როგორ შეიცვლება ფასები საქართველოში - სოფლის მეურნეობის მინისტრი

© photo: Sputnik / Stringerპური
პური - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2022
გამოწერა
ექსპერტების განცხადებით, პურის ფასი ადგილობრივი და იმპორტირებული ხორბლისა და ფქვილის ფასზეა დამოკიდებული.
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. თუ მსოფლიო ბაზრებზე გარკვეულ საქონელზე ფასები შემცირდება, ეს საქართველოში ინფლაციაზეც აისახება, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2022 წლის სექტემბერში, გასული წლის სექტემბერთან შედარებით) 11,5% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%.
წელიწადზე გადაანგარიშებით ფასები გაიზარდა ტრანსპორტზე (14,1%), სასტუმროებსა და რესტორნებზე (15,7%), ჯანდაცვაზე შემცირდა 1,1%-ით. სურსათზე ფასები წლიური 15,8%-ით გაიზარდა.

„გარკვეულ პროდუქტებზე, შესაძლოა, იყოს მოლოდინი ფასების შემცირების და ეს, რა თქმა უნდა, შემდეგ თვეებში გავლენას იქონიებს ინფლაციაზე“, – განაცხადა შამუგიამ.

მინისტრის თქმით, ინფლაცია არის მეზობელ ქვეყნებშიც, ევროპაშიც და სხვაგან, თუმცა არის დადებითი დინამიკაც. მაგალითად, ხორბალზე მსოფლიო ბაზრებზე ფასების შემცირებაა და ამან უკვე იქონია გავლენა ქართულ ბაზარზეც. მწარმოებლების გარკვეულმა ნაწილმა პურის ფასი 10 თეთრით შეამცირა.
ექსპერტების განცხადებით, პურის ფასი ადგილობრივი და იმპორტირებული ხორბლისა და ფქვილის ფასზეა დამოკიდებული. შარშან ერთი ტონა ხორბალი მსოფლიო ბაზრებზე 500 დოლარი ღირდა, ახლა ორჯერ ნაკლები ღირს.
შამუგიამ ბრიფინგზე ქვეყნის ეკონომიკის ზრდის დადებით ტენდენციაზეც ისაუბრა.
საქართველოს ეკონომიკა მაღალი ტემპებით განაგრძობს აღდგენას – 2022 წლის აგვისტოში მშპ-ის რეალურმა ზრდამ, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10,5% შეადგინა. წლის დასაწყისიდან საშუალო რეალური ზრდის ტემპი 10,3%-ს შეადგენს.

„ეკონომიკაში გვაქვს ორნიშნა ზრდა და ვინარჩუნებთ ამას, გვაქვს მეტი შემოსავალი და, შესაბამისად, გაჩნდა საშუალება, რომ ბიუჯეტში მნიშვნელოვანი კორექტირებები მოხდეს, მათ შორის, ჩვენს ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ცვლილება შედის. მეტი შემოსავალი ნიშნავს მეტ საშუალებას, მეტ შესაძლებლობას, რომ ჩვენს ფერმერებს და მოსახლეობას დავეხმაროთ და ეკონომიკას მივცეთ მეტი სტიმული“, – განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ინფლაციური ზეწოლა საკმაოდ მაღალია საქართველოშიც და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.
რეგულატორის ანალიტიკოსების აზრით, ინფლაციურ რისკებს ასევე ის ფაქტიც აძლიერებს, რომ ერთმანეთის მიმყოლი შოკების ფონზე ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივად არის გადახრილი.
თუმცა, ბოლო დროს საერთაშორისო ბაზრებზე პოზიტიური ტენდენციაც შეინიშნება. როგორც ეროვნული ბანკი აღნიშნავს, მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ტენდენციები ეტაპობრივად ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემა და ინფლაციის დინამიკაზე დადებით გავლენას მოახდენს.
ამასთან რეგულატორი მიუთითებს, რომ შემდგომი ტენდენციები არსებითად არის დამოკიდებული გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე.
ყველა ახალი ამბავი
0