გმირობა ქართველთ ხვედრია: ორი ამბავი დაცემული სოხუმიდან

© photo: Sputnik / Rukhyanგმირთა მემორიალთან
გმირთა მემორიალთან - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2022
გამოწერა
საუკუნეების განმავლობაში აუარებელი მტერი გვყავდა ქართველებს. და თუ გადავრჩით — ეს ქართველი კაცის ვაჟკაცურმა ბუნებამ, ქვეყნისთვის თვითშეწირვის უნარმა და გმირულმა სულმა გადაგვარჩინა.
ჩვენი მამები, პაპები თუ პაპისპაპები თავიანთი ცხოვრების წესით ღირსეულ მაგალითს აძლევდნენ ახალგაზრდებს: ქართველი უნდა ყოფილიყო ღვთისმოშიში, მაგრამ მტერთან უშიშარი, გონიერი, მაგრამ ომში გახელებული, ბრძოლაში უკან არ უნდა დაეხია, მტერს უომრად არ უნდა დანებებულიყო.
მომავალი თაობაც გულის სისხლსა და სულში იწოვდა წინაპართა სწავლებასა და მაგალითს — იბრძოდნენ გმირულად და ლამაზად კვდებოდნენ სამშობლოსათვის...
ქვემოთ ორ ნამდვილ ამბავს გიამბობთ ჩვენი უახლოესი წარსულიდან, რომლებიც სოხუმში მოხდა ქალაქის დაცემის დღეს.
***
იმ დღეს ყაბარდოელმა ბოევიკებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს. ალი მთელ კორპუსს მოედო, მინები ლაწალუწით სკდებოდა. მოულოდნელად კვამლისა და ცეცხლის კორიანტელიდან ერთი მოხდენლი ქართველი მებრძოლი გამოვიდა დაბლა დაშვებული ავტომატით. ეტყობოდა, რომ სროლას არ აპირებდა, მაგრამ ხელსაც არ უშვებდა. მეომარი კიბეებზე მშვიდი და აუჩქარებელი ნაბიჯებით ჩამოდიოდა.
ყაბარდოელებმა იარაღის დაგდება უბრძანეს. ქართველს თითქოს არც გაუგონია, კვლავ მშვიდად მიაბიჯებდა მათკენ. ბრძანება გაუმეორეს, ისევ ამაოდ — ქართველმა ავტომატი მხარზე გაიდო და სვლა განაგრძო.
აღფრთოვანებულან ყაბარდოელები, ერთმანეთისთვის უნიშნებიათ, არ ესროლოთო. მაგრამ ერთ აფსუას მაინც მიუშვია ავტომატის ჯერი და ქართველი ჯარისკაცი ჩაუცხრილავს...
და როცა კონფედერატებმა მისი ავტომატი აიღეს, აღმოჩნდა, რომ მასში ერთი ტყვიაც კი არ იდო!
გმირმა ქართველმა დამამცირებელ ტყვეობას იარაღით ხელში სიკვდილი ამჯობინა – ლამაზად და გმირულად.
***
სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე ქალაქში ქუთაისის ბატალიონის ახალი ჯგუფი ჩავიდა. ქუთათურები სოხუმს კარგად არ იცნობდნენ და გზა შეეშალათ — მოწინააღმდეგის დაგებულ ხაფანგში აღმოჩნდნენ.
ალყაშემორტყმულები მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ მომხვდურთ. ალყის გარღვევაც სცადეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. მტერი რიცხობრივად ხუთჯერ მაინც აღემატებოდა მათ. თანაც ტყვია-წამალიც მალე გაუთავდათ...
„კონფედერატებმა“ უმოწყალოდ ჩაცხრილეს დაჭრილ-დასახიჩრებული ქართველი მებრძოლები, რომლებიც ტყვიის სეტყვას „მრავალჟამიერით“ შეხვდნენ...
სიკვდილის წინ მღეროდა ქემერტელი მერაბ მინდიაშვილიც, რომელიც თავზარს სცემდა სამაჩაბლოში სეპარატისტებს. ლეგენდები დადიოდა მის ვაჟკაცობასა და შეუპოვრობაზე. მტერი მის მშობლიურ სოფელ ქემერტს კი არა, იმ სოფლებსაც არიდებდა თავს, რომლებსაც მერაბი სტუმრობდა. მისი მოკვლისათვის დიდძალი ფულადი ჯილდო იყო დაწესებული.
სამწუხაროდ, ციხე შიგნიდან გატყდა — სეპარატისტებმა შეიტყვეს, რომ მინდიაშვილი მარტო მიდიოდა წვერიახოს მიმართულებით. ჩაუსაფრდნენ და დაატყვევეს. დაჭრილი მეომარი შორს აღარ წაუყვანიათ, იქვე ხეზე მიაბეს და ცეცხლი წაუკიდეს. მაინც ვერ მოდრიკეს — სულის ამოსვლამდე მღეროდა „შავლეგოს“...
ყველა ახალი ამბავი
0