მოსაზრება: ვისთვისაა ხელსაყრელი დივერსია „ჩრდილოეთის ნაკადზე“

  - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2022
გამოწერა
ანდრეი კოცი
„ჩრდილოეთის ნაკადების“ აფეთქების ისტორია თანდათან ძალას იკრებს. კრემლი დივერსიაში შტატებს ადანაშაულებს, ევროპა კი მოსკოვისკენ იშვერს ხელს. სამხედრო ანალიტიკოსები თავიანთ ვერსიებზე საუბრობენ - ზღვის რელიეფის თავისებურებათა გამო ეჭვმიტანილთა წრე მცირდება.

ერთი წყალქვეშა ნავი

ამერიკული გაზეთის The Times-ის მტკიცებით, მოსკოვმა სცადა ევროპის დესტაბილიზაცია ენერგეტიკული კრიზისის დროს. თუმცა ჟურნალისტებთან არ დაუზუსტებიათ, რატომ უნდა აეფეთქებინა საკუთარი მილსადენი, თუ საკმარისი იყო ვენტილის გადაკეტვა. ამაზე უკვე ანალიტიკოსებიც საუბრობენ. ასე, მაგალითად, შვეიცარიის დაზვერვის ყოფილმა თანამშრომელმა ჟაკ ბომ Radio Courtoisie -სთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტა, რომ გაზის გარეშე კრემლი დაკარგავს გერმანიაზე ზეწოლის ყოველგვარ შესაძლებლობას. ამასთან, საუბარია მრავალმილიარდიან ზარალზე. „ნაკადებს“ ხომ, ძირითადად, რუსეთი აშენებდა.
ექსპერტების აზრით, ასევე შეუმდგარია „რუსული წყალქვეშა ნავის“ ვერსია, რომელმაც თითქოსდა ტორპედოები გაუშვა მილსადენებისკენ. აფეთქება მოხდა კუნძულ ბორნჰოლმის მახლობლად, დანიის ტერიტორიულ წყლებში. იქ განლაგებულია ნატოს წყალქვეშა მოსმენის სადგურები. ანალოგიური აპარატურა განთავსებულია ასევე ბალტიის ზღვის სხვა ნაწილებშიც. ნატოს ქვეყნების სამხედროები ოცდაოთხი საათი უსმენენ აკვატორიას და შესანიშნავად იციან, რა ხდება იქ.
რუსული წყალქვეშა ნავი, ბატისკაფი თუ დრონი ვერ შეძლებდა გაზსადენის ზონაში შეუმჩნევლად შესვლას. ამასთან, ზღვა ამ რაიონში არც ისე ღრმაა, დაახლოებით 80 მეტრია - წყალქვეშა აპარატი იოლად შესამჩნევია და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს ნავსაწინააღმდეგო თვითმფრინავიდან.
და ბოლოს - ბალტიის ფლოტის შეიარაღებაშია მხოლოდ ერთი წყალქვეშა ნავი „დმიტროვი“, რომელიც არ არის გამიზნული მსგავსი დივერსიებისთვის.
რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტს ბალტიკაში მხოლოდ სამი ბაზა აქვს - კალინინგრადში, ბალტიისკსა და კრონშტადტში. მათ მუდმივად თვალყურს ადევნებენ ამერიკული „პოსეიდონები“, რომლებსაც შეუძლიათ აფრენა პოლონეთიდან (გდინისა და სვინოუსეცის პორტები), გერმანიიდან (ვარნემიუნდეს, კილისა და ეკერნფერდის ბაზები), დანიიდან (ფრედერიკსჰავნისა და კორსერის ბაზები), ასევე ნატოს ახალი წევრების - ფინეთისა და შვედეთის აეროდრომებიდან.

ვისთვის არის ხელსაყრელი

რუსეთის ხელისუფლება „ამერიკულ კვალზე“ მიუთითებს. უპირველეს ყოვლისა, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, ვაშინგტონს ეკონომიკური მოტივები ამოძრავებს.
ამაზე მეტყველებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადება, რომელშიც მან ევროპის ქვეყნების უარს რუსულ გაზზე უწოდა „უზარმაზარი სტრატეგიული შესაძლებლობა“ აშშ-ისთვის.
„ჯერ კიდევ 1970-იან წლებში ოკეანის მიღმა შეიმუშავეს სტრატეგია: არ დაეშვათ გერმანიასთან სსრკ-ის ეკონომიკური დაახლოება, - აღნიშნავს პოლიტოლოგი, ამერიკათმცოდნე სერგეი სუდაკოვი. - როგორც ჩანს, დღესაც ამ შეხედულების ერთგულნი არიან. გერმანული ტექნოლოგიებისა და რუსული რესურსების სიმბიოზი - ვაშინგტონის კოშმარია. უეცრად გამოირკვა, რომ გერმანია იაფი ენერგორესურსების გარეშე ვეღარ ართმევს თავს ევროკავშირის მთავარი ლოკომოტივის როლს. ბერლინის დასუსტებით ვაშინგტონი თავიდან იშორებს ეკონომიკურ კონკურენტს“.
სუდაკოვის თქმით, საუბარია მცდელობაზე, ევროკავშირის ქვეყნები აშშ-ის თხევადი აირის მოხმარებაზე გადაიყვანონ. ის რუსულ გაზზე ბევრად ძვირია, მაგრამ ევროპელებს უბრალოდ არ რჩებათ სხვა არჩევანი.
„ასეთი დივერსიის ტექნიკური საშუალებები აქვთ ამერიკელებსა და მათ უახლოეს მოკავშირეებს, ბრიტანელებს, - ფიქრობს ექსპერტი. - აშშ-ის მეექვსე ფლოტი მთელი ზაფხული ბალტიის ზღვაში დაცურავდა. კერძოდ, ფსკერზე ობიექტების განაღმვის წვრთნებს ატარებდა. მაგრამ განაღმვამდე ჯერ უნდა დაინაღმოს. ეს კი პრობლემას არ წარმოადგენს“.
ნატოს შეიარაღებაში აქვს ავტომატური წყალქვეშა რობოტები, რომლებსაც ასაფეთქებლების დამონტაჟება შეუძლიათ. ამასთან, სიღრმე, რომელზეც მილები მდებარეობს, ამის შესაძლებლობას იძლევა.

მდიდარი გამოცდილება

პრეცედენტები ადრეც მომხდარა. 1982 წლის ზაფხულში ურენგოი-სურგუტი-ჩელიაბინსკის გაზსადენზე აფეთქება მოხდა. სერიოზულად დაზიანდა ინფრასტრუქტურა, რომელსაც საბჭოთა კავშირისთვის წელიწადში რვა მილიარდი დოლარი უნდა მოეტანა. აშშ-ის სამხედრო-კოსმოსური დაზვერვის ნაციონალური სამმართველოს ყოფილი დირექტორის ტომას რიდის მტკიცებით, დივერსია ცენტრალური დაზვერვის სამმართველომ მოაწყო. სპეცსამსახურმა დააზიანა კომპიუტერები, რომლებიც მილსადენის მუშაობაზე იყვნენ პასუხისმგებელი.
ერთი წლის შემდეგ აშშ-მა სცადა ნიკარაგუას ეკონომიკის დანგრევა და იქ მებრძოლი მცურავების ჯგუფი გაგზავნა. მათ ჯერ გაანადგურეს კორინტოს პორტში ნავთობის საცავი, რომელიც მთელ ქვეყანას ამარაგებდა. შემდეგ - უმნიშვნელოვანესი მილსადენი პუერტო-სანდინოში. მოგვიანებით კი სპეცსამსახურების აგენტებმა დანაღმეს ტერიტორიული წყლები, რათა არ გაეტარებინათ ტანკერები. 1984 წელს, როდესაც ამ ისტორიამ პრესაში გაჟონა, მანაგუამ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მიმართა. არბიტრაჟმა ვაშინგტონის ბრალი აღიარა და მას ზარალის ანაზღაურება დააკისრა. თუმცა აშშ-მა დაბლოკა შესაბამისი რეზოლუცია. ამ დივერსიისთვის პასუხი არავის უგია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0