ხუტლუბუღას მდაბალი შურისძიება: რატომ ვერ გადაურჩა დემეტრე II ყაენის რისხვას

© Pixabay / gersonmartinez16შურისძიება
შურისძიება - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2022
გამოწერა
საქართველოს მეფე დავით VII ულუ და მისი უფროსი ძე, უფლისწული გიორგი 1270 წელს „მუცლის სალმობას“ შეეწირნენ და ტახტი დავით ულუს უმცროს ძეს, დემეტრეს დარჩა.
მემატიანე დემეტრე II-ის შესახებ

„ტანითა ახოვან, ფერითა ჰაეროვან, შესახედავად ტურფა, თმითა და წვერითა მწყაზარ და მშუენიერ, თვალითა გრემან. ბეჭ-პრტყელ და შეწყობილ სამხედროთა წესითა, სრული ცხენოსანი და მშვილდოსანი რჩეული, უხვი, მოწყალე და მდაბალი, გლახაკთა, ქვრივთა და დავდრომილთა მოწყალე“

განშლაშეკუმშვა
უმძიმესი მემკვიდრეობა დააწვა მხრებზე მცირეწლოვან დემეტრეს. ქვეყანა მონღოლთა ბატონობისგან მოოხრებულ-განადგურებული იყო. ერთ დროს ხალხმრავალი დასახლებების ადგილზე ნასოფლარები და ნაქალაქარებიღა რჩებოდა — მონღოლური გადასახადებისგან წელში გაწყვეტილ გლეხობას კარ-მიდამო მიეტოვებინა და მთებში გახიზნულიყო. ამ ყველაფერს დაერთო 1275 წლის თითქმის ერთთვიანი მიწისძვრებიც, რამაც ლამის ბოლომდე გააჩანაგა ქვეყანა.

და, მაინც, ყმაწვილი დემეტრე არ შეუშინდა სიძნელეებს. უპირველესად დამპყრობლებთან მოაგვარა საქმეები. ქვეყნისთვის შეღავათების მიღწევის მიზნით მონღოლი ნოინის ასული სოლღარი შეირთო ცოლად, ხოლო თავისი ასული რუსუდანი ილხანთა სახელმწიფოს უპირველესი ვაზირის, ბუღას ძეს მიათხოვა. სწორედ ამ კავშირების წყალობით იყო, რომ მონღოლთა უმძიმესი უღელი შედარებით შემსუბუქდა საქართველოსთვის.
მოგვიანებით დემეტრე მეორე ბაგრატიონებსა და ჯაყელებს შორის არსებული მტრობის განეიტრალებასაც შეეცადა. სამცხის მთავარ ბექა ჯაყელს დაუმოყვრდა — მისი უმშვენიერესი ქალიშვილი ნათელა შეირთო ცოლად. მართალია, ამით დავით ულუს „დამსახურებით“ პირდაპირ მონღოლთა ყაენის სამფლობელოდ ქცეული სამცხე ვერ დაიბრუნა, მაგრამ ჯაყელები საჭიროების შემთხვევაში ქართველთა მეფეებს დიდ დახმარებას უწევდნენ უკვე.
მიუხედავად იმისა, რომ სამეფო ხაზინა ცარიელი იყო, მეფე მაინც ახერხებდა საქარავნო გზების მოწესრიგებას, მთებს შეფარებული ხალხის მამაპაპისეულ მიწებზე დაბრუნებას, დანგრეული მონასტრების აღდგენასაც და ახლის აშენებასაც. სწორედ მისი მეფობის ხანაში აიგო თბილისში მეტეხის დიდებული ტაძარი.
თვრამეტი წელიწადი იმეფა დემეტრე მეორემ და ამ მცირე დროში ბევრი გააკეთა ქვეყნისათვის. თუმცა იყო საკრალური შეცდომებიც, რამაც განსაზღვრა კიდეც მისი ტრაგიკული ბედი.
მონღოლთა ბატონობის უმძიმეს წლებში, როცა საქართველოს ჯერ ისევ დავით ულუ მართავდა, სამეფო კარზე სადუნ მანკაბერდელი აღზევდა — ეჯიბობა მიიღო. შემდეგ კი, უკვე დემეტრე მეორის მეფობისას, მონღოლების დახმარებით კიდევ მეტად განიმტკიცა ძალაუფლება — დემეტრემ ათაბაგობა და ამირსპასალარობა უბოძა სადუნს.
მანკაბერდელმა დიდძალი ქონება დააგროვა ანგარებითა და გაიძვერობით. მოზრდილ მამულებს ხომ ფლობდა საქართველოს სომხურ თემებში, ამასაც არ დასჯერდა, დემეტრეს თელავი, ბელაქანი, დმანისი და კარი გამოსტყუა — ანუ დიდ საქარავნო გზაზე მდებარე შემოსავლიანი ქალაქები.
მიუღებელი იყო დემეტრესთვის ყოფილი ყმის ესოდენი გადიდკაცება, მაგრამ სადუნს უკვე დიდი გავლენა ჰქონდა ყაენის კარზე და მეფეც იძულებული იყო შეგუებოდა მის თავგასულობას.
მანკაბერდელთა გავლენის შეკვეცა და მათი სახლის დამცრობა დემეტრემ სადუნის გარდაცვალების შემდეგღა მოახერხა. ათაბაგობა ტარსაიჭ ორბელს გადააბარა, სადუნის ვაჟ ხუტლუბუღას კი ამირსპასალარობა აკმარა — ისიც სიმბოლურად, ვინაიდან მას უკვე არავინ არაფერს ეკითხებოდა სამეფო კარზე.
განაწყენებულმა ხუტლუბუღამ ილხანთა ყაენში იპოვა მფარველი, მისი ერთგული მსახური გახდა. და როგორც კი შესაძლებლობა მიეცა, სასტიკად იძია შური დემეტრე მეორეზე.
დიდხანს ლოდინი არ მოუხდა. 1288 წელს მონღოლთა ყაენ არღუნის წინააღმდეგ შეთქმულება გამჟღავნდა, რომლის მეთავეობაც დემეტრეს ძველ მოყვარეს ბუღას დააბრალეს და სიკვდილით დასაჯეს — ისიც, მისი შვილიც, ყველა ნათესავიცა და შეთქმულების ყველა მონაწილეც. ხოლო დემეტრე ყაენის კარზე იხმეს.
სამეფო დარბაზმა ურჩია მეფეს, უარი შეეთვალა ყაენისთვის, რადგან მეტად დიდი იყო სიკვდილით დასჯის საფრთხე. მაგრამ ურჩობას კიდევ უფრო დიდი საფრთხე შეიძლებოდა მოჰყოლოდა: განრისხებული ყაენი საქართველოში დიდ ლაშქარს გამოგზავნიდა ქვეყნის მიწასთან გასასწორებლად.
და ბრძანა მეფემ:

„რა სარგებელ არს ცხოვრება ჩემი, უკეთუ ჩემთვის მრავალი სული მოკვდეს და მე ტვირთმძიმე ცოდვითა განვიდე სოფლისა ამისაგან? აწ მნებავს, რათა წარვიდე ყაენის წინაშე და იყოს ნება ღმრთისა: უკეთუ მე მომკლან, ვგონებ, ქვეყანა უვნებლად დარჩეს!“

მოვაკანში ყაენთან ჩასულ მეფეს ვითარება შეცვლილი დახვდა. არღუნს ისედაც უკვე დაეცხრო მრისხანება, თანაც დემეტრემაც შეძლო დაერწმუნებინა ყაენი, რომ შეთქმულებაზე წარმოდგენაც არ ჰქონდა და უდანაშაულო იყო.
მთავარი მაინც ის იყო, რომ მოვაკანს მდგარი არღუნ ყაენი დღე-დღეზე მოელოდა კავკასიის ქედზე „ოქროს ურდოს“ ლაშქრის გადასვლასა და მის სამფლობელოში შეჭრას. ასეთ დროს საქართველოს უმეფოდ დატოვება სარისკოდ მიაჩნდა. ამიტომაც არგნით ცემა აკმარა დემეტრეს. ხოლო მონღოლური წესისამებრ, ვინც არგნით გაიშოლტებოდა, ის სიკვდილით აღარ ისჯებოდა.
და, ალბათ, ყველაფერი ამით დასრულდებოდა, რომ არა სადუნ მანკაბერდელის ძის საშინელი შურისძიება. ხუტლუბუღამ ყაენი „დაამშვიდა“, საქართველოს სამეფო ტახტი ცარიელი არ დარჩება, თუ დავით ნარინის ძეს, უფლისწულ ვახტანგს გაამეფებთო. და ყაენს ჭკუაში დაუჯდა მისი რჩევა...
1289 წლის 12 მარტს, არღუნის ბრძანებით, მეფე დემეტრეს თავი მოჰკვეთეს.
თავდადებული მეფის ცხედარი კათალიკოსმა აბრაამმა და მოსე მღვდელმა ტფილისელი ვაჭრების დახმარებით გამოისყიდეს, მცხეთას ჩამოასვენეს და სვეტიცხოვლის ტაძარში მიაბარეს მიწას, რომელსაც ეგზომ ეთაყვანებოდა მეფე დემეტრე...
ყველა ახალი ამბავი
0