რა დარღვევები აღმოაჩინა თამბაქოს კონტროლის ალიანსმა

© photo: Sputnik / Alexander Kondratyuk / გადასვლა მედიაბანკშიმოწევის ამკრძალავი ნიშანი
მოწევის ამკრძალავი ნიშანი - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2022
გამოწერა
გამოქვეყნდა თამბაქოს მოხმარების რეგულაციების აღსრულების მონიტორინგის შედეგები.
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. თამბაქოს კონტროლის ალიანსმა თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული რეგულაციების აღსრულების მონიტორინგი ჩაატარა საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
მონიტორინგი არასამთავრობო ორგანიზაციამ, თბილისის გარდა, რეგიონებშიც ჩაატარა.

„ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში აგვისტოს თვეში მონიტორინგის შედეგად სამიზნე ქალაქებში შემოწმდა 281 სატრანსპორტო საშუალება, აქედან 89 სატრანსპორტო საშუალება თბილისში, ხოლო 192 – რეგიონებში“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თამბაქოს კონტროლის ალიანსმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მონიტორინგი მოქალაქეების საჩივრების საფუძველზე ჩაატარა.
„როგორც მგზავრები აღნიშნავენ, პირველ და მეორე გაჩერებებზე ავტობუსებში თამბაქოს სუნია, რადგან მძღოლები შესვენებაზე ტრანსპორტში ეწევიან“, – განაცხადეს ორგანიზაციაში.
მონიტორები საგანგებოდ დააკვირდებიან იმ უბნებში ბოლო გაჩერებებს, საიდანაც უკმაყოფილო მგზავრების უმრავლესობა ჩივის. ალიანსი მოუწოდებს თბილისის ავტოსატრანსპორტო კომპანიას, მწეველი მძღოლებისთვის ნახევრად ღია ჯიხურები მოაწყოს.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მძღოლების მხრიდან მოწევის წესების დარღვევები ქუთაისშიც დაფიქსირდა.
ორგანიზაციის ცნობით, ასევე შემოწმდა თამბაქოს კანონმდებლობის აღსრულება სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში, სადაც კანონით აკრძალულია მოწევა. მონიტორინგი ჩატარდა 687 დაწესებულებაში, აქედან 206 დაწესებულების თბილისში, ხოლო 481 დაწესებულების – რეგიონებში.
„არა ელექტრონულ სიგარეტს“: NCDC კვლევის შედეგებს აქვეყნებს>>
„მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ დაწესებულებების მცირე ნაწილი კვლავაც სავალდებულოდ არ მიიჩნევს შესასვლელ კარზე და შიდა სივრცეში მოწევის აკრძალვის აღმნიშვნელ სტიკერებს. დაწესებულებების 45,9%-ში შენობის შიგნით გაკრულია მოწევის აკრძალვის აღმნიშვნელი ნიშნები. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ამ ტიპის დამრღვევთა შორის არიან სამედიცინო დაწესებულებები“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
„თამბაქოს მოხმარების კონტროლის შესახებ“ კანონი ძალაში 2018 წლის მაისში შევიდა.
მოწევა აიკრძალა ყველა დახურულ სივრცეში, გარდა კერძო საცხოვრებლისა და პენიტენციური დაწესებულებებისა. ასევე გამონაკლისია კაზინოები და ზოგიერთი სათამაშო აპარატების სალონები, სპეციალურად აღჭურვილი ადგილები უმაღლესი სასწავლებლებისა და სამედიცინო დაწესებულებების ტერიტორიებზე. მოწევა ასევე მსახიობების მხრიდან დასაშვებია სპექტაკლის დროს, თუ ამას რეჟისორის ჩანაფიქრი მოითხოვს.
წყარო: ტელეკომპანია იმედი
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0