ტურისტულ სექტორში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი გამოვლინდა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი - შარდენი
თბილისი - შარდენი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2022
გამოწერა
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში დაჯარიმდა კომპანია, რომელიც თავისი კონკურენტის იდენტური სასაქონლო ნიშნების დამზადება-გამოყენებით ტურისტებს თბილისის მასშტაბით საქალაქო ტურების მომსახურებას აწვდიდა, ნათქვამია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, ტურისტულ სექტორში მოღვაწე ორ კომპანიას შორის არსებული დავის შესწავლისას არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დადასტურდა.

„დამუშავებული მასალების შედეგად დადასტურდა იდენტური სასაქონლო ნიშნებისა და სატრანსპორტო საშუალებების იერსახის უკანონო გამოყენების ფაქტი. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე კომპანიას ფინანსური სანქცია დაეკისრა და კანონდარღვევის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა დაევალა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაასრულა სადაზღვევო/ჰოსპიტალურ სექტორში დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე მოკვლევა. დარღვევა არ დადასტურდა, თუმცა ამბულატორიულ დაწესებულებებზე ორი რეკომენდაცია გაიცა.
ამ დროისათვის კონკურენციის ეროვნული სააგენტო სწავლობს სამ საქმეს – საავტომობილო საწვავის ბაზარზე შეთანხმებული ქმედების სავარაუდო ფაქტს; სათარჯიმნო სექტორში – დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და შეთანხმებული ქმედების სავარაუდო შემთხვევას და ავტომომსახურების სექტორში – ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო ფაქტს.
ამას გარდა ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოებთან ერთად სამი საქმის შესწავლის პროცესი მიმდინარეობს შეთანხმებული ქმედების და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლო შემთხვევებზე.
გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წელს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა და მოკვლევის პროცესი დაიწყო. ამ დროისათვის მიმდინარეობს ბუნებრივი/თხევადი აირის საავტომობილო საწვავის ბაზრის და შუშის ნარჩენების ბაზრის მონიტორინგი. ამავე პერიოდში გაიცა ოთხი კომპანიის შერწყმაზე თანხმობა. ერთ საქმესთან დაკავშირებით კი საქმის წარმოება მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0