სახალხო დამცველის კანდიდატურას ცხრაკაციანი კომისია შეარჩევს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2022
გამოწერა
საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველის თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევა 15 სექტემბერს დაიწყო. ომბუდსმენობის მსურველთა განაცხადების მიღება 29 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. სახალხო დამცველის შერჩევის მიზნით ცხრაკაციანი საკონკურსო კომისიის შემადგენლობა უკვე ცნობილია, იუწყება „პირველი არხი".
კომისიაში წარმოდგენილი იქნებიან: დავით ასათიანი (საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე); თამარ ზარანდია (თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი); ნათია კუპრაშვილი (რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარე); ლარისა ლიპარტელიანი (პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე); ელენე რუსეტსკაია („ქალთა საინფორმაციო ცენტრის" დირექტორი); არნოლდ სტეპანიანი („მრავალეროვანი საქართველოს" თავმჯდომარე); ნინო ჩხობაძე (საქართველოს „მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარე); ეკა ციმაკურიძე („დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს" თავმჯდომარე); ლევან ცუცქირიძე („აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის" დირექტორი).
აღნიშნული კომისია იმსჯელებს იმ კანდიდატებთან დაკავშირებით, რომლებიც 29 სექტემბრამდე მიმართავენ პარლამენტს სახალხო დამცველის თანამდებობაზე არჩევის მიზნით.
სახალხო დამცველის არჩევას 90 ხმა სჭირდება. ახლახან განხორციელებული ცვლილებების თანახმად, დეპუტატები სახალხო დამცველს ღია, ანუ სახელობითი კენჭისყრით აირჩევენ. აქამდე კენჭისყრა ფარულად მიმდინარეობდა.
კანდიდატების შერჩევა
შერჩევის პროცედურის თანახმად, განაცხადების წარდგენა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა თანამდებობასთან შესაბამისობასაც შეამოწმებს ზემოაღნიშნული სპეციალურად შექმნილი ცხრაკაციანი კომისია.
კომისია კანდიდატებს შეაფასებს შესაბამისობის შემდეგი კრიტერიუმებით: კეთილსინდისიერება და კარგი რეპუტაცია, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა, პროფესიული განათლება და პრაქტიკული გამოცდილება ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.
ყოველი კანდიდატი მიიღებს ქულებს 0-დან 10-მდე. შეფასება იწარმოებს წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, გასაუბრების გარეშე. შეფასების პროცესი 13 ოქტომბრისთვის დასრულდება.
ცვლილებები დამტკიცებულია: საქართველოს სახალხო დამცველს ღია კენჭისყრის წესით აირჩევენ>>
ამის შემდეგ პარლამენტის უფლებამოსილი სუბიექტები (ფრაქციები, პოლიტიკური ჯგუფები და დამოუკიდებელი დეპუტატები) 21 ოქტომბრამდე პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენენ არანაკლებ შვიდი პრეტენდენტის კანდიდატურას, რომლებსაც უკვე გავლილი ექნებათ კომისიის შეფასება. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნება" კანდიდატის წარდგენის პროცესში არ ჩაერთვება. ეს პროცესი მათი მხრიდან დათმობილია ოპოზიციისთვის.
კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ, რის შემდეგაც კენჭისყრა დაიწყება. იმისათვის, რომ სახალხო დამცველად დაინიშნოს, კანდიდატმა უნდა მიიღოს არანაკლებ 90 დეპუტატის მხარდაჭერა.
სახალხო დამცველს ექვსი წლის ვადით ირჩევენ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0