COVID-19 საქართველოში: კლინიკები მედპერსონალს კუთვნილ სახელფასო დანამატს გადაუხდიან

© AP Photo / Valentina Petrovaკლინიკა
კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2022
გამოწერა
ცოტა ხნის წინ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კოვიდ-კლინიკების ექიმებისა და მედდებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი პრემიების მითვისების ფაქტები გამოავლინა.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. კორონავირუსთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ კლინიკებს დაეკისრებათ – სახელფასო დანამატი გადაუხადონ იმ ექიმებსა და ექთნებს, რომლებსაც კოვიდ-პანდემიის პერიოდში კუთვნილი თანხა არ მიუღიათ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებთან.
კოვიდ-პროგრამის ფარგლებში ხელფასზე დანამატი 50%-ს შეადგენდა და იგი მიმდინარე წლის აპრილამდე მოქმედებდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, უწყება ზოგიერთ კლინიკასთან სასამართლო დავას აწარმოებს.

„კოვიდთან დაკავშირებით სამი მიმართულებით ვმუშაობდით. პირველი – ეს არის დანამატი, რომელიც ექთნებს და ექიმებს სახელმწიფომ გადაუხადა და კლინიკების გავლით უნდა აეღოთ. აქ იყო მნიშვნელოვანი პრობლემები და დღეს მინიმუმამდეა შემცირებული. თუ სწორად მახსოვს, დაახლოებით 20 პრობლემური კლინიკაა დარჩენილი“, – განაცხადა აზარაშვილმა.

შრომის ინსპექციის სამსახურმა 2021-2022 წლებში 127 კოვიდ-კლინიკა შეამოწმა, სადაც სხვადასხვა სახის დარღვევები გამოავლინა. აღმოჩნდა, რომ 90 დაწესებულებაში სამედიცინო პერსონალისთვის კუთვნილი დანამატი არ გაუციათ.
უფრო ადრე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ პანდემიის დროს გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა. ამასთან დაკავშირებით დაიწყო კლინიკების შემოწმება.
შრომის ინსპექციის სამსახურმა კოვიდ-კლინიკებში დარღვევები აღმოაჩინა>>>
ჯანდაცვის სამინისტროს აუდიტის სამსახურმა შეისწავლა კლინიკების მუშაობა და გამოავლინა სახელმწიფოს მიერ კოვიდ-კლინიკის ექიმებისა და ექთნებისთვის გამოყოფილი ფულადი პრემიების მითვისების შემთხვევები.
2020 წლის ოქტომბერში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კორონავირუსის მართვაში ჩართულ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხელფასები 50%-ით გაეზრდებოდათ. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ მიიღო.
კლინიკების ბოლო შემოწმებამ კი აჩვენა, რომ რიგ შემთხვევებში ფინანსური სახსრები ადრესატამდე არ მიდიოდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0