სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლებსა და კატებს ცოფზე უფასოდ აცრის

© photo: Sputnik / Stringerცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე
ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2022
გამოწერა
შინაური და მიკედლებული ცხოველების აცრის ღონისძიებები 28 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე ჩათვლით პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაციას ატარებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ორგანიზებით 28 სექტემბერს თბილისში, მრგვალ ბაღში მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო ცხოველის აცრა ცოფის საწინააღმდეგოდ, აგრეთვე დაავადების პრევენციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება.
1 ოქტომბერს უფასო ვაქცინაცია ჩატარდება თბილისის კიდევ ორ უბანში – ვარკეთილსა და დიდ დიღომში.

უწყების ცნობით, ძაღლებისა და კატების აცრის ღონისძიებები 28 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე ჩათვლით პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ცოფის საწინააღმდეგოდ წელს უკვე ვაქცინირებულია 250 ათასამდე ძაღლი და კატა. ასევე პროფილაქტიკური ვაქცინაცია უტარდებათ ცხოველებს დაავადების დაფიქსირების კერებშიც.
გაზრდილი ვაქცინაციისა და ცნობიერების ამაღლების შედეგად ცხოველებში ცოფის გამოვლენის შემთხვევები ყოველწლიურად მცირდება. წელს ცხოველებში მხოლოდ 19 შემთხვევა აღინიშნა და არცერთი შემთხვევა ადამიანზე გადადების.
ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე 2007 წლიდან ყოველწლიურად 28 სექტემბერს აღინიშნება და მას კოორდინაციას ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსი (GARC) უწევს. ცოფის დღის აღნიშვნის მიზანია ცნობიერების ამაღლება და ადამიანებში დაავადების სრულად აღმოფხვრა, რაც ერთიანი ძალებითა და კოორდინირებული მიდგომით არის შესაძლებელი. ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღის 2022 წლის გზავნილია – „ცოფისგან დაცული ცხოველი და ადამიანი – ნული საფრთხე სიცოცხლისთვის".
2015 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის (GARC) ერთობლივი ინიციატივით შემუშავდა სტრატეგია, რომლის მიზანიცაა „ნული ცოფი 2030 წლისთვის", რაც ცხოველისგან ადამიანის ცოფით დაინფიცირების შემთხვევების სრულად აღმოფხვრას გულისხმობს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0