საეკლესიო კალენდარი: 3 ოქტომბერი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსვეტივხოველი
სვეტივხოველი - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2022
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 3 ოქტომბერს დიდმოწამე ევსტათი-პლაკიდას, მისი ცოლის თეოპისტიას და მათი შვილების აღაპის და თეოპისტეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
დიდმოწამე ევსტათი-პლაკიდა, ცოლი მისი თეოპისტია და ძენი მათნი: აღაპი და თეოპისტე
წმიდა დიდმოწამე ევსტათის ნათლისღებამდე პლაკიდა ერქვა. ის მხედართმთავრად მსახურობდა რომაელთა ლაშქარში იმპერატორების: ტიტუსისა (79-81) და ტრაიანეს (98-117) დროს.
ევსტათი ისეთი მეომარი იყო, რომ მტრებს მისი სახელის გაგონებაც კი შიშის ზარს სცემდა. მოცალეობის ჟამს მას ნადირობა უყვარდა. ერთ-ერთი ასეთი ნადირობის დროს მან დიდხანს სდია ირემს, რომელმაც ბოლოს მაღალ კლდეზე აირბინა და აქ გაჩერდა. უეცრად ირმის რქებს შორის ცხოველმყოფელი ჯვრის ნიში გაბრწყინდა ჯვარცმული მაცხოვრის გამოსახულებით. „პლაკიდა, რაჲსა მდევნი მე?“ - ჰკითხა მაცხოვარმა. შეშინებულმა სტრატილატმაც კითხვითვე მიმართა: - „ვინ ხარ შენ, უფალო?“ „მე ვარ იესო ქრისტე, და ყოველივე მოუთხრო: თავისი განკაცება, ჯვარცმა, სიკვდილი, დაფლვა, მესამე დღეს აღდგომა და ზეცად ამაღლება. კეთილი თესლი კეთილ ნიადაგზე მოხვდა - უფლის რჩეულმა წრფელი გულით ირწმუნა და მაცხოვარს შეევედრა, ეუწყებინა როგორ მოქცეულიყო შემდგომ. ნეტარს კვლავ ჩაესმა ხმა და ქალაქში წასვლა, მღვდელთან მისვლა და მეუღლესა და შვილებთან ერთად ნათლისღებით განწმედა უბრძანა.
გახარებული პლაკიდა შინ დაბრუნდა და ყოველივე მოუთხრო ცოლს. მეუღლეები ისე მოიქცნენ, როგორც ნაბრძანები ჰქონდათ: მიმართეს ქრისტიან ხუცესს, რომელმაც მთელ მათ სახლეულს ნათელსცა და ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს აზიარა.
მომდევნო დღეს ევსტათიმ თავისი სასწაულებრივი მოქცევის ადგილს მიაშურა და მხურვალე ლოცვით მადლობა შესწირა ცხონების გზაზე მის დამყენებელ უფალს.
მაღრაანი, სასაფლაოს ეკლესია - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2022
საეკლესიო კალენდარი: 2 ოქტომბერი
მალე ნეტარს უბედურებათა წყება დაატყდა თავს: მონა-მხევლები დაეხოცა, საქონელი გაუწყდა... გაღატაკებულმა, მაგრამ სულით მდიდარმა ევსტათიმ ოჯახთან ერთად ფარულად დატოვა მშობლიური სახლი, რომ უცხოობაში სიმდაბლითა და სიგლახაკით ეცხოვრა. ისინი ხომალდზე ავიდნენ და ეგვიპტისკენ გაეშურნენ. გზაში გემის პატრონი მოიხიბლა ევსტათის მეუღლის - თეოპისტიას მშვენიერებით, ვნებააშლილმა, ჩამოსხა ნაპირზე მამა და შვილები, ქალი კი თავისთან დატოვა. საშინლად დამწუხრებულმა სტრატილატ-ყოფილმა გზა განაგრძო და ბობოქარ მდინარეს მიადგა, რომლის გადალახვაც ორივე ყრმით შეუძლებელი იყო. მან ჯერ ერთი ძე შეისვა მხარზე და ფონს გაიყვანა, შემდეგ მეორესთან გამობრუნდა, მაგრამ იხილა, რომ ყრმა ლომს დაეტაცებინა და უდაბნოსკენ მიარბენინებდა. ვერც მეორე ნაპირზე დატოვებული შვილი შეინარჩუნა წმიდანმა: მგელმა ისიც ტყეში გაიტაცა.
ევსტათი, რომელმაც ყველაფერი დაკარგა, მწარედ ატირდა, მაგრამ მტკიცედ სწამდა, რომ ეს ყველაფერი ღვთის განგებულებით ხდებოდა. სოფელ ვლადისოსში ღვთის რჩეული მუშად დადგა და თხუთმეტი წელი გაატარა დაუცხრომელ ღვაწლში. მან არ უწყოდა, რომ ღვთის გამოუთქმელი მოწყალებით მისი ერთი ძე - მწყემსებმა, მეორე კი - მიწის მუშაკებმა გადაარჩინეს და ახლა მის გვერდით ცხოვრობდნენ; არ იცოდა ისიც, რომ უსჯულო მენავე მალე დასაჯა ღმერთმა - მძიმე სნეულებით ამოხდა სული, მისი მეუღლე კი, შეურცხვენელი, პატიოსანი შრომით ირჩენდა თავს.
ამ ხანებში იმპერატორ ტრაიანეს რომისთვის მეტად მძიმე ბრძოლის დაწყება მოუხდა. მას მოაგონდა სახელოვანი მხედართუფროსი პლაკიდა და წმიდანის მოსაძებნად მისი მეგობრები, ანტიოქოსი და აკაკი გაგზავნა.
დიდი ხნის უშედეგო ძებნის შემდეგ მხედრები იმ სოფელშიც ჩავიდნენ, სადაც წმიდა ევსტათი ცხოვრობდა. ისინი ყოფილ სტრატილატს მინდორში შეხვდნენ, ვერ იცნეს, უთხრეს, ვისაც ეძებდნენ და დიდი თანხის საზღაურად დახმარება სთხოვეს. წმიდანმა იცნო მეგობრები, მაგრამ ვინაობა არ გაამხილა; თავისი ბატონის სახლში მიიწვია ისინი და დააპურა. როცა მგზავრები კარგად დააკვირდნენ მასპინძელს, შენიშნეს, რომ იგი ძლიერ ჰგავდა პლაკიდას, შემდეგ ყელზე მისი განსაკუთრებული ნიშანი - საბრძოლო ჭრილობაც შენიშნეს და მიხვდნენ, რომ წინ თავიანთი მეგობარი ედგათ. სიხარულის ცრემლებმოძალებული მეომრები გადაეხვივნენ ნეტარს და მოუთხრეს, რისთვისაც ეძებდნენ. ევსტათი რომში დაბრუნდა და კვლავ იმპერატორის მხედართმთავარი გახდა. მის ლაშქარს მრავალი ახალწვეული შეემატა და წმიდანმა არ იცოდა, რომ ის ორი ახალგაზრდა მხედარი, რომელთაც ხშირად აძლევდა დავალებებს და რომლებიც ძლიერ უყვარდა სიმარჯვისა და ახოვნების გამო, მისი ძეები იყვნენ. არც მათ იცოდნენ, რომ მამის წინამძღვრობით მსახურობდნენ და ერთმანეთს ძმებად ეკუთვნოდნენ.
ერთხელ, ლაშქრობის დროს, ევსტათის მხედრობამ ერთ-ერთ სოფელში დაიბანაკა. ძმები კარავში ისხდნენ და საუბრობდნენ. უფროსი თავის ხვედრზე ყვებოდა: როგორ დაკარგა დედ-მამა და საბრალო ძმა. გახარებული ნაბოლარა მიხვდა, რომ მის წინაშე მისი ძმა იყო და მას თავისი ცხოვრებაც მოუთხრო.
მხედრების საუბარი ესმოდა ქალს, რომლის სახლის მახლობლადაც იყო კარავი გაშლილი - მათ დედას. იგი მიხვდა, რომ უფალმა შვილები მოუყვანა კარს. ნეტარს მათთვის არაფერი გაუმხელია, მაგრამ ძლიერ სურდა, ძეებს არ გაყროდა, ამიტომ სტრატილატთან მისვლა გადაწყვიტა, რათა თან გაჰყოლოდა ლაშქარს. მან იცნო თავისი მეუღლე და მოუთხრო საკუთარი თავისა და იმ ორი მეომრის შესახებ, რომლებიც მისი ვაჟები აღმოჩნდნენ. ღვთის მოწყალებით ასე შეიყარა მთელი ოჯახი.
ამასობაში ომი გამარჯვებით დამთავრდა. ევსტათი პატივითა და დიდებით დაბრუნდა რომში. გარდაცვლილი იმპერატორის, ტრაიანეს ნაცვლად ტახტზე ასულმა ადრიანემ (117-138) გადაწყვიტა, მომხდარი ღირსშესანიშნავი მოვლენა საზეიმო მსხვერპლშეწირვით აღენიშნა. ყველას გასაოცრად, ევსტათი საკერპოში არ აღმოჩნდა. იმპერატორის ბრძანებით იგი სასწრაფოდ მონახეს. როცა იმპერატორმა მას არ ყოფნის მიზეზი ჰკითხა, ევსტათიმ მიუგო რომ ქრისტიანი იყო. განრისხებულმა ადრიანემ ხარისხი აჰყარა ქველ მხედართმთავარს და მთელს ოჯახთან ერთად წამებით დახოცა. მორწმუნეებმა მარტვილთა ცხედრები პატივით დაკრძალეს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
ყველა ახალი ამბავი
0