლის გოგონას გაუპატიურების გამო გავიდა, პოლიციამ კი მათ ცეცხლი გაუხსნა.
ყველა ახალი ამბავი
0